ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2010 წელს მსოფლიო ეკონომიკა 4.8 პროცენტით გაიზრდება


2010 წელს მსოფლიო ეკონომიკა 4.8 პროცენტით გაიზრდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად 2011 წელს გლობალური ეკონომიკური განვითარების ტემპი მოსალოდნელზე უფრო ნელი იქნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად 2011 წელს გლობალური ეკონომიკური განვითარების ტემპი მოსალოდნელზე უფრო ნელი იქნება, რაც ძირითადად განვითარებად სამყაროში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობით აიხსნება. მართალია მზარდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებში ეკონომიკური განვითარების ტემპი სწრაფია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით ჩინეთი და სხვა მსგავსი ქვეყნები ძალიან დამოკიდებულები არიან ექსპორტზე.

შეერთებულ შტატებსა და ევროპის მდიდარ სახელმწიფოებში ნელი ეკონომიკური განვითარების ტემპის მიუხედავად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად წელს გლობალური ეკონომიკა 4.8 პროცენტით გაიზრდება. ხოლო 2011 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკური მრჩეველი ოლივიე ბლანჩარდი აღნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდის ლომის წილი მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე მოდის, განსაკუთრებით აზიის რეგიონში.

„ჩვენი პროგნოზის თანახმად მზარდი და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების წილი 2010 წლის გლობალურ ეკონომიკაში 7.1 პროცენტს მიაღწევს. ხოლო 2011 წელს ეს მაჩვენებელი 6.4 პროცენტამდე შემცირდება. აზიის რეგიონის სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში კი ეკონომიკური ზრდის ტემპი წელს 9.4 პროცენტს მიაღწევს, მაგრამ მომავალ წელს ეს მაჩვენებელი 8.4 პროცენტამდე შემცირდება,“ აღნიშნა ბლანჩარდმა.

მისი თქმით, მყიფე და არათანაბარი ეკონომიკური გამოცოცხლების შესანარჩუნებლად მსოფლიო ეკონომიკაში ეკონომიკურ ძალთა გადანაწილება უნდა მოხდეს.

„უფრო დაბალანსებული ეკონომიკური გამოცოცხლების მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა ორი საკმაოდ რთული დამაბალნსებელი ზომის მიღება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროგნოზის მთავარ თემას სწორედ ეკონომიკური ძალების დაბალანსება წარმოადგენს,“ აღნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტი.

ბლანჩარდს მიაჩნია, რომ ხსენებული ამოცანის მისაღწევად შეერთებულმა შტატებმა და სხვა მდიდარმა ქვეყნებმა საკუთარი ექსპორტი უნდა გაზარდონ. ხოლო სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებმა უცხოურ ბაზრებზე დამოკიდებულება უნდა შეამცირონ და საკუთარ საშინაო ბაზრებზე მოთხოვნის სტიმულირება უნდა დაიწყონ.

ბალანსის მიღწევის თემა შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ტიმოთი გეითნერის გამოსვლაშიც აისახა. გეითნერი შენიშნვებით ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის ინსტიტუში გამოვიდა. ჩინეთის ხსენების გარეშე გეითნერმა პეკინს ჩინური ფულის ერთეულის ღირებულების მომატებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ გვჯერა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა უფრო დრეკადი და ბაზარზე ორიენტირებული გაცვლითი სისტემები შემოიღონ. ეს განსაკუთრებით იმ ქვეყნებს ეხება, რომელთა ფულადი ერთეულები ხელოვნურად შემცირებულია,“ განაცხადა გეითნერმა.

შეერთებული შტატების მთავრობას სჯერა, რომ ჩინეთის მთავრობა ჩინური ფულადი ერთეულის ღირებულებას განგებ ამცირებს რათა გლობალურ ბაზარზე ქვეყნის ექსპორტი იაფი იყოს და შესაბამისად კარგად გაიყიდოს. სამაგიეროდ ჩინეთში მიმავალი იმპორტი ბევრად უფრო ძვირია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით გაცვლითი კურსის საკითხი და გლობალური ეკონომიკის დაბალანსება წელს სამხრეთ კორეაში დაგეგმილი დიდი ოცეულის ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრაზე დღის წესრიგში შევა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ შაბათ-კვირას ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრები გაიმართება. როგორც მოსალოდნელია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრაზე ფონდის მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები იქნება განხილული.

XS
SM
MD
LG