ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის სანქციები


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


მსოფლიო, ნავთობის უდიდეს ნაწილს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იღებს საზღვაო ტრანსპორტის საშუალებით. ნავთობის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ირანია.
მიუხედავად ამისა ევროკავშირმა პირველი ივლისიდან ირანულ ნავთობზე ემბარგო დააწესა. ამან შესაძლოა ნავთობზე არსებული ფასების გაზრდა გამოიწვიოს, რომელიც აპრილის შემდეგ 20%-ით დაეცა.
როგორც ლონდონის გლობალური ენერგეტიკის ცენტრის ექსპერტი ლეო დროლასი აცხადებს:“ ახლა ბაზარზე ლიბიის ნავთობი დაბრუნდა, გაიზარდა ნავთობის მოპოვება საუდის არაბეთში, ნიგერიასა და ერაყში. ნავთობის მრეწველობა დღეში ნახევარი მილიონი ბარელით გაიზარდა.“
ლეო დროლასის განცხადებით დღეისათვის მსოფლიოში იმდენი ნავთობია, რომ ირანული ნავთობის გარეშეც იოლად შეიძლება გაძლება. ამას საუდის არაბეთის პოლიტიკაც უწყობს ხელს, რომელიც რეგიონში ირანის ერთ-ერთი მთავარი მეტოქეა.
ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების მიერ შემოღებულმა სანქციებმა 20%-ით გაზარდა ამ ქვეყანაში ინფლაციის დონე და სურსათზე ფასების გაორმაგება გამოიწვია.
ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტის მარკ ფიცპატრიკის განცხადებით, ეკონომიკური სიტუაცია ირანში სწრაფად გაუარესდება.
მისი თქმით:“ ირანის წინააღმდეგ კიდევ უფო მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს შემოიღებენ. ეს პოლიტიკა გაგრძელდება პირველი ივლისის შემდეგაც. ირანში ცხოვრება საკმაოდ გაჭირდება.“
მარკ ფიცპატრიკის აზრით სანქციების გამკაცრებას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლა გამოიწვევს.
მართალია ცოტა ხნის წინათ მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ირანთან გარკვეულ კომპრომისს მიაღწიეს და თეირანიც აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება, მაგრამ საერთაშორისო ექსპერტების აზრით ირანი ატომური ბომბის შექმნას ისახავს მიზნად.
ბატონი ფიცპატრიკის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად ირანის ეკონომიკა იმდენად ძლიერია, რომ კიდევ კარგა ხანს გაუძლებს დასავლეთის ზეწოლას.
მისი თქმით:“ ირანის დაჩოქება არცთუ ისე ადვილია, მაგრამ როდესაც ხალხს ძალიან გაუჭირდება, თავისთავად გაჩნდება კითხვა, თუ რისთვის არის საჭირო ამ მსხვერპლის გაღება? მხოლოდ იმისთვის, რომ ირანმა მომავალში ატომური ბომბი შექმნას და ამერიკასთან ომი გარდაუვალი გახდეს? ეს ხომ სრული უაზრობაა.“
მარკ ფიცპატრიკი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს სამხედრო ოპერაციის დაწყება არ არის მოსალოდნელი, მაგრამ თუ დიალოგი უშედეგოდ დამთავრდა, მაშინ ამ წლის მიწურულს შესაძლოა ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიიტანოს იერიში და ეს ყოველივე უფრო ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს.
XS
SM
MD
LG