ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯენსენი: 2008 წელმა აშშ-საქართველოს ურთიერთობები შეცვალა


"ამერიკის ხმა" ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ცენტრის მკვლევარს და რუსეთის ექსპერტს დონალდ ჯენსენს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე ესაუბრა.

2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შემდეგ 8 წელი გავიდა. როგორ იხსენებთ ამ ომს?

ბანალურად ჟღერს ალბათ, მაგრამ გუშინდელი დღესავით მახსოვს. განსაკუთრებით ორი ასპექტი: მახსოვს რამდენად ქაოტური იყო საბრძოლო ველი და როგორ ცდილობდა ორივე მხარე საკუთარი საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, სინამდვილეში რეალური მესიჯის გარეშე. პრესის მიმოხილვაც ძალიან მიკერძოებული იყო. ყველა მხოლოდ ან ერთ ან მეორე მხარეზე საუბრობდა სიღრმისეული ანალიზის და კონტექსტის გარეშე. ომის შემდეგ გამოჩნდა ის, თუ რამდენად გულუბრყვილო დამოკიდებულება გვქონდა ამერიკაში მედვედევთად დაკავშირებით. ომი ბუშის ადმინისტრაციის დასასრულს და ობამას ადმინისტრაციის დასაწყისში მოხდა. ობამამ მაშინვე დაიწყო, ეგრეთწოდებული, გადატვირთვის პოლიტიკა, თითქოს არაფერი მომხდარა. არადა, ეს ცივი ომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.

საბოლოო ჯამში, კრემლის რეპუტაციამ, რომ მისი მოქმედებები არაპროგნოზირებადია, დასავლეთში ბევრი ლიდერი შეაშინა.
დონალდ ჯენსენი

თქვენი აზრით, ომის შემდეგ რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნებისადმი დამოკიდებულება შეიცვალა?

უდავოდ! მიუხედავად იმისა, რომ ომი გაურკვეველი შედეგებით დასრულდა, კრემლის გადმოსახედიდან ეს უდიდესი გამარჯვება იყო საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ომმა ფაქტობრივად გაყინა საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა. ის ასევე დაეხმარა კრელმს ყოფილ საბჭთა სივრცში საკუთარი ძალის და გავლენის დემონსტრირება მოეხდინა. გარდა ამისა, იმის გამო, რომ ნატომ და დასავლთმა ომზე ეფექტური რეაგირება არ მოახდინეს, ამით ალიანსის სანდოობა შეირყა. ამან რამდენიმე წელში უკრაინაში წარმოებულ ოპერაციას ჩაუყარა საფუძველი. საქართველო პირველი მოქმედება იყო, უკრაინა კი მეორე.

დასავლეთმა ისწავლა რამე ამ გამოცდილებიდან?

დასავლეთს პირველ რიგში ის უნდა ესწავლა, რომ მოკავშირემ - ამ შემთხვევაში საქართველომ - ზუსტად უნდა იცოდეს რას გააკეთებს და რას არა მისთვის ამერიკა. ჯერ ისევ მიმდინარეობს დებატები იმაზე თუ რა მოხდა მაშინ ვაშინგტონ-თბილისის ურთიერთობაში. მეორე გაკვეთილი კი ის უნდა იყოს, რომ ერთიანობას ძალიან დიდი ძალა აქვს. ალბათ, გახსოვთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საკმაოდ გაურკვეველი იყო, რომელიც დღემდე არ არის შესრულებული. ეს სწორედ ერთიანობის თემასთანაა კავშირში.

2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ, დასავლეთმა რუსეთს ეს ერთობა აჩვენა - გამოხატა ისეთი დამსჯელი მექანიზმების გამოყენებისთვის მზადყოფნა, როგორცაა სექტორული და პერსონალური სანქციები. 2008 წელს მსგავსი ნაბიჯები სერიოზულად არც კი განიხილებოდა. რას უკავშირებთ ორი ძალიან მსგავსი სიტუაციისადმი ასე რადიკალურად განსხვავებულ მიდგომას?

ჩემი აზრით, 2008 წელს შეხედულებები იმაზე, თუ როგორ დაიწყო ომი იმდენად გაურკვეველი იყო, რომ დასავლეთში ბევრი ადამიანი მოერიდა რუსეთის ისე მკაცრად დადანაშაულებას, როგორც ეს უნდა მომხდარიყო. ის ცხადი იყო, რომ ცეცხლის გახსნის პროვოცირება რუსეთმა გააკეთა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარი ყველას არ სურდა. გარდა ამისა, დასავლეთი არც უკრაინის შემთვევაში იყო თავიდანვე გაერთიანებული. მხოლოდ სამოქალაქო თვითმფინავის ჩამოგდების შემდეგ მოხდა დასავლეთის ბოლომდე გაერთიანება.

როგორც თქვენ ამბობთ, 2008 წლის ომმა რუსეთი წააქეზა, რაც ნაწილობრივ იმით იყო გამოწვეული, რომ დასავლეთს ერთიანი პოლიტიკა არ ჰქონდა. თუ თქვენ ამბობთ, რომ უკრაინის შემთხვევაში დასავლეთი გაერთიანდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ერთიანი მიდგომა მოსკოვის საგარეო პოლიტკაზე რაიმე გავლენას იქონიებს?

ჩემი აზრით, რუსეთი თითოეულ ქვეყანას ცალ-ცალკე განიხილავს იქნება ეს პოლონეთი, ესტონეთი, საქართველო, საფრანგეთი, უნგრეთი... და თითოეულ ქვეყანაზე ფიქრობს, თუ რა მეთოდი გამოიყენოს მათ წინააღმეგ - სამხედრო, ეკონომიკური თუ პროპაგანდა. ზოგჯერ გარკვეულ ძალებს ფულსაც აძლევენ, მაგალითად საფრანგეთში ანტი-დემოკრატიულ ძალებს. ჩვენ საინფორმაციო ომი, ან ინფორმაცია, როგორც საბრძოლო ძალა რუსეთის პოლიტიკის ან საბრძოლო არსენალის ნაწილად უნდა განვიხილოთ.

დასავლეთსაც აქვს მსგავსი მიდგომა - ვთქვათ, ეს კონკრეტული მეთოდი იმუშავებს საქართველოში, მაგრამ არა უკრაინაში?

არ მგონია დასავლეთს ასთი მკაფიო პოლიტიკა ჰქონდეს. ჩვენი პოლიტიკა უფრო რეაქციის გაკეთებაზეა ორიენტირებული და ნაკლებადაა გათვლილი. მაგალითად, ობამას ადმინისტრაციას არ სურს ევროპის საკითხებში ღრმად ჩარევა და ამბობს უკრაინის პრობლემა ევროპამ უნდა მოაგვაროსო. მას ასევე არ სურს საქართველოსა და ნატოს საკითხზე მუშაობა მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს. ამას არ აკეთებს იმის გამო, რომ ეს საშიში პოლიტიკა იქნება. საბოლოო ჯამში, კრემლის რეპუტაციამ, რომ მისი მოქმედებები არაპროგნოზირებადია, დასავლეთში ბევრი ლიდერი შეაშინა.

თქვენი აზრით, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები შეიცვალა 2008 წლის შემდეგ?

უდავოდ! ჩემი აზრით, ამერიკა დღეს საქართველოსთან ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებასთან დაკავშირებით გაცილებით მეტ სიფრთხილეს იჩენს. ამ თემასთან მსუბუქი ფლირტიც კი არ გვაქვს. ამის გამო, საქართველო უკანა პლანზეა გადაწეული ობამას ადმინისტრაციის დროს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თუ საქართველოზე ძალიან ბევრს საუბრობ, ვაშინგტონისთვის შემაწუხებელი ფაქტორი ხდები. ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ეს შეხედულება, ალბათ, შეიცვლება. მე საქართველოს მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა მაწუხებს. მაგრამ მიმდინარე პერიოდში, შედარებით ჩუმად ყოფნამ და ზედმეტი ხმაურისგან თავის შეკავებამ, შეიძლება საქართველოსთვის კარგად იმუშაოს. თუმცა, ახალ ადმინისტრაციასთან ძალისხმევა უნდა განახლდეს.

კონკრეტულად რას გულისხმობთ, რა უნდა გაკეთედეს?

ჩემი აზრით, თუ არჩევნებში კლინტონი გაიმარჯვებს, კარგი იქნება საქართველო-ნატოს საკითხის ხელახლა და აქტიურად წამოჭრა. ვფიქრობ, ვაშინგტონში საქართველოს ბევრი გულშემატკივარი ეყოლება.

და თუ ტრამპმა გაიმარჯვა?

ტრამპთან დაკავშირებით ვფიქრობ შეწუხებულები უნდა ვიყოთ - და მე ამას როგორც რესპუბლიკელი ისე ვამბობ. ტრამპი ყველანაირად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს საკითხები არ აინტერესებს. ის ბიზნესმენია და იცის გარიგებებში შესვლა. მე ვფიქრობ ის პუტინსაც გაურიგდება რაღაც გზით. ეს დიდი პრობლემაა და ამის გამო რუსეთის სამეზობლოში მოვლენებს ფრთხილად უნდა დააკვირდნენ.

XS
SM
MD
LG