მიმდინარე კვირის დასასრულს ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შემაჯამებელი შეხვედრები გაიმართება. როგორც მოსალოდნელია, ხსენებულ შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება ფონდის მმართველობაში განვითარებადი სამყაროს წარმომადგენლების მონაწილეობას დაეთმობა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭო 24 წევრისგან შედგება. სწორედ ეს ორგანო ამტკიცებს მილიარდობით დოლარის სესხს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გლობალური ფინანსური კრიზისის გამო დაზარლდნენ. საბჭოს წევრთა ერთი მესამედი ევროპული ქვეყნებისგან შედგება. მათ შორის ისეთი მცირე ქვეყნები არიან როგორიც არის ბელგია და ნიდერლანდები, მაგრამ, როგორც ჩანს, მალე საბჭოს შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდს აღმასრულებელ საბჭოში განვითარებადი ქვეყნების გავლენის გაზრდა სურს. ამდენად ევროპა ზეწოლას განიცდის, რომ საბჭოს ადგილების გარკვეული ნაწილი სხვა ქვეყნებს დაუთმოს.
ეკონომიკური განვითარების პროგრამების ფინანსური კოორდინატორი არასამთავრობო ორგანიზაცია ActionAid International-ში სორენ ამბროზი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად აღმასრულებელ საბჭოში 20 წევრი შედიოდა. შემდგომში წევრობა 24-მდე გაიზარდა და ყოველ ორ წელიწადს საბჭოს წევრებმა ადგილების რაოდენობა უნდა დაამტკიცონ. შეერთებული შტატების მთავრობამ განაცხადა, რომ ამერიკა წევრების რიცხვს დაამტკიცებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპელები აღმასრულებელ საბჭოში წარმომადგენლების რიცხვს შეამცირებენ.
თუ ოქტომბრის ბოლომდე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, მაშინ ამბროზის თქმით, საბჭოს შემადგენლობა ავტომატურად შემცირდება.
„თუ არავითარი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, ჩვენ საბჭოში ავტომატურად ოთხ ადგილს დავკარგავთ. ხმის მნიშვნელობის მიხედვით გაუქმდება ოთხი ადგილი, რომელიც ინდოეთს, ბრაზილიასა და არგენტინას ეკუთვნის. მოგეხსენებათ, რომ სამივე ხსენებული ქვეყანა დიდ ოცეულში შედის. მათ აღმასრულებელ საბჭოში დარჩენის უფლება დიდი ხანია რაც დაიმსახურეს. ხოლო მეოთხე ადგილი საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე რეგიონის ქვეყნებს ეკუთვნის და ამ ქვეყნების გათიშვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოდან არ იქნება მიზანშეწონილი რადგან ეს სახელმწიფოები ფონდის სესხებს უკვე 30 წლის მანძილზე ღებულობენ,“ აღნიშნა სორენ ამბროზმა.
მისი თქმით, თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდში რეფორმები განხორციელდა, შედეგად საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების კატეგორია მოიგებს. ანუ ისეთი სახელმწიფოები როგორიც არის თურქეთი ან ფილიპინები. რეფორმები უღარიბესი ქვეყნების კატეგორიას სარგებელს არ მოუტანს. ეს კი იმით აიხსნება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ საბჭოში ხმები გლობალურ ეკონომიკაში ქვეყნების „შედარებითი წვლილის“ მიხედვით ნაწილდება. ამბროზი აღნიშნავს, რომ ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ხმა საბჭოში თითქმის უმნიშვნელოა და რეფორმების შედეგად ის შეიძლება კიდევ უფრო უმნიშვნელო გახდეს.
აღმასრულებელი საბჭოს საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების კატეგორია ამჟამად ტაილანდს, ეგვიპტეს, ირანსა და ინდოეთს აერთიანებს.
ამბროზი აღნიშნავს, რომ მის ორგანიზაციას ActionAid-ს ურჩევნია, რომ ხმების მნიშვნელობა ქვეყნის მოსახლეობას ეფუძნებოდეს. მისი თქმით საბჭოში ხმის მნიშვნელობა უნდა აგრეთვე განისაზღვრებოდეს ფონდის მიერ გამოყოფილი სესხების გადახდით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედებზე განხილული იქნება აგრეთვე განვითარებადი ქვეყნებისთვის სესხების გაცემის სრულყოფის საკითხები. ამას გარდა, დისკუსიების საგანი იქნება ახლო მომავალში გლობალური სტაბილიზაციის მექანიზმის წარდგენა. ამ მექანიზმის მთავარი ამოცანა იქნება გლობალური ეკონომიკური აუცილებლობის შემთხვევაში დიდი მოცულობის სესხების რამდენიმე ქვეყნისთვის ერთდროულად გაცემა.
ამბროზი დასძენს, რომ გაურკვეველია რამდენად იქნება მიღწეული კონსენსუსი შეხვედრების შედეგად. თუ შეხვედრებმა არანაირი შედეგი არ გამოიღეს, მაშინ განრიგში შეტანილი საკითხების განხილვა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს რეფორმის ჩათვლით, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ნოემბერში დაგეგმილი დიდი ოცეულის უმაღლესი დონის შეხვედრაზე გაგრძელდება.