ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუს აქტივისტებს "სავალდებულო მკურნალობას" უფრო და უფრო ხშირად უსჯიან


14 ივლისს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ალექსეი ნავალნის ყოფილმა წარმომადგენელმა მურმანსკში, ვიოლეტა გრუდინამ, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში საკრებულოს წევრობისთვისაც იყრის კენჭს, კოვიდ-19-ზე მკურნალობა საავადმყოფოში უნდა ჩაიტაროს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერს არს სიმპტომები აქვს, ტესტის უარყოფით შედეგს აჩვენებს, და ექიმმაც ჩვენებაში აღნიშნა, რომ მას მკურნალობა არ ესაჭიროება.

26 ივლისს გრუდინამ შიმშილობა გამოაცხადა. ის ამბობს, რომ საავადმყოფოს წარმომადგენლები მას არ აძლევენ საშუალებას შეავსოს ის ფორმები, რომლებიც მის თანამშრომლებს საარჩევნო კომისიაში წარსადგენად სჭირდებათ. ჰოსპიტლის უფროსი ექიმი კი არკადი ამოზოვია, რომელმაც "ერთიანი რუსეთის" პარტიული "პრაიმერი" მოიგო და ქალაქის საკრებულოში იმ მანდატისთვის აპირებს კენჭისყრას, რომლისთვისაც გრუდინა აპირებს ბრძოლას. თუმცა ამოზოვი ოფიციალურად, დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.


გრუდინა Current Time-ს "რადიო თავისუფლებისა" და "ამერიკის ხმის" ერთობლივ რუსულ არხს ეუბნება, რომ ამოზოვს ის უკანონოდ ჰყავს დაკავებული და არჩევნებში მის მონაწილეობასაც ხელს უშლის, პიროვნულ თავისუფლებასაც უზღუდავს და კოვიდსაავადმყოფოში მისივე მეთვალყურეობის ქვეშ ამყოფებს.

19 ივლისს კი ხაბაროვსკის სამხედრო სასამართლომ, მურმანსკიდან 9 500 კილომეტრის დაშორებით, ირკუტსკელ ბლოგერსა და ნავალნის ყოფილ თანამშრომელს დმიტრი ნადეინს სავალდებულო ფსიქოლოგიური მკურნალობა მიუსაჯა. მას ბრალი "ტერორიზმის გამართლებაში" ედება. ნადეინის ოჯახი ამბობს, რომ ის ივნისის შუა რიცხვებში საიდუმლოდ ირკუტსკიდან ხაბაროვსკში გადაიყვანეს და არც ოჯახის წევრებისთვის აუხსნიათ, რატომ მიჰყავდათ სხვა რეგიონში.

ნადეინი აპრილში დააკავეს და ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა მაშინ, როდესაც ფსიქიატრიული შემოწმების გავლა დაევალა. მისი უფლებადამცველების თქმით, ნადეინს უფლებას არ აძლევდნენ ესაუბრა ადვოკატებთან და ამავე დროს შემოწმებამ მას შიზოფრენია დაუდგინა. სავალდებულო ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა შამან ალექსანდრ ჰაბიშევსაც ივლისის ბოლოს. ის 2019 წლიდან ვლადიმირ პუტინის გადადგომას ითხოვს. მას ბრალად პოლიციის ოფიცრისადმი დაუმორჩილებლობა და ექსტრემიზმის გავრცელება ედება.

გრუდინას, ნადეინის და გაბიშევის შემთხვევები უნიკალური არაა. სავალდებულო ფსიქიატრიული თუ სხვა ტიპის მკურნალობა ასობით აქტივისტს აქვს დანიშნული. უფლებადამცველები ამას "სადამსჯელო ფსიქიატრიულ პრაქტიკას" უწოდებენ. თავად არასამთავრობოების დიდი ნაწილი კი ქვეყანაში უცხო ქვეყნის აგენტადაა გამოცხადებული.

ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ხელისუფლება ფსიქიატრიას მოწინააღმდეგეების დასასჯელად იყენებდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "აგორას" ანგარიშში ნათქვამია, რომ 2011 წელს სადავო საპარლამენტო არჩევნებისა და ვლადიმირ პუტინის მესამე საპრეზიდენტო ვადასთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლებისას დაკავებული აქტივისტებისა და მოქალაქეების დიდი ნაწილი სწორედ "სავალდებულო მკურნალობით დასაჯეს. ბევრ მათგანს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს და ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობდნენ მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის შესახებ ზოგჯერ არ იცოდნენ და არც ინფორმირებული თანხმობა ჰქონდათ გაცხადებული.

"აგორას" ანგარიშში მოყვანილი ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, თუკი 2004 წლიდან 2011 წლამდე სავალდებულო მკურნალობის გადაწყვეტილებათა რაოდენობა მეტნაკლებად სტაბილური იყო, (2011 წელს - 189 000-მდე ადამიანი), 2014 წელს ის უკვე 2016 744 გახდა.

Pussy Riot-ის აქტივისტებს 2012 წელს სასამართლომ სხვადასხვა აშლილობა დაუდგინა. მათ შორის იყო "აქტიური ცხოვრების წესი, თვით-რეალიზების სურვილი და საკუთარი მოსაზრებების კატეგორიული დაჟინებით მტკიცება". ეს ციტატა უფლებადამცველებს სასამართლო დოკუმენტებიდან მოჰყავთ. ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარდათ უკრაინელ პილოტს ნადია სავჩენკოსა და უფლებადამცველ სერგეი მოხნატკინსაც. უფლებადამცველები ამბობენ, რომ პროკურატურა გამუდმებით ითხოვს ამგვარ შემოწმებას, სასამართლოც მას პრაქტიკულად ყოველთვის აკმაყოფილებს და შემოწმების ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე ჩატარება სისტემას პოლიტიკურად მოტივირებული შევიწროვების "საფუძველს" უქმნის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG