ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ჰაკერების ომი ამერიკის წინააღმდეგ


2021 წლის მაისში, ფეისბუქზე გაჩნდა სტატუსები, სადაც ამერიკის მოსახლეობა ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებდა და ეუბნებოდა ჯერ კიდევ რომელ გაზგასამართ სადგურზე იყო შემორჩენილი საწვავი. ეს ქაოსი და არეულობა ერთმა ჰაკერულმა შეტევამ გამოიწვია, რომელმაც ამერიკის ერთ-ერთი მთავარი მილსადენის კომპიუტერებში შეაღწია.

„კოლონიურ მისლადენზე“ რუსი ჰაკერების ჯგუფის, „დარქსაიდის“ თავდასხის შემდეგ, ამერიკის ზოგიერთ შტატში, მოსახლეობამ პანიკურად დაიწყო საწვავის ყიდვა. ბევრ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასიც გაიზარდა. ერთ კვირაში მილსადენის სისტემამ, რომელიცყოველდღიურად სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებს 2.5 მილიონ ბარელ ბენზინს, დიზელსა და თვითმფრინავების საწვავს აწვდის, მუშაობა აღადგინა. რუსი ჰაკერების ჯგუფმა კი განაცხადა, რომ მათ მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის მიღება სურდათ და არაფერი ჰქონდათ პოლიტიკასთან საერთო.

გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსის“ მიხედვით, ჰაკერების დაჯგუფებამ მათ ხელში არსებული ინფორმაციის „კოლონიური მილსადენის“ კომპანიისთვის დასაბრუნებლად 75 ბიტკოინი, დაახლოებით, 5 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო. იყვნენ თუ არა ისინი დამოუკიდებელი ჰაკერების ჯგუფი, თუ მართლაც ჰქონდათ კავშირი რუსეთის ხელისუფლებასთან ეს დღემდე უცნობია.

დიმიტრი ალპეროვიჩი, კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი და „სილვერადოს პოლიტიკის აქსელეატორის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე, ამბობს, რომ 3-4 თვის განმავლობაში გახშირებული და მასშტაბური კიბერთავდასხმები, ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

„თავდახმები მედიასა და მცირე და საშუალო ბიზნესებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, სკოლებზე, პოლიციის დეპარტამენტებზე, ეს ისაა, რამაც მიგვიყვანა იმ მომენტამდე, როდესაც ჩვენ, როგორც ქვეყანა ამას აღარ უნდა შევეგეუოთ. ასეთი ტიპის თავდასხმები გავლენას ახდენენ ჩვენს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე და იწყებენ გავლენის მოხდენას ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზეც...“,- ამბობს ალპეროვიჩი.

მაისში, „კოლონიურ მილსადენზე“ თავდასხმის შემდეგ, 19 ივნისს, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტი შედგა. ჟენევაში გამართულ ამ შეხვედრაზე, სადაც ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტის როლში პირველად შეხვდა პირისპირ პუტინს, სწორედ ჰაკერული თავდასხმები იყო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები რუსეთთან შესაძლებელია, მაგრამ იმედი არ აქვს, რომ ვლადიმირ პუტინის ქმედებები შეიცვლება.

ბაიდენი მართალი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნესი, "კოლონიური მილსადენი", რომლითაც სამხრეთ აღმოსავლეთ ამერიკაში საწვავის ტრანსპორტირება ხდება და JBS - ხორცის მწარმოებელი კომპანია, მაისის თვის განმავლობაში კიბერ-თავდასხმების სამიზნე გახდა,კიდევ ერთი კიბერთავდახმა ივნისში, კომპანია „მაიკროსოფტზე“ განხორციელდა. მაშინაც, ბრალდებულები რუსი ჰაკერები იყვენენ.

ლუის შელი, ჯორჯ მეისონის უნივრსიტეტის „ტერორიზმის, ტრანზაქციული დანაშაულისა და კორუფციის ცენტრის“ დირექტორი ამბობს, რომ ძალიან რთულია კიბერდამნაშავეების უბრალო კრიმინალებისა და მთავრობის მიერ მართული, შპიონაჟისთვის დაქირავებული ჰაკერების გარჩევა. თუმცა, მისივე თქმით, ძალიან ხშირად, მაშინაც კი, როდესაც კიბერ დამნაშავეები დამოუკიდებლად მოქმედებენ ისინი მაინც რუსეთის ხელისუფლების გავლენების ქვეშ ექცევიან.

„თუ შევხედავთ ამ კრიმინალების აქტივობებს ვნახავთ, რომ ისინი, ხანდახან, უბრალოდ ჩართული არიან კრიმინალურ საქმიანობაში. გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ, მათი ინდეტიფიცირების შემდეგ კი, აპატიმრებენ, მათზე ზეწოლას ახდენენ და [რუსეთის] მთავრობისთვის იწყებენ მუშაობას“,- განმარტავს შელი.

ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთში, ონლაინ კრიმინალები ხშირად იწყებენ თავიანთ „კარიერას“, როგორც დამოუკიდებელი აქტორები, თუმცა მათი უმრავსლესობა მთავრობის კონტროლის ქვეშ ექცევა ადრე თუ გვიან. ამიტომ იმის გამორიცხვა და მკაცრად გაყოფა, თუ როდის ესხმის თავს ამერიკულ კომპანიებს ცალკეული კრიმინალური დაჯგუფება, ან როდის არის ეს რუსეთის მთავრობის მიერ ხელშეწყობილი, თუ ორგანიზებული, ძალიან რთული და კომპლექსური საკითხია.

სულ ბოლო და სავარაუდოდ, ყველაზე მასშტაბური ონლაინ თავდასხმა 2 ივლისს განხორციელდა ამერიკულ კომპანია „კასეიაზე“. კომპანია, რომელსაც რუსი ჰაკერები თავს დაესხნენ, მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს და 40 000-მდე ორგანიზაციას ემსახურება.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ მსხვერპლთა სია, ათასობით ადამიანს უნდა შეადგენდეს, მინიმუმ 17 სხვადასხვა ქვეყანაში. თუ მათი გამოთვლები მართალია, მაშინ ეს ყველაზე დიდი კიბერთავდახმაა, რომელიც გამოსასყიდის მიზნით განხორციელდა. კიბერკრიმინალებმა კომპანიის მონაცემების უკან დასაბრუნებლად 70 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ბიტკოინი მოითხოვეს.

ბოლო შემთხვევის დროსაც, კრიმინალები ამბობდნენ, რომ მათ არაფერი ჰქონდათ საერთო რუსეთის ხელისუფლებასთან და მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის მიღებას ცდილობდნენ. ლუის შელი ამბობს, რომ ასეთი კიბერთავდასხმების საზღაური ძალიან დიდია. გარდა იმისა, რომ დამნაშავეები მილიონობით ადამიანის შესახებ ინფორმაციას ფლობენ, ისინი მცირე და საშუალო ბიზნესებს საბოლოო განადგურებით ემუქრებიან.

როგორ უნდა დაიცვას თავი სახელმწიფომ და რისი გაკეთება შეუძლია მას დაზარალებული კომპანიებისთვის? კეიტი ნიკელსი ორგანიზაცია „რედ კანარის“ სადაზვერვო განყოფილების დირექტორი და კიბერუსაფრთხოების ექსპერტი თვლის, რომ ამერიკას რამდენიმე მიმართულებით შეუძლია ამ თემაზე იმუშაოს. პირველ რიგში კი სწორი პოლიტიკის შემუშავებაა აუცილებელი.

„როდესაც ვფიქრობთ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაქირავებულ აგენტებზე, მაშინ ვსაუბრობთ ისეთ დაჯგუფებებზე, როგორიცაა „ნობელიუმი“, რომელიც „სოლარვინდის“ თავდასხმაზეა პასუხისმგებელი. ხშირად ვხედავთ, რომ ასეთ [დაჯგუფებებს] კლასიკური შპიონაჟის მოტივები აქვთ, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ [ამერიკის] პოლიტიკაზე მათ მიმართ, ეს უნდა იყოს კიბერ შპიონაჟისადმი მიმართული რამ... ეს ძალიან განსხვავებულია და სულ სხვაგვარი მიდგომა სჭირდება იმისგან, რაც რუსული კიბერ კრიმინალია. ისინი არიან ის ადამიანები, ვინც ე.წ რენსომვეარ (ჰაკერული თავდასხმის ერთ-ერთი ფორმა) შეტევების უკან დგანან...ისინი შეიძლება პირდაპირ არც კონტროლდებოდნენ რუსეთის მთავრობისგან და მათი არსებობა, მეტად უკავშირდებოდეს სახელმწიფოს მიერ თვალის დახუჭვას“,- განმარტავს ნიკელსი.

მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან, პუტინზე ზეწოლა და მისი იძულება, რომ მსგავს კრიმინალს თავისი ადგილი მიუჩინოს „ცდად ღირს“, თუმცა ეს საკმარისი არაა. კიბერუსაფრთხოების ექსპერტი თვლის, რომ ამერიკამ უნდა გაყოს შპიონაჟის მოტივითა და უბრალოდ, კრიმინალური მოტივით მოქმედი კიბერდამნაშავეები და მათ მიმართ სხვადასგვარი პოლიტიკა შეიმუშაოს.

ამ სიტუაციიდან კიდევ ერთ გამოსავალს, კეიტი ნიკელსი, ამერიკის მთავრობისა და კერძო კომპანიების, მცირე და საშუალო ბიზნესების ურთიერთანამშრომლობაში ხედავს. მისი აზრით, „მთავრობამ უნდა ასწავლოს ორგანიზაციებს როგორ დაიცვან თავი. ყველა ასეთი შეტევისგან თავის დაცვა შეუძლებელია, თუმცა მათ უნდა იცოდნენ, რომ უნდა მოახდინონ სისტემების განახლება, უნდა შეიწავლონ თავიანთი ქსელი, დასახონ სტრატეგიები და მუდმივად აწარმოონ მონიტორინგი“.

ბოლო ონლაინ თავდასხმის ზუსტი შედეგები კვლავ უცნობია. 2 ივლისის შემდეგ, ექსპერტები ცდილობენ ზარალის დათვლას. თუმცა იმის გამო, რომ ამ თავდასხმას არამარტო ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოჰყვა კერძო თუ სახელმწიფო კომპანიების ზიანი, ჯერ კიდევ უცნობია რამდენით და ზუსტად ვინ დააზიანეს რუსმა ჰაკერებმა.

დიმიტრი ალპეროვიჩი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კიბერთავდასხმა ონლაინ სივრცეში ხდება, მას მაინც აქვს თავისი გეოგრაფია. „კრიმინალები კონკრეტულ ადგილას სხედან, მათი კომპიუტერები კონკრეტულ სერვერებზეა მიერთებული, ეს ხალხი კონკრეტულ ქვეყანაშია, სადაც არსებობს კონსტიტუცია და კანონი“,- ამბობს ალპეროვიჩი.

ექსპერტი თვლის, რომ საჭიროა კოორდინირებული მოქმედება, სანქციების დაწესება და ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ერთობლივი მუშაობა იმ კრიმინალების გამოსავლენად და ექსტრადაციისთვის, ვინც რუსეთიდან ამერიკასა და მის მეზობელ ქვეყნებს თავს ესხმის.

Facebook Forum

ამავე თემაზე

ტვიტერი

XS
SM
MD
LG