ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

65 წელი ჰიროშიმა-ნაგასაკის ტრაგედიიდან


65 წელი ჰიროშიმა-ნაგასაკის ტრაგედიიდან

ჰიროშიმას მოსახლეობას ფუკუშიმას ელექტროსადგურზე შექმნილი მდგომარეობა ადარდებს

ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილმა კრიტიკულმა მდგომარეობამ იაპონიის მოსახლეობაში მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ჰიროშიმასა და ნაგასაკის დაბომბვის მტკივნეული მოგონებები გააღვივა. იაპონია ბირთვული რადიაციით გამოწვეული საშინელებებისგან ხომ მსოფლიოს ყველა დანარჩენ სახელმწიფოზე უფრო მეტად დაზარალდა. მაგრამ როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჰენრი რიჯუელი იუწყება, ჰიროშიმასა და ნაგასაკის დაბომბვას გადარჩენილი პირები შიშობენ, რომ 1945 წლის მემკვიდრეობა დავიწყებას მიეცა.

ჰიროშიმას მკვიდრი კეიჯირო მაცუშიმა საღამოობით მდინარე ოტას ნაპირზე სეირნობს. ატომური დაბომბვის მსხვერპლთა მემორიალის მახლობლად იგი ჩერდება და ფიქრდება იმ საზრელ ტრაგედიაზე, რომელიც ამ ქალაქში მეორე მსოფლიო ომის მიწურულს დატრიალდა.

კეიჯირო 16 წლის სკოლის მოსწავლე იყო, როცა 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროშიმას ცაში მან ორი ამერიკული ბომბდამშენი შენიშნა.

„ჯერ ვიფიქრე, რომ თვითმფრინავები გარიჟრაჟზე ლამაზად ბრწყინავდნენ, მაგრამ შემდეგ მომენტში უეცრად ძლიერი გაელვება დავინახე, რასაც ძალიან ძლიერი შოკისა და სიცხის ტალღა მოჰყვა,“ - იხსენებს ბატონი მაცუშიმა.

განადგურებული ქალაქიდან თავის დაღწევის დროს კეიჯირო ატომური დასხივებით დაშავებულ პირებს წააწყდა.

„ბევრი მათგანი ფეხებიდან თავამდე დამწვარი იყო. მსხვერპლებს დამწვარი ნაცრისფერი კანი სახეებიდან და კიდურებიდან ექერცლებოდათ,“ - აღნიშნავს კეიჯირო.

ჰიროშიმაზე ატომური ბომბის ჩამოგდების შედეგად დაახლოებით 45,000 ადამიანი დაიღუპა. მაგრამ მომდევნო თვეების, წლებისა და ათწლეულების მანძილზე დაბომბვის მსხვერპლთა რიცხვი განუხრელად იზრდებოდა და დღეისთვის 166,000 აღწევს.

„დაბომბვას გადარჩენილ და ერთი შეხედვით ჯანმრთელ პირებს, რომლებსაც დამწვრობის ნიშნები არ ეტყობოდათ, შემდგომში უცნაური სიმპტომები გაუჩნდათ. ბევრს მაღალი ტემპერატურა, ღრძილებიდან სისხლისდენა, და სხეულზე გამონაყარი გაუჩნდა. ექიმებმა არ იცოდნენ რა ექნათ. შემდგომში ამ კატეგორიის პაციენტებს უბრალოდ ატომური ბომბის ავადმყოფობით დაავადებულებს უწოდებდნენ,“ - აღნიშნავს კეიჯირო მაცუშიმა.

მომდევნო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ხსენებული სიმპტომები განსაზღვრეს როგორც რადიაციური დაავადების სხვადასხვა ფორმები.

ახლა ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე ცუნამით გამოწვეული კრიზისის გამო რადიაციის გამოსხივების ტალღამ იაპონიის რამდენიმე რეგიონი მოიცვა.

იაპონიის მთავრობამ ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ 20-კილომეტრიანი რადიუსის ზონაში მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ხოლო ტოკიოში, რომელიც ელექტროსადგურიდან სამხრეთით 250 კილომეტრში მდებარეობს, მთავრობამ მშობლები გააფრთხილა, რომ მათ ჩვილ ბავშვებს ონკანიდან სასმელი წყალი არ მისცენ რადგან მასში რადიოაქტიური ელემენტის მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინეს.

ჰიროშიმასა და ნაგასაკის ატომურ დაბომბვას გადარჩენილი პირები რადიაციის გამოსხივების შედეგების შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროები გახდნენ.

ჰიროშიმას უნივერსიტეტის პროფესორი მასაჰარუ ჰოში ატომურ დაბომბვას გადარჩენილ პირებს უკვე ოცდაათი წლის მანძილზე იკვლევს. პროფესორი შიშობს, რომ ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის გამო ქვეყანაში რადიაციის დონე მოულოდნელად მკვეთრად გაიზრდება.

მასაჰარუ ჰოში აღნიშნავს, რომ ერთი სცენარის მიხედვით მოსახლეობა რადიოაქტიურ გამოსხივებას თანდათან დიდი ხნის განმავლობაში მიიღებს, რაც თავის თავად პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ თუ მოგვიანებით ბირთვული აფეთქება მოხდა და რამდენიმე დღის მანძილზე მოსახლეობა რადიაციის მაღალი დონისგან დაუცველი აღმოჩნდა, ეს სცენარი ნამდვილად მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს. პროფესორი ჰოში შიშობს, რომ მთავრობა ინფორმაციას იმის შესახებ თუ რამდენად სერიოზულია მდგომარეობა მოსახლეობას განგებ არ აწვდის.

მაგალითად პროფესორს მოჰყავს ის, რომ იაპონიის მთავრობის განცხადებით, ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან 30 კილომეტრში მცხოვრებ პირებს არაფერი ემუქრებათ, თუ ისინი სახლებს არ დატოვებენ. მაგრამ 30-კილომეტრიანი ზონის გარეთ საშიში უბნები დაფიქსირდა, რაც, მისი აზრით, უფრო მართებულს ხდის 80-კილომეტრიანი ზონის დაწესებას, რომელსაც შეერთებული შტატების მთავრობა ემხრობა.

XS
SM
MD
LG