ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რასა იუკნევიჩიანე: საქართველოში პროგრესს ვერ ვხედავ


საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისადმი ინტერესი დასავლეთში დიდია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებას და ზოგადად პოლიტიკურ ამინდს, ქვეყნის დასავლელი პარტნიორები აკვირდებიან და აფასებენ.

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, ამბობს, რომ საქართველოში არჩევნების მიმართულებით პროგრესს ვერ ხედავს. სასამართლოს დამოუკიდებლობასთან არსებული შეკითხვებისა და პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებების გამო კი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს.

ეუთო/ოდირის შეფასებით, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტენიკურად კარგად ჩატარდა, მაგრამ ხშირად ფიქსირდებოდა საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები და ა.შ. თქვენ, უკვე დიდი ხანია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებით, როგორ შეაფასებთ ამ არჩევნებს?

როდესაც ეუთო/ოდირის და ამერიკის საელჩოს შეფასებები ვნახე, ამან ის დროს გამახსენა, როდესაც საქართველოში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებს ვაკვირდებოდი. იგივე და უფრო უარესი მესიჯები მომდის მათგან, ვინც არჩევნებს აკვირდებოდა.

თუ მმართველი პარტია, ან პარტიები არ ითვალისწინებენ ამ შეფასებებს და არ აანალიზებენ რა გააკეთეს არასწორად და რა მართებულად, ეს ნიშნავს, რომ პროგრესი არ არსებობს. მე ვერ ვხედავ [საქართველოში] პროგრესს, პირიქით, ისევ სიძულვილის ენა და იგივე პრობლემებია, რაც აქამდე იყო. ეს ყველას გვაწუხებს, განსაკუთრებით საქართველოს მეგობრებს ევროპარლამენტში და ასევე, გვიჩენს უამრავ შეკითხვას.

თქვენ თქვით, რომ საარჩევნო გარემოს შესახებ შეფასებების წაკითხვის შემდეგ, კითხვები გაგიჩნდათ. რას ეხება ეს? ქვეყნის დემოკრატიულ გზას, მის მომავალს, რეფორმებს, თუ კიდევ უფრო სხვა საკითხებს? უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რაში ხედავს ევროკავშირი მთავარ პრობლემას?

როდესაც მომავალზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ჩემთვის მთავარი შეკითხვა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უკავშირდება. ამერიკის საელჩომაც საქართველოში ამაზე ძალიან ნათელი განცხადება გააკეთა.

ჩემთვის მთავარი კითხვა, უკვე დიდი ხანია, რაც ბიძინა ივანიშვილს მიემართება, რომელიც, რა თქმა უნდა, მმართველ პარტიაში ყველაფრის უკან დგას. მას მინდა ვკითხო, რა უფრო მნიშვნელოვანია მხოლოდ ძალაუფლებაში დარჩენა დემოკრატიული პროცესების ასეთი დარღვევებით, თუ საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატოში? არ ვიცი საზოგადოების ურავლესობას ესმის თუ არა ეს. ბევრი კითხვა მაქვს.

საქართველო ლიდერი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, რომელმაც ბევრი რეფორმა გაატარა. მაშინ ვფიქრობდით, რომ ამ ქვეყნის დემოკრატიული გზა ძალიან ამბიციური და ძლიერი იყო, მაგრამ ახლა ყველას ეჭვი გვაქვს.

საქართველოს დასავლელი მეგობრებისგან მუდმივად გვესმის, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. როგორ ფიქრობთ, რა როლი შეასრულა ამაში მიხელ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლამ? დაეხმარა, თუ პირიქით უფრო გააღრმავა პოლარიზაცია ქვეყანაში?

კმაყოფილი არ ვიყავი [სააკაშვილის გადაწყვეტილებით], მაგრამ ესაა ის მოცემულობა, რაც გვაქვს. მეორეს მხრივ, გაცილებით უარესია ის, რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სააკაშვილი სხვაგვარად უნდა მოიქცეს, თორემ ბრალი დაემატება. ეს აჩენს იმის ეჭვს, რომ საქმე უკვე პოლიტიკურია. აქამდეც გვქონდა ეჭვები ამის შესახებ და ახლა, პრემიერის საქციელი, ნამდვილად არ შეესაბამება ევროპასთან ასოცირებული ქვეყნის საქციელს. როდესაც პრემიერი ასე საუბრობს, ამაში არაფერი ევროპული არ არის. თუ არსებობს რაიმე ბრალდებები, ან კრიმინალური დარღვევები, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, მაშინ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პრემიერის. ასე რომ ეს პრობლემური საკითხია და კითხვას აჩენს ქართული სასამართლოსადმი - არის თუ არა ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე კი ფიქრიც კი წარმოუდგენელია ევროპული ოჯახის წევრობაზე.

მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარი თქვა და ვნახეთ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებაზე უარიც, მოვისმინეთ განცხადებები, რომ ევროკავშირი აღარ ჩაერევა საქართველოს საქმეებში. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქართველი პოლიტიკოსების უგულვებელყოფის გამო, ევროპამ მარტო დატოვა საქართველო?

არა, მარტო არ დაგვიტოვებიხართ. ხშირად არ ხდება, რომ ევროპარლამენტის მაღალჩინოსნები ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად ჩადიან. აღმოსავლეთ პარტნორობის ვერცერთ ქვეყანას ვერ გავიხსენებ, სადაც ევროკავშირისგან ასეთი ინტერესი დაფიქსირდა. ეს აჩვენებს, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს ძალიან სურთ, რომ დაეხმარონ საქართველოს.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროპულ ოჯახში და საქართველო არის ევროპა. მაგრამ, არჩევნებზე დაფიქსირებული ასეთი ცუდი მესიჯებით, რთულია, რომ განსაზღვრო როგორი იქნება მომავალი. და, რა თქმა უნდა, ერთადერთი ქვეყანა, ვინც ასეთი შეფასებით კმაყოფილია, ეს რუსეთია, თქვენი ჩრდილოელი მეზობელი.

ამბობთ, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია, სიძულვილი უნდა დასრულდებს. ასევე ახსენეთ საქართველოს მომავალთან დაკავშირებული ეჭვები, რაში ხედავთ გამოსავალს, რა უნდა გაკეთდეს?

ყველა პოლიტიკური პარტიისგან, პასუხისმგებლობის აღების გარეშე, იმის გააზრების გარეშე, რომ ეს პასუხისმგებლობა მათ მხრებზეა და იმის ცოდნის გარეშე, რომ მათ წარსული უნდა დაივიწყონ, წინსვლა არ იქნება.

ჩემი მთავარი მესიჯი პოლიტიკური ლიდერებისთვის ისაა, რომ სცადონ გამოსავლის მოძებნა. ევროკავშირი ძალიან ბევრს აკეთებდა მათთვის, შარლ მიშელმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა და ამანაც არ უშველა სიტუაციას. მე ძალიან არ მინდა, რომ საბოლოოდ ეს პრობლემები კრემლის მოსაგვარებელი გახდეს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG