ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაიზარდა თუ არა რადიაციის რისკი ამერიკაში?


გაიზარდა თუ არა რადიაციის რისკი ამერიკაში?
გაიზარდა თუ არა რადიაციის რისკი ამერიკაში?

სოკოს ფორმის ღრუბელი ჯერ კიდევ ბევრს აგონებს ცივი ომის პერიოდში მიმდინარე გამალებულ ბირთვულ შეიარაღებას და რადიაციით დასხივების ტოტალურ შიშს. 60 წლის წინ კამერამ ამერიკის უდაბნოში ერთ-ერთი პირველი ატომური იარაღის გამოცდა დააფიქსირა. შემდეგ იყო ორი ბომბის აფეთქება ჰიროშიმა და ნაგასაკში, რამაც მეორე მსოფლიო ომს ფაქტიურად წერტილი დაუსვა. მოგვიანებით ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა ერთმანეთის შიში და სიფრთხილე ისწავლეს.

ატომურ ენერგიას მშვიდობიანი გამოყენების გზაც მოუძებნეს და მისი მთავარი ფუნქცია სუფთა და პრაქტიკულად უსაზღვრო რაოდენობის ელექტროენერგიის წარმოება გახდა. შემდეგ ორი სერიოზული ბირთვული კატასტროფა მოხდა: 1979 წელს ამერიკაში, სამი მილის კუნძულზე და 86-ში საბჭოთა კავშირში, ჩერნობილის რეაქტორზე. ადამიანებში რადიაციული დასხივების შიში ისევ დაბრუნდა.

რუსი მეცნიერი და გარემოს დამცველი, ალექსი იაბლოკოვი, რადიაციის და ბირთვული უსაფრთხოების ექსპერტია. მისი თქმით, ჩერნობილმა ათასჯერ მეტი ზიანი მოუტანა ადამიანებს და გარემოს, ვიდრე სამი მილის კუნძულმა. საბჭოთა მთავრობამ პირველი აფეთქებიდან 36 საათის განმავლობაში კატასტროფის დამალვით უმნიშვნელოვანესი დრო დაკარგა. იქ ათასობით ადამიანი დაიღუპა და 25 წლის შემდეგ ჯერ კიდევ იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი.

„ჩერნობილის გამო რამდენიმე თაობა დაავადდა. კატასტროფამ ადამიანების ჯანმრთელობას უდიდესი გენეტიკური ზიანი მიაყენა. უზარმაზარი... ჩერნობილის დავიწყება შეუძლებელია“.

იაპონიაში ფუკუშიმას ბირთვული კრიზისის გამო მთელი დედამიწა რადიაციის საფრთხის პანიკამ მოიცვა. საინტერესოა, რამდენად რეალურია ჩვენი შიში? ჯერალდ ეფსტინი ამერიკის მეცნიერებათა ასოციაციდან ამბობს, რომ ჩვენ მცირე დოზით რადიოაქტიურ ნივთიერებებს თითქმის ყოველდღიურად ვიღებთ.

„რადიაცია პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენიდან არსებობს. უარყოფითი ეფექტის მიუხედავად იგი მუდამ ჩვენთან ერთად იყო. საკითხავი ის არის, იაპონური რეაქტორის დაზიანების გამო რადიაციის რისკი გაიზარდა თუ არა ამერიკაში? პასუხი აქ ერთმნიშვნელოვანია: რისკი რომც არსებობდეს, ის მინიმალურია“.

აეროპორტში, ყოველი გაფრენის წინ, უსაფრთხოების ლითონის დეტექტორის ქვეშ გავლისას რადიაციულ დასხივებას ვიღებთ. თვითმფრინავის აფრენის მომენტშიც ატმოსფერო კოსმიური სხივებით მორიგ დოზას გვიმატებს.

ეფსტინის თქმით, ბუნებრივი რადიაცია არის ქვაში, რომელსაც სახლის ასაშენებელ მასალად ვიყენებთ და იმ მიწაში, რომელზეც ვცხოვრობთ. რადიაციული დასხივება სამედიცინო-დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების გარდა, ხილში და ბოსტნეულში არსებული კალიუმითაც კი ხდება.

იაპონიაში მომხდარი კატასტროფის შემდეგ ამერიკის აფთიაქებში კალიუმის იოდიდზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მომხმარებელს ჰგონია, რომ წამალი რადიაციის სერიოზული გაჟონვის შემთხვევაში მას დასხივების მავნე ზემოქმედებისგან დაიცავს.

„არ მიმაჩნია, რომ საფრთხე არსებობს. და რომც იყოს, წამალი ბევრად უფრო მავნებელი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე თავად დაავადება“.

ეფსტინის ვარაუდით, მომავალში ბევრი ქვეყანა გადახედავს საკუთარ ბირთვულ ამბიციას და რეაქტორების მშენებლობის უსაფრთხოების გეგმებს. და თუ რომელიმე მათგანი ატომურ ენერგიაზე უარს იტყვის, მაშინ ბაზარზე ელექტროენერგიის ახალი წყარო უნდა გაჩნდეს თავისივე ახალი რისკ-ფაქტორებით. შემდეგ კი საზოგადოება გადაწყვეტს, რისკის ალბათობის რომელი დონეა მისთვის უფრო მეტად დასაშვები და მისაღები.

XS
SM
MD
LG