ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული დეზინფორმაცია და კრემლის ტროას ცხენი


კრემლის კედელი

რუსეთის მცდელობა გავლენა მოახდინოს ამერიკასა და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე აქტიური განხილვის საგანია. კრემლი ამ პროცესში სხვადასხვა მეთოდებს მიმართავს, ისეთს როგორიცაა მედია საშუალებები (Russia Today, Sputnik), კიბერ შეტევები, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, ეკონომიკური ზეწოლა და პოლიტიკური კავშირების დამყარება ადგილობრივ პარტიებთან.

28 თებერვალს, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში რუსულ დეზინფორმაციაზე შეხვედრა გაიმართა, სადაც კრემლის სტრატეგიაზე საუბრობდნენ და განიხილავდნენ, თუ როგორი უნდა იყოს დასავლეთის პასუხი ამ ქმედებების წინააღდეგ. შეხვედრაზე მომხსენებელთა თქმით, რუსეთს მიზნები დეზინფორმაციის კამპანიის წარმოებისას დასავლეთის დესტაბილიზაცია, უთანხმოების გაღვივება და დასავლური ლიბერალური ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრაა.

„რუსეთი ცდილობს დეზინფორმაციის კამპანიის მეშვეობით ევროპაში კონსენსუსისთვის ძირის გამოთხრას. ის ცდილობს წაშალოს ზღვარი იმას შორის, თუ რა არის ფაქტი და რა არის ფიქცია, ეს რუსეთის ომის ნაწილია. თუ ნახავთ გერასიმოვის 2013 წლის დოქტრინას, ის პირდაპირ საუბრობს, რომ რუსეთი გამოიყენებს არაპირდაპირ და ასიმეტრიულ მეთოდებს გავლენის მოსაპოვებლად“ - ამბობს ალინა პოლიაკოვა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის მკვლევარი.

დეზინფორმაცია ერთ-ერთი მთავარი მეთოდია, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმები მიმართავენ საკუთარ მოსახლეობაზე გავლენის მოსაპოვებლად. დღეს, რუსეთი და სხვა ავტორიტარული რეჟიმები ამ სტრატეგიას საერთაშორისო არენაზეც იყენებენ. მას შემდეგ რაც რუსეთის სათავეში ვლადიმირ პუტინი მოვიდა, საინფორმაციო ომი და პროპაგანდა, კრემლის ერთ-ერთი მთავარი ხერხია გავლენის მოსაპოვებლად. მოსკოვმა ეს ტაქნიკა თავდაპირველად საკუთარ სამეზობლოში გამოსცადა.

დეზინფორმაციის მიღმა მოსკოვი გავლენის სხვა ბერკეტებსაც იყენებს. საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ის მხარს უჭერს ანტი-დასავლურ პოლიტიკურ ძალებს და ორგანიზაციებს და ცდილობს ენერგო-რესურსების გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის. ამასთან, კრემლი ცდილობს იმის წარმოჩენას, რომ დასავლეთი „გარყვნილი“, თავად კი „ტრადიციული მორალის დამცველია.“

პოსტ-საბჭოთა სივრცის მიღმა, გავლენის კამპანიის წარმოებას მოსკოვი, ევროპასა და ამერიკაშიც ცდილობს. რეგიონისგან განსხვავებით, აქ კრემლის მიზანი ევროკავშირის და NATO-ს დასუსტება და ინსტიტუციებისადმი ნდობის გაქრობაა. ეს საკითხი, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ვაშინგტონში აქტიურად განიხილება, მას შემდეგ რაც ამერიკის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საკითხი გამოიკვეთა.

„თუ დავაკვირდებით, მაშინ როდესაც დემოკრატიული რეჟიმები თვლემენ, ავტორიტარული მთავრობები იყენებენ ამას როგორც უპირატესობას... დეზინფორმაცია ტერმინია, რომელიც ბევრ ელემენტს მოიცავს. ისინი ცდილობენ ნარატივის გავრცელებას მედიის კონტროლით, მედიის დაფინანსებით და შექმნით (როგორიცაა „Russia Today” ანდა „სპუტნიკი“), სახელმწიფო მედიის მეშვეობით, ამასთანავე ინტერნეტ ტროლების, ბოტების და კვლევით ინსტიტუტებზე დაყრდნობით, რომლებიც სამეზობლოში და მის მიღმა, მათ შორის ამერიკაში ახერხებენ შეღწევას. ეს ჯგუფები ერთმანეთთან ნაკლებ კავშირშია და განსხვავება, თუმცა ისინი კრემლის მიზნებისკენ მუშაობენ. იგივე გვხვდება თეირანისა და პეკინის შემთხვევაში“, - განაცხადა კრისტოფერ ვოკერმა, NED-ის ვიცე პრეზიდენტმა კვლევების და ანალიზის მიმართულებით.

გავლენის გაძლიერების მიზნით, კრემლი იმ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობს, რომლებიც მოსკოვის დღის წესრიგის შესაბამისად მოქმედებენ. ევროკავშირის მოწინააღმდეგე პარტიები ევროპის შიგნით მოსკოვთან ახლო კავშირში არიან. რუსულმა ბანკმა, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე, ეროვნული ფრონტის ლიდერს, მარინ ლე პენს, სესხიც კი მისცა.

ამ ძალების პოლიტიკური კაპიტალი ადგილობრივ უკმაყოფილებებზეა აგებული, რომლის გაღვივებასაც კრემლი ცდილობს. ეს პუტინის სტრატეგიულ ხედვას ეხმარება, რომლის მიზანიცაა, რომ ევროპის შიგნით კონსენსუსი დაანგრიოს. ევროპაში ისეთი პარტიები, როგორიცაა „ფლანდრიული ინტერესი“ ჰოლანდიაში, ავსტრიის თავისუფლების პარტია, ალტერნატივა გერმანიისთვის, იობიკი უნგრეთში და ა.შ. პრო-რუსულ პოზიციებს იჭერენ სხვადასხვა საკითხებზე. „და ეს რუსეთს ბევრი არ უჯდება“, - ამბობს პოლიაკოვა.

რუსეთი დასავლეთის პრულარისტური გარემოს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით, მედიის, ტროლების გამოყენებით თუ სხვა ორგანიზაციების მეშვეობით ის საკუთარი ნარატივით დასავლურ დემოკრატიულ საზოგადოებაში აღწევს.

„ცალკეული შემთხვევები არ არის პრობლემა, პრობლემაა გლობალური ტრენდი და გამოსავალი აქედან არის თავის დაცვა, მდგომარეობის იმ მიმართულებით, წაყვანა საითაც შენ გინდა“, - ამბობს ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი ალისტერ მისკიმონი.

მედიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მსოფლიოს გარშემო ნდობა მცირდება, და ცრუ ინფორმაციის გავრცელება ასე ადვილი არასდროს ყოფილა. სწორედ არსებული გამოწვევების პირისპირ, მიმომხილველთა თქმით, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა უნდა გაანალიზონ, რომ მათ ტერიტორიაზე ათწლეულების მანძილზე მიღწეული პროგრესი რუსული გავლენისგან დაცვას საჭიროებს.

პროფესორ ო’ლოგლინის მიხედვით, რუსული დეზინფორმაციის თავიდან აცილება ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში.

„მნიშვნელოვანია სად იქნება ამერიკა, იქნება ის ლიდერი თუ არა. ეს ქმნის შესაძლებლობას რუსეთისთვის არსებულ ვაკუუმში შეეცადოს გავლენის მოპოვებას. რამდენხანს გაგრძელდება ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გაირკვევა, თუ როგორი პოლიტიკა ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებს“, - აღნიშნა პროფესორმა ბენ ო’ლოგლინმა, ლონდონის უნივერსიტეტიდან.

საფრანგეთის, გერმანიის და ჰოლანდიის მომავალი არჩევნების კვალდაკვალ, ევროპის ლიდერები შიშობენ, რომ რუსეთი თავის სასარგებლოდ აქაც ეცდება ბალანსის შეცვლას.

XS
SM
MD
LG