ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ვიცით სერგეი გავრილოვის შესახებ?


სერგეი გავრილოვი მართლმადიდებლობის ასამბლეაზე. თბილისი. რადიო თავისუფლების ფოტო.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა შედგა, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან ერთად რუსეთის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩამოსული. დელეგაციის ხელმძღვანელი სერგეი გავრილოვი, რუსეთის დუმის დეპუტატი იყო. რუსეთის დუმის დეპუტატს აეროპორტში დაცვა დახვდა და სასტუმრომდე მიაცილა. მოგვიანებით, გავრილოვმა ასამბლეის სხდომაზე, რომელიც თბილისში, პარლამენტის მთავარ დარბაზში ტარდებოდა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლის კობახიძის სკამი დაიკავა და იქიდან მიმართა დამსწრეებს.

პარლამენტში გადაღებულმა გავრილოვის ფოტომ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მოჰყვა, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. აქციის მთავარი ლოზუნგია: „სირცხვილია.“

საპროტესტო დემონსტრაციაზე შეკრებილი ათასობით მოქალაქე რუსეთის ოკუპაციას და რუსი პოლიტიკოსის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებს. მომიტინგეები ასევე ითხოვენ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას.

მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ეს იყო შეცდომა და დიდი სირცხვილი. "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ საჯარო განცხადება გაკეთა და თქვა, რომ "როგორც ქალაქის მერი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, პირდაპირ გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რომ კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც პარლამენტში ხდება. ვფიქრობ, მოგვიანებით გაირკვევა, რასთან გვაქვს საქმე, თუმცა წინასწარ უნდა გვეფიქრა იმაზე, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მოვითხოვ, დაუყონებლივ შეწყდეს სხდომა. ქართველები ვართ, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, პატრიოტები ვართ, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და ამ დროს მგონია, რომ არ არის მისაღები ის, რაც დღეს ხდება. რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება,“ თქვა კალაძემ.

რა ვიცით სერგეი გავრილოვის შესახებ?

გავრილოვი 2016 წლის 18 სექტემბრიდან რუსეთის დუმის დეპუტატია და კომუნისტური პარტიის წევრია. დუმაში ის „რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორგანიზაციების განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის კომისიის“ თავმჯდომარის მოადგილეა. ის ასევე არის „საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კომიტეტის“ თავმჯდომარის მოადგილე.

რუსეთის დუმის საიტზე გავრილოვის შესახებ ბოლო ახალ ამბავში წერია, რომ რუსეთის პარლამენტარებს საქართველოს პარლამენტის შენობის დატოვება მოუწიათ, რადგან "რადიკალებმა შენობა დაიკავეს."

გავრილოვი ერთ-ერთია იმ 447 დეპუტატს შორის, რომლებმაც 2008 წლის 15 აგვისტოს, ხმა მისცა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ინფორმაცია საიტზე damoukidebloba.ge-ზე დევს.

რუსეთის დუმის საიტზე განთავსებული ახალი ამბების მიხედვით, გავრილოვი ხშირად აკეთებს კომენტარებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. ის ასევე უკრაინელებისთვის გამარტივებული გზით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭებაზე მუშაობს.

„უნდა დავიწყოთ გამარტივებული გზით რუსული მოქალაქეობის გადაცემა უკრაინელებისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რომელ რეგიონში ცხოვრობენ ისინი“ - თქვა ერთ-ერთ კომენტარში გავრილოვმა. კიდევ ერთ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ "სულიერი უსაფრთხოება არის გარდაუვალი ნაწილი რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისა.“

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG