ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტალინიზმი, როგორც რელიგია და როგორც იარაღი


გორი, საქართველო
გორი, საქართველო

„ყოჩაღ, იოსებ ბესარიონის ძევ, მკვდარიც კარგ ფორმაში ხარ“, – ასე გამოეპასუხა სოციალური ქსელის ერთ–ერთი მომხმარებელი თემას, რომელიც წლებისა და ათწლეულების გასვლის მიუხედავად აქტუალობას არ კარგავს. განხეთქილების საგნად სტალინი კიდევ ერთხელ იქცა, როდესაც გორის ერთ–ერთი კერძო უმაღლესი სასწავლებლის ლექტორმა არინა თავაქარაშვილმა განაცხადა, რომ ის ანტისტალინისტური განცხადებებისა და მოსაზრებების გამო სამსახურიდან დაითხოვეს. 10 წლის განმავლობაში ის სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, რომლის რექტორი, ვალერი სუხიშვილი გულმხურვალე სტალინისტია. მისთვის სტალინსტობა ქრისტიანობასთან სინთეზში მყოფი ერთგვარი რელიგიური ფორმაა. რადიო თავისუფლების არქივში დაცულ კადრებში ჩანს, პირჯვრის გადაწერით როგორ ლოცულობს იგი სტალინის ძეგლის წინ.მისი უნივერსიტეტის ფოიეში, წლების განმავლობაში, სტალინის უზარმაზარი პორტრეტი ილია ჭავჭავაძის პორტრეტთან ერთად ეკიდა. რექტორი და ლექტორი ერთმანეთის პირისპირ საჯაროდ აღმოჩნდნენ გორის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც იხილავდა სტალინის ძეგლის ხელახლა აღმართვის საკითხს გასული წლის ოქტომბერში. არინა თავაქარაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ ეს სხდომა წყალგამყოფი აღმოჩნდა. მას შემდეგ მასთან უნივერსიტეტის ადმინისტრაციას კომუნიკაცია აღარ ჰქონია და იგი სამსახურიდან დაითხოვეს. „საკრებულოს სხდომაზე გამოვედი როგორც მოქალაქე და ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირე. ჩემდა სამწუხაროდ, იქითა მხარეს იჯდა იმ უნივერსიტეტის რექტორი, რომელშიც მე ვმუშაობ, ძალიან მიყვარს და ძალიან მიყვარს ასევე სტუდენტები. ამის შემდგომ, ჩვენ აღარ შევხვედრივართ ერთმანეთს არც ადმინისტრაციულ შეხვედრებზე და არც პრივატულად.“

თავად ვალერი სუხიშვილი, უნივერსიტეტის რექტორი გორში, რუსთავი 2–თან აცხადებს, რომ თანამშრომლის განთავისუფლების მიზეზი მისი ანტისტალინისტობა არ ყოფილა: „ესაა პროვოკაცია, სად წერია, დოკუმენტურად ხომ უნდა შეისწავლოთ. თუ დამიდასტურდება მე ეგ მიზეზი, თავიდან ბოლომდე, დღესვე დავშლი ამ უნივერსიტეტს“.

ფაქტია, რომ გარდაცვალებიდან 63 წლის, საბჭოთა კავშირის დაშლიდან კი 25 წლის შემდგომ სტალინი ადამიანთა ცნობიერებაში ისევ ღრმადაა ჩაბეჭდილი. დღეს სტალინისტების გვერდით დგას ის პოლიტიკური ძალაც, რომელიც ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანებას მოითხოვს და საპარლამენტო არჩევნებზე გარკვეული შედეგის მიღებას იმედოვნებს. რა ფენომენია სტალინი და რატომაა ის ასე ჯიუტად დაუსრულებელი. ამის შესახებ ამერიკის ხმა თსუს პროფესორს, უახლესი ისტორიის სპეციალისტს ბონდო კუპატაძეს ესაუბრა. „აქაა საუბარი ჰომო–სოვიეტიკუსზე – საბჭოთა ადამიანზე. 1991 წელს კი დაინგრა საბჭოთა კავშირი, მაგრამ შეიძლება ნახევარი საუკუნე (91–დან) დასჭირდეს ამ პროცესის დასრულებას. დაახლოებით, ათი წლის განმავლობაში იყო რაღაც ილუზია იმისა, რომ ეს პრობლემა არ არსებობდა, მაგრამ ეს გახლდათ ილუზიური. უბრალოდ, პრობლემა არ ჩანდა, რადგან რაღაც–რაღაც მიზეზების გამო, საზოგადოების ამ ნაწილს ეშინოდა თავის წარმოჩენის, თავისი იდეების წარმოდგენის, გავრცობის და ასე შემდეგ. სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ ეს იყო დროებით დაკონსერვებული პრობლემა. ეს პრობლემა არის ძალიან ღრმა, ძალიან საფუძვლიანი და ამ პრობლემის გადაწყვეტას, პირველ რიგში ჭირდება განათლება, რადგან ის ქვეყნის განვითარებას, საზოგადოების განვითარებას უშლის ხელს. სინამდვილეში, ეს ბევრად უფრო რთული პრობლემაა. სიახლის, პროგრესის, განვითარებისადმი შიშს უკავშირება და ეს შიში ისევ და ისევ გაუნათლებლობიდან მოდის. ეს ერთი უბედურებაა, რაც ჩვენ გვჭირს და მეორე ის, რომ ამ ყველაფერს ბევრად უფრო რთული დატვირთვა აქვს, პოლიტიკურ აქცენტებს ვგულისხმობ. რუსეთი ამას იყენებს. არჩევნები ახლოვდება 2016–ის და გარკვეული პოლიტიკური ძალები, ამით მანიპულირებენ, ესაა რეალურად, თანამედროვე რუსული მოდერნიზებული იმპერიული იდეოლოგიის ერთ–ერთი მთავარი საყრდენი. ტრადიციული იდეოლოგია, რაც პეტრე პირველისა და ეკატერინეს მმართველობის დროს ჩამოყალიბდა: ხალხურობა, მართლმადიდებლობა, იმპერიის, ანუ იმპერატორის გენი – ესაა სამი ფუნდამენტი, რაზეც დგას რუსული იმპერიული იდეოლოგია. მათ შორის, ერთ–ერთი ფუნდამენტი არის სტალინი, რადგან თანამედროვე რუსულ იდეოლოგიაში სწორედ სტალინთან ასოცირდება ძლიერი იმპერიის, ძლიერი დერჟავის შექმნა. ძველი საბჭოური გამოთქმა რომ გავიხსენოთ, სტალინი დღეს არის ლენინიო, დაახლოებით ასევეა: პუტინი დღევანდელი სტალინი – დაახლოებით, ასეთ ფორმულირებას ახდენს რუსული ოფიციალური სახელმწიფო იდეოლოგია. აქედან გამომდინარე, სტალინი და სტალინიზმი პირდაპირ უკავშირდება იმას, რასაც დღევანდელი რუსული სახელმწიფო იდეოლოგია ახორციელებს. ბევრი, მართლაც, შეიძლება გუმწრფელადაა განწყობილი, სტალინიზმი თავისებურ რელიგიად ჩამოყალიბდა მათთვის. მესმის, რომ ბევრს არ ესმის, რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავს ეს. შესაძლოა ადამიანი სახლში იჯდეს და სტალინის ძეგლზე ლოცულობდეს და ეს არავის პრობლემა არაა და არც არავის საქმე არაა, ვისაც რა სურს, დაე ის აკეთოს, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს საჯარო ხასიათი აქვს და სახელწმიფო ინტერესებთანაა დაკავშირებული, ეს უკვე საფრთხის შემცველია. ამ ადამიანებსაც რომ ესმოდეთ, რომ იაზრებდნენ ვისი თამაშის, ვისი შემადგენელის ნაწილად შეიძლება იქცნენ და რა საფრთხეს შეიძლება ქმნიდეს მათი სამშობლოსთვის ეს ყველაფერი, ამის გააზრება მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა.“

სტალინიზმი სტალინის გარდაცვალებიდან 63 წლის შემდგომდროინდელ საქართველოში არა მხოლოდ თავისებური რელიგიაა, არამედ პოლიტიკური ბძროლის იარაღიც. პროფესორი ბონდო კუპატაძე ამბობს, რომ რუსული პროპაგანდა სტალინს მოხერხებულად იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნების რეალიზებისთვის.

XS
SM
MD
LG