ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანალიტიკოსები რუსეთ-საქართველოს ომს იხსენებენ


ამერიკელი მიმომხილველები ფიქრობენ, რომ რვა წლის წინ რუსეთის საქართველოში ინტერვენციამ და ჰელსინკის აქტის დარღვევამ მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას ჩაუყარა საფუძველი. მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად დასავლეთს მეტი ერთობა, საქართველოს კი რეალისტური მოლოდინები, რეფორმები და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სჭირდება.

ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში, ზალმაი ხალილზადი ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრისას, მიიჩნევს, რომ ომი უკრაინაში 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა:

"2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიით, რუსეთმა მეზობელი ქვეყნების მოსადრეკად თამაში წამოიწყო. რვა წლის წინ მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში კრიზისი წარმოიშვა. გავაკეთეთ ის, რომ აგრესორი თბილისში ვერ შევიდა და მარიონეტი მთავრობა ვერ დასვა. პუტინმა დამპყრობლური გეგმების ხორცშესხმა განაგრძო. ყირიმისა და აღმოსავლეთი უკრაინისა მოვლენები ევროპის პოლიტიკური რუკის შეცვლის მცდელობაა. ვფიქრობ, პუტინის კონცეფცია უკეთ უნდა შევისწავლოთ, რათა მას სათანადო მოქმედებები დავუპირისპიროთ."

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანის, დღეს კი "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის" პოლიტოლოგის, ჯეფრი რათკეს აზრით, ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ, მოსკოვმა საქართველოში ეთნიკური დაპირისპირება გაამწვავა:

"ბუქარესტის სამიტზე საქართველოს გაწევრიანების შესახებ ორაზროვანი სიგნალი გაკეთდა. მოსკოვმა ამ მომენტით ისარგებლა. მან დაპირისპირება გააღვივა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება დაბლოკა. დღეს რუსეთი მეტი მონდომებით აგრძელებს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, რათა ახალი სამხედრო მოქმედებები იმაზე უკეთ ჩაატაროს, ვიდრე ეს საქართველოსა და უკრაინაში გააკეთა. დასავლეთმა რუსეთს მეტი ერთიანობა და სიმტკიცე უნდა დაუპირისპიროს. საქართველოს გაკვეთილი კი ისაა, რომ მას რეალისტური მოლოდინები უნდა ჰქონდეს, გააღრმაოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, იზრუნოს განვითარებასა და გაჯანსაღებაზე."

XS
SM
MD
LG