ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„არ მგონია, რომ მას სურს ცივი ომი ამერიკასთან,“- ჯო ბაიდენი 


ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ პუტინს მოუწევს დაემორჩილოს საერთაშორისოდ აღიარებულ წესებს . Მეტიც, პრეზიდენტი ბაიდენი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს არ სურს ამერიკასთან ახალი ცივი ომი ჰქონდეს.

„არ მგონია, რომ მას სურს ცივი ომი ამერიკის შეერთებულ შტატებთან,“- ამბობს ამერიკის პრეზიდენტი და აცხადებს, რომ თუ რუსეთი არ შეწყვეტს ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმას, ამერიკა კრემლის ქმედებებს პასუხს გასცემს. Მეტიც, ბაიდენი აცხადებს, რომ პირისპირ შეხვედრის დროს მან რუსეთის პრეზიდენტს ამის შესახებ უთხრა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც სამიტის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა, ადამიანის უფლებები იყო.

„მე ნათლად ვუთხარი მას, რომ ჩვენ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით მკაფიო პოზიცია გვაქვს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს თემა მაგიდაზე ყოველთვის იდება. როგორ შეიძლება ვიყო ამერიკის პრეზიდენტი და არ ვისაუბრო ადამიანის უფლებების დარღვევებზე? მე მას ვუთხარი, რომ სხვა ქვეყნებისგან გასხვავებით, როგორიც რუსეთია, ჩვენ ვართ იდეის შედეგი... რა არის ეს იდეა? ჩვენი უფლებები მთავრობიდან არ მოდის, ჩვენ ეს უფლებები გვაქვს დაბადებიდან. ჩვენ ამას მთავრობას ხმამაღლა ვუცხადებთ. სწორედ ამიტომ ვისაუბრებთ ალექსეი ნავალნის მსგავს შემთხვევებზე. მე ნათლად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ, ფუნდამენტური ადამიანის უფლებების საკითხებზე ყურადღების გამახვილებას“- ამბობს პრეზიდენტი ბაიდენი.

ამავე კონტექსტში, როდესაც ჯო ბაიდენმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის შესახებაც ისაუბრა, მან თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მისი მკაფიო პოზიცია გაუზიარა. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რა იქნება ამერიკის საპასუხო ქმედება, თუ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპა, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ „ეს დამანგრეველი იქნება“

ადამიანის უფლებების კუთხით, ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე რუსეთში დაკავებული ამერიკელების განთავისუფლების საკითხზეც ისაუბრა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრის დროს ბაიდენმა აღნიშნა, ამ კუთხით მოლაპარაკებები გრძელდება და ის არ აპირებს ამ მოლაპარაკებების მიტოვებას. საუბარია 2 ამერიკელზე, რომლებიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და მათ 16 წლით პატიმრობა მიესაჯათ. დაკავებულების გათავისუფლების თხოვნით ამერიკის პრეზიდენტს პატიმრობაში მყოფი პიერების ოჯახის წევრებმა მიმართეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რომელზეც ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა, უკრაინის საკითხი იყო. ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ მან პუტინთან საუბრის დროს უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

„მე მას გავაცანი ამერიკის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ შევთანხმდით, რომ მინსკის შეთანხმების გარშემო დიპლომატიურ ქმედებებს გავაგრძელებთ. მე მას ვაცნობე ჩვენი შეშფოთება ბელარუსის საკითხზე,“- განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა ასევე ისაუბრა ბოლო წლებში რუსეთის მხრიდან მზარდ კიბერთავდასხმებზე. ჯო ბაიდენის განცხადებით, შეხვედრაზე ამ საკითხზე მსჯელობას დიდი დრო დაეთმო. ჯო ბაიდენის განცხადებით ის გამოვიდა ინიციატივით, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს კონკრეტული „კრიტიკული ინფრასტრუქტურის სფეროები, სადაც კიბერთავდასხმები არ განხორციელდება. Ასეთი, ბაიდენის თქმით 16 ობიექტია. მათ შორის არის ელექტროენერგია და წყალი.

პრესკონფერენციის მიმდინარეობის დროს, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტს ნათლად უთხრა, რომ თუ არ შეწყდება კიბერშეტევები ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს შესაძლებლობა თავდასხმას ადეკვატურად უპასუხოს.

„მან იცის, რომ ეს ქმედებები უნდა შეწყდეს და ისიც იცის, რომ თუ ეს არ მოხდება ამას საპასუხო ქმედებები მოჰყვება. ამერიკას აქვს კიბერ შესაძლებლობები და ჩვენ პასუხს გვაცემთ შემდგომ თავდასხმებს,“- ამბობს ბაიდენი.

რაც შეეხება ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს, პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, რომ ამის შესახებ მან პუტინთან ისაუბრა და მან ის გააფრთხილა.

“მე ნათლად ვთქვი, რომ ჩვენ არ მოვითმენთ ჩვენი დემოკრატიული სუვერენიტეტის დარღვევას ან ჩვენი დემოკრატიული არჩევნების დესტაბილიზაციას და ჩვენ [ამაზე] ვუპასუხებთ”, - თქვა ჯო ბაიდენმა.

ორი ლიდერის შეხვედრა, ჟენევაში, მე-18 საუკუნის ვილაში გაიმართა. შეხვედრა 93 წუთი გრძელდებოდა. ლიდერებმა საერთო პრესკონფერენცია არ გაუმართავთ და ჟურნალისტების შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხეს. ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა. ვლადიმერ პუტინმა კი შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG