ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსალოდნელი გავრილოვი 2


„მოვა დრო და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც საჭიროა. ვერავინ გვერდს ვერ აუვლის საქართველოს კანონმდებლობას“,- განაცხადა პრემიერმა გახარიამ სალომე ზურაბიშვილის ევროსაბჭოში გამოსვლის შესახებ. ფრაზა, ერთი შეხედვით, ყოველგვარი ინტერპრეტირების შესაძლებლობას გამორიცხავს, მაგრამ არა მათთვის, ვინც კონტექსტი და ხელისუფლების ნაბიჯების პრაქტიკული მხარის შესახებ იცის.

რას უნდა ველოდოთ 14-15 მაისს თბილისში? სწორედ ამ დროსაა ჩანიშნული ღონისძიება, რომელზე მოსახვედრადაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რუსულ დელეგაციას საქართველოს კანონის დარღვევაზე დათქმა ევროსაბჭოს ტრიბუნიდან გაუკეთა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრა თბილისში, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 14-15 მაისსა დაგეგმილი. მასზე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების შესახებაა გაწერილი. რუსეთის ფედერაციას კი, რომელსაც ევროპის საბჭოში ხმის უფლება ყირიმის ანექსიის გამო ჰქონდა შეწყვეტილი, სრულუფლებიანი წევრის სტატუსი გასული წლის მაისიდან აღდგენილი აქვს, ამდენად რუსეთის დელეგაციას, თბილისში, მაისში, ლავროვის ხელმძღვანელობით უნდა ველოდოთ.

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ფრაგმენტი ევროსაბჭოში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:17 0:00

სწორედ ეს საკითხი დააზუსტეს რუსმა დეპუტატებმა 28 იანვარს, ევროსაბჭოში პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლისას. ლეონიდ კალაშნიკოვმა, რუსეთის წარმომადგენელმა, ევროსაბჭოს ტრიბუნა საქართველოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენა გავრილოვის შემთხვევის გამო და სცადა დამსწრეთა წინაშე წარმოეჩინა საქართველოს „არასტუმართმოყვარე“ ხასიათი. არის თუ არა საქართველო მზად ევროსაბჭოს მინისტერიალის მასპინძლობისთვის მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნის წარმომადგენელ დელეგატებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული აქვთ?

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს ტრიბუნაზე განაცხადა, რომ დიახ, საქართველო მზადაა გვერდით გადადოს შიდა კანონმდებლობა და უმასპინძლოს რუს დეპუტატებს, ვინც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით იმყოფებოდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

ვიხილავთ თუ არა გავრილოვის ღამის მეორე სერიას, მაისში, იმაზეა დამოკიდებული, ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენელი რას გულისხმობს სიტყვებში „ვერავინ გვერდს ვერ აუვლის საქართველოს კანონმდებლობას“. კანონმდებლობა კი 2008 წლის ომის შემდგომ შეიქმნა და მის პირველივე მუხლში, სადაც კანონის მიზნის შესახებაა მითითება, ნათქვამია: „ამ კანონის მიზანია განსაზღვროს იმ ტერიტორიების სტატუსი, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად, დაადგინოს ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი“. განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი კი გულისხმობს იმას, რომ „უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ (აფხაზეთის მიმართულებით) ზუგდიდის მხრიდან, ცხინვალის რეგიონში კი გორიდან.

ზურაბიშვილის განცხადების შემდგომ, დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი დუმის ვებგვერდზე ვიდეო-კომენტარით გამოჩნდა, ზურაბიშვილის ინიციატივა მოიწონა და შეაქო:: „ჩვენ ვუშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ ზურაბიშვილმა გააზრებულად და პასუხისმგებლობით დააფიქსირა პოზიცია. თუ ეს ასეა, სახეზე გვაქვს ეპოქალური ცვლილება საქართველოს პოლიტიკაში ქართულ-რუსული ურთიერთობების მიმართლებით. ეს არის იმის ნიშანი, რომ საქართველო მოგვევლინა პასუხისმგებლიან, სერიოზულ სახელმწიფოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოზიცია, გაჟღერებულია მისი პრეზიდენტის მიერ, სწორედ ევროპულ პლატფორმაზე, ევროსაბჭოში. ეს იმის ნიშანია, რომ საქართველოში გაჩნდა თავისუფალი, სახელმწიფოებივი ნება, სუვერენიტეტი, ანუ საქართველო იწყებს საკუთარ საგარეო ვალდებულებების გააზრებას.“

სერგეი ლავროვს, ვინც, სავარაუდოდ, წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას ევროსაბჭოს მინისტერიალზე, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი რამდენჯერმე აქვს დარღვეული და მათ შესახებ შეშფოთების ამსახველი განცხადებები საქართველოს საგარეო საქმეთა ვებგვერდზე ხელმისაწვდომია: „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში და იქ რუსეთის ფედერაციის უკანონო დიპლომატიური წარმომადგენლობის ახალი შენობის გახსნა უხეშად არღვევს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპს და საერთაშორისო სამართლის სხვა ფუნდამენტურ ნორმებს. აღნიშნული წარმოადგენს მოსკოვის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ოკუპაციის მეშვეობით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას. მსგავსი უკანონო ქმედებებით რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას,“- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, იმ დროს, როდესაც სერგეი ლავროვი სოხუმში რუსეთის ფედერაციის საელჩოს ახალი შენობის გახსნისთვის ემზადებოდა.

ლავროვის ვიზიტი ცხინვალსა და სოხუმში რამდენჯერმე შედგა. 2017 წლის აპრილში ის სოხუმში იმყოფებოდა, 2011 წლის 25-26 აპრილს კი ცხინვალიც მოინახულა და სოხუმიც. 2010 წელს ლავროვი 8 აგვისტოს ჩავიდა სოხუმში. მისი ვიზიტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შედგა 2009 და 2008 წლებშიც.

საქართველოს ხელისუფლება რთულ მდომარეობაშია, რადგან შექმნილ დელიკატურ ვითარებაში სწორი გამოსავლის მოძებნა საკმაოდ რთულია. ერთის მხრივ დგას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების საკითხი, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ეს სტატუსი მან გასული წლის ნოემბერში 6 თვით მიიღო. მმართველმა გუნდმა ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა უპრეცენდენტოდ პომპეზურად აღნიშნა 14 დეკემბერს და აქტივისტები თბილისში მთელი საქართველოდან მოაბილიზა. თუმცა აღმოჩნდა, რომ თავმჯდომარეობის სტატუსი, რუსული ფაქტორის გათვალისწინებით, დიდი თავისტკივილიც შეიძლება იყოს.

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას მიხეილ ბენიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ამბობს: „როგორც მინიმუმ, ძალიან უცნაურია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საერთაშორისო ტრიბუნაზე საუბრისას აცხადებს, რომ იპოვის გზას, მოიგონებს შესაძლებლობას, როგორ აუაროს გვერდი ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას. ამ დროს, ქვეყნის პრეზიდენტი არის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დაცვის პირველი გარანტი და ამ პირობებში, როგორც მინიმუმ, ეს განცხადება გაუგებარია. მით უმეტეს, როდესაც საუბარია ოკუპანტი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრზე, იმ შემთხვევაში, როდესაც მას დარღვეული აქვს საქართველოს კანონმდებლობა. მეორეს მხრივ, მე მესმის, რომ საუბარია ევროსაბჭოს ფორმატში შეხვედრაზე და ბუნებრივია, გარკვეული სახის დელეგაციის ვიზიტი უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ამის შესაძლებლობა, ალბათ, უნდა არსებობდეს. უბრალოდ, ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა გამოდიოდეს იმგვარი განცხადებით, რომელიც მწვანე შუქს ანთებს ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევაზე. ვფიქრობ, შესაძლებელია, მოიძებნოს კონრეტული ქვეყნის დელეგაციის მონაწილეობის შესაძლებლობა, თუ ამის აუცილებლობა არსებობს, ისეთი ფორმით, რომ საქართველოს კანონი არ დაირღვეს.“

რაკი საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, მიხეილ ბენიძე ფიქრობს, რომ საქართველოს წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა ისე დაარეგულირონ ვითარება, მაინცდამაინც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში არ აღმოჩნდნენ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები. „ხელისუფლებამ ყველა დეტალი კარგად უნდა აწონ-დაწონოს. ასე უნდა მოქცეულიყო გავრილოვის შემთხვევაშიც. სავარაუდოდ, რუსული მხარე ეცდება ისეთი პროვოკაციების განხორციელებას, რომელმაც, შეიძლება ძალიან ცუდ და უხერხულ ვითარებაში ჩააყენოს ქვეყნის მთავრობა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებისა და ევროსაბჭოს წინაშე,“- გვეუბნება მიხეილ ბენიძე.

ალიკა კუპრავა, ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი გავრილოვის ღამის შემდგომ აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო პროტესტში. "ამერიკის ხმასთან" ის ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს, ვისაც საქართველოს კანონი აქვს დარღვეული ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, საზოგადოებისგან პროტესტი ელით. „საზოგადოებისგან რეაქცია იქნება მკაცრი. გავრილოვი არ იყო ლავროვის დონის ფიგურა. მას პირდაპირ აქვს უამრავი განცხადება გაკეთებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდა ამ ყველაფრისთვის.“

პრეზიდენტის ევროსაბჭოში გამოსვლის მეორე დღესვე საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს და პრემიერისგან მოითხოვეს ცალსახა დადასტურება, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არ დაირღვევა. განცხადებაში ნათქვამია: „არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კანონის უგულებელყოფის გაცხადებული განზრახვა სწორედ იმ სახელმწიფოს დელეგაციის წევრთა სასარგებლოდ, რომლის სამხედრო აგრესიის შედეგიცაა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, საგანგაშოა და ეწინააღმდეგება ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

მინისტერიალამდე სამი თვე და 15 დღეა დარჩენილი. ღონისძიების სავარაუდო ლოკაცია კი დიდი ალბათობით, პარლამენტის შენობა იქნება. არსებული გამოცდილების თანახმად, სწორედ ეს ადგილია ყველაზე სახიფათო რუსი დელეგატებისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG