ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული პროპაგანდა და ცრუ ინფორმაცია არა მხოლოდ რუსეთის სამეზობლოში, არამედ დასავლეთის ქვეყნებშიც ცდილობს საზოგადოებრივი აზრის შეცვლას. უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რასაც სოციალური მედიის პოპულარობა უწყობს ხელს. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ექსპერტები ამბობენ, რომ საკუთარი თავის დასაცავად, საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს იმაზე, რომ ის პროპაგანდის კარგად შერჩეული სამიზნეა.

პროპაგანდის შედეგად, ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი იცვლება. ვფიქრობ, მთავრობას აკისრია პასუხისმგებლობა დაფიქრდეს იმაზე, თუ სად იდება მისი სარეკლამო ფული. მთავრობამ ისეთ მედია საშუალებებში უნდა იყიდოს რეკლამა, რომლებიც ზოგადად ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.
ედვარდ ლუკასი

ინფორმაციის ეპოქაში, როცა ახალი ამბების გავრცელება ყველას შეუძლია და ეს უკიდურესად ადვილი ამოცანაა, საზოგადოებას ყურადღების გამოჩენა და პროპაგანდის ამოცნობა მართებს.

„უნდა ვისწავლოთ ყალბი გზავნილის ამოცნობა,“ უთხრა „ამერიკის ხმას“ ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა ედვარდ ლუკასმა.

„როცა ვიღაცას ქუჩაში ხვდები აკვირდები მის ჩაცმულობას, ქცევას, საუბარს და იღებ გადაწყვეტილებას შეწყვიტო თუ გააგრძელო ამ ადამიანთან ურთიერთობა. იგივე უნარები უნდა შევიძინოთ ინტერნეტში ადამიანებთან ურთიერთობისასაც,“ თქვა მან.

ლუკასის თქმით, საქართველოში ადვილად ჩანს კრემლის მხარდამჭერი და ანტი-დასავლური გზავნილები სხვადასხვა მედია საშუალებებში.მისი აზრით, ცრუ ინფორმაციის და ანტი-დასავლური ნარატივების ამოცნობა საზოგადოებასთან ერთად, მთავრობის პასუხისმგებლობაცაა.

„პროპაგანდის შედეგად, ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი იცვლება. ვფიქრობ, მთავრობას აკისრია პასუხისმგებლობა დაფიქრდეს იმაზე, თუ სად იდება მისი სარეკლამო ფული. მთავრობამ ისეთ მედია საშუალებებში უნდა იყიდოს რეკლამა, რომლებიც ზოგადად ეროვნულ ინტერესებს ემსახურება,“ აცხადებს ლუკასი.

პანიკა ადამიანებს ისეთი მოქმედებებისკენ უბიძგებს, რასაც ისინი მშვიდ მდგომარეობაში არ გააკეთებდნენ. სტრესი ადამიანებს რეაგირებისკენ უბიძგებს და იძულებით მოქმედებას ხშირად ცუდ გადაწყვეტილებებამდე მივყავართ.
რალფ ფრედჰაიმი

მისი თქმით, „ამაში უნდა შედიოდეს ოპოზიცური მედიაც, რადგან ჯანსაღ დემოკრატიას ოპოზიცია აუცილებლად სჭირდება. სახელმწიფო თანხები არ უნდა დაიხარჯოს ექსტრემისტ მედიაში რეკლამის ყიდვაში. საქართველოში ზოგიერთ ანტი-დასავლური ვებგვერდი სარეკლამო თანხებს სახელმწიფო ინდუსტრიებისგან იღებს. არ მგონია ეს კარგი იდეა იყოს,“ თქვა ლუკასმა.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსული პროპაგანდის მიზანი საზოგადოებაში ცალკეული თემების ღირებულებების შეცვლაა. წყაროები, რომლებიც დეზინფორმაციას, ყალბ ამბებსა და პროპაგანდას ავრცელებენ რეალობის შეცვლას ცდილობენ, აღნიშნა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორმა იანის სარტსმა. „ისინი ცდილობენ რეალობის შეცვლას. მათი მიზანი განცდის შექმნაა, რომ არ არსებობს რეალობა, არ არსებობს სიმართლე,“ განაცხადა სარტსმა.

მისი თქმით, ამისთვის ყველაზე ხშირად ცრუ ამბების ქსელი გამოიყენება. ცოტა ხნის წინ, მაგალითად, ევროპაში ერთი ქსელი გამოვლინდა, რომელშიც 300-ზე მეტი ავტომატიზირებული ვებ-გვერდი შედიოდა, რომლებიც ერთსა და იმავე ინფორმაციას სხვადასხვა ენებზე ავრცელებდნენ. თუ წარსულში ცრუ ინფორმაციის გავრცელება დაქირავებული ტროლების საშუალებით ხდებოდა, დღეს ამისთვის მრავალ-პლატფორმიანი კომპიუტერული პროგრამები არსებობს, რომლებიც წინასწარ შერჩეულ ინფომრაციას ასობით ვებგვერდზე ადამიანის ჩარევის გარეშე ავრცელებს.

ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრის ანალიტიკოსმა რალფ ფრედჰაიმმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში თქვა, რომ რეალობის შეცვლასთან ერთად, პროპაგანდის ერთ-ერთი მიზანი პანიკის გამოწვევაა. „პანიკა ადამიანებს ისეთი მოქმედებებისკენ უბიძგებს, რასაც ისინი მშვიდ მდგომარეობაში არ გააკეთებდნენ. სტრესი ადამიანებს რეაგირებისკენ უბიძგებს და იძულებით მოქმედებას ხშირად ცუდ გადაწყვეტილებებამდე მივყავართ,“ თქვა ფრედჰაიმმა.ნებისმიერი სახის რეაგირება კი პროპაგანდის და ტროლების გამარჯვებაა.

გუგლი, ტვიტერი, ფეისბუქი თუ სხვა კომპანიები, ხალხს უნდა დაეხმარონ ყალბი ინფორმაციის ამოცნობაში.
ედვარდ ლუკასი

იძულებითი მოქმედებების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია გადავამოწმოთ ინფორმაციის წარმომავლობა და წყარო. ფრედჰაიმის თქმით, ცნობის ავთენტურობის დადასტურებამდე გადაწყვეტილების მიღებისგან როგორც საზოგადოების წევრებმა, ასევე ოფიციალურმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ.

საზოგადოებაში, რომელიც სოციალურ მედიაზე მჭიდროდაა დამოკიდებული, რთულია რეალობის აღქმა, რადგან კიბერ-სივრცეში ხელოვნურად შეიძლება ალტერნატიული რეალობის შექმნა და მისი ძალიან სწრაფად გავრცელება.თუ ცრუ ინფორმაციას ათასობით ადამიანი ფეისბუქზე ან ტვიტერზე აზიარებს, გარკვეულ ეტაპზე ეს სიცრუე ლეგიტიმურობას და ფაქტის ძალას იძენს.

ლუკასის აზრით, გარკვეული პასუხისმგებლობა ინტერნეტ-კომპანიებსაც ეკისრებათ. „გუგლი, ტვიტერი, ფეისბუქი თუ სხვა კომპანიები, ხალხს უნდა დაეხმარონ ყალბი ინფორმაციის ამოცნობაში,“ თქვა ლუკასმა. მისი აზრით, ეს ტექნოლოგია დაახლოებით 5-10 წელში უკვე ხელმისაწვდომი იქნება.

მანამდე კი იმ რეგიონებში, სადაც რუსული პროპაგანდა განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი დეზინფორმაციის კარგად შერჩეული სამიზნეები არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG