ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემერი: პუტინი ბულია და საქართველოს უნდა ახსოვდეს ვინაა აგრესორი და ვინ მსხვერპლი


ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ჟურნალისტის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირდაპირ ეთერში გინებას როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების სწრაფი რეაქცია მოჰყვა.

დევიდ კრამერი
დევიდ კრამერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გიორგი გაბუნიას მონოლოგს „სრულიად ამაზრზენი და ამორალური საქციელი და ამავე დროს გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია“ უწოდა, რომლის მიზანიც, მისი თქმით, არის „მოახდინონ საქართველოში დესტაბილიზაცია, მოახდინონ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანება. მინდა გითხრათ, რომ ეს არავის არ გამოუვა, მსგავსი სცენარები არ განვითარდება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ.“

ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ როცა ერთმანეთის წინააღმდეგ ასეთ რამეებზე იბრძვიან, ამით კრემლს ეხმარებიან. პუტინის რეჟიმი დაინტერესებულია იმით, რომ საქართველოს შიგნით საზოგადოება დაიყოს და ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ქართველებმა უნდა შეძლონ ის, რომ ამ მახეში არ გაებან.
დევიდ კრემერი

გაბუნიას მონოლოგს მკაცრი კრიტიკით გამოეხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა პოლიტიკური ლიდერები. მათი გამოხმაურების ძირითადი გზავნილი შეშფოთება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ გაბუნიას საქციელმა საქართველოს სტაბილურობა და უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენა და რუსეთთან, ისედაც დაძაბული ურთიერთობა, კიდევ უფრო გაართულა.

„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთი ყოფილი თანაშემწე დევიდ კრემერი ამბობს, რომ „გაბუნიას კომენტარები არაპროფესიონალური და უპასუხისმგებლო იყო.“ კრემერი ამბობს, რომ რუსთავი 2-ის მიერ გაბუნიას პროფესიული პასუხისმგებლობის დროებითი შეჩერება „მართებული იყო,“ თუმცა დასძენს, რომ „ამ ინციდენტმა რუსთავი 2-ის კრიტიკოსებს კრიტიკის საბაბი მისცა.“

კრემერს მიაჩნია, რომ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დებატები „ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ჯანსაღია, თუმცა ქართველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ როცა ერთმანეთის წინააღმდეგ ასეთ რამეებზე იბრძვიან, ამით კრემლს ეხმარებიან. პუტინის რეჟიმი დაინტერესებულია იმით, რომ საქართველოს შიგნით საზოგადოება დაიყოს და ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ქართველებმა უნდა შეძლონ ის, რომ ამ მახეში არ გაებან.“

საქართველოს მთავრობის არაერთმა მაღალჩინოსანმა რუსთავი 2 ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ გაბუნიას მონოლოგი „წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას, რაც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციასა და სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის ახალი ტალღის წარმოშობას.“

ჟურნალისტის მიერ პუტინის გინებაზე მთავრობის რეაქციაზე კრემერი ამბობს, რომ „მთავრობასაც აქვს უფლება საკუთარი მოსაზრება გააჟღეროს იმაზე, რაც ჟურნალისტმა თქვა. თუმცა, რუსთავი 2-ის გადასაწყვეტია ის, თუ რა რეაგირებას გააკეთებს ის [ჟურნალისტის საქციელზე], რადგან რუსთავი 2 კერძო კომპანიაა და არა მთავრობის მფლობელობაში მყოფი ან მის მიერ კონტროლირებული მედია. მთავრობამ ეს [ინციდენტი] არ უნდა გამოიყენოს მედიის წინააღმდეგ ზომების გამკაცრების საბაბად.“

მთავრობასაც აქვს უფლება საკუთარი მოსაზრება გააჟღეროს იმაზე, რაც ჟურნალისტმა თქვა. თუმცა, რუსთავი 2-ის გადასაწყვეტია ის, თუ რა რეაგირებას გააკეთებს ის [ჟურნალისტის საქციელზე], რადგან რუსთავი 2 კერძო კომპანიაა და არა მთავრობის მფლობელობაში მყოფი ან მის მიერ კონტროლირებული მედია. მთავრობამ ეს არ უნდა გამოიყენოს მედიის წინააღმდეგ ზომების გამკაცრების საბაბად.
დევიდ კრემერი

გაბუნიას მონოლოგს რუსეთის ლიდერების მხრიდანაც მოჰყვა რეაგირება. რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ამოქმედება მოითხოვა. დუმის დეპუტატ ვიაჩესლავ ვოლოდინმა კი გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადაცია მოთხოვა. მისი თმით, ჟურნალისტმა „შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს მეთაურს“ და ამის გამო „ჩვენმა სასამართლომ გასაზღვროს პასუხისმგებლობის ზომა. შემდეგ უკვე უნდა გადაწყდეს, თუ სად მოიხდის სასჯელს - რუსეთის თუ საქართველოს ტერიტორიაზე.“

ცხადია, რუსული მედია მომხდარს პროპაგანდისთვის იყენებს და საქართველოში „რუსოფობიურ ისტერიაზე“ საუბრობს. პროპაგანდისტებს პრეზიდენტი პუტინი პირადად ეხმარება. მას შემდეგ, რაც მას დუმამ საქართველოს წინააღდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაცია გაუგზავნა, პუტინმა თქვა, რომ სანქციების წინააღმდეგია და ამას „სწორედ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო“ არ გააკეთებდა.

კრემერს მიაჩნია, რომ „კრემლი და მისი პროპაგანდისტები არ არიან იმ პოზიციაში, რომ საქართველოში მომხდარის გამო ვინმე აკრიტიკონ. რუსეთის ჯარი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას მას შემდეგ, რაც 2008 წელს საქართველოში შეიჭრა. გავრილოვი პროვოკაციის ნაწილია და იმსახურებს მკაცრ კრიტიკას იმისთვის, რაც საქართველოს პარლამენში გააკეთა. ამაზე პასუხად, კი პუტინმა ვაჭრობა და ფენები შეწყვიტა. პუტინი აგრესიული და საშიში ბულია და საქართველო მუდამ ფხიზლად უნდა იყოს. მომავალ თვეში საქართველოში რუსეთის შეჭრიდან მე-11 წლისთავი იქნება. უნდა გვახსოვდეს ვინ არის აგრესორი და ვინ მსხვერპლი,“ თქვა კრემერმა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG