ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ამბობს, რომ ჰაკერულ თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს 


ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ერისადმი მიმართვის დროს თქვა, რომ გასულ კვირას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტებზე მომხდარ კიბერთავდასხმას მისი ადმინისტრაცია უპასუხოდ არ დატოვებს და რეაგირებას მოახდენს. აქვე ბაიდენი განმარტავს, რომ მასიურ კიბერშეტევის შემდეგ, ის ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან სწორ და სწრაფ რეაგირებას ვერ ხედავს.

ბაიდენი ამბობს, რომ დონალდ ტრამპს თავდასხმაში ბრალი პირდაპირ უნდა დაედო და პასუხი მოეთხოვა რუსეთისთვის, რაც მოქმედ პრეზიდენტს ამ დრომდე არ გაუკეთებია. თუმცა, რუსეთი ჰაკერულ თავდასხმაში ღიად დაადანაშაულა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა. ცოტა ხნის წინ კი პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა, რომ მომხდარი კიბერთავდასხმის უკან შესაძლოა ჩინეთი იდგეს.

"მე ვერ ვხედავ იმის მტკიცებულებას რომ პროცესი კონტროლს ექვემდებარება. ამის არანაირი ნიშანი არ არის,"- თქვა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ "თავდასხმა მოხდა დონალდ ტრამპის პირობებში, მაშინ როცა მისი ყურადღება ამისკენ არ იყო მიმართული".

კიბერთავდასხმა ამერიკის ფედერალურ სააგენტოებზე გასულ კვირას დაფიქსირდა. დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნე ერთდროულად ამერიკის ფედერალური მთავრობის 40-ზე მეტი სააგენტო გახდა. თავდამსხმელებმა ათასობით ადამიანის პირად ელექტრონულ ფოსტაზე მოიპოვეს წვდომა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჰაკერებმა შეიაღწიეს ხაზინის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და მაღალი თანამდებობის პირების ელექტრონულ ფოსტაშიც. თუმცა როგორც დეპარტამენტში განმარტავენ ზიანი დიდი არ არის და ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ინფორმაცია დაცულია.

​ჰაკერებმა უწყებების თანამშრომლების კომპიუტერებზე წვდომა, სამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული, ტეხასური კომპანია „SolarWinds Corp”-ის პროგრამების გატეხვით მოიპოვეს. ყველა იმ კომპიუტერზე, რომელსაც პროგამულად „SolarWinds“ უზრუნველყოფდა. სამთავრობო უწყებებში კომპიუტერული ქსელების გარდა, თვეების განმავლობაში, ჰაკერებს წვდომა ჰქონდათ კერძო კომპანიებისა და სამეცნიერო ცენტრების სისტემებზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG