ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარკოზი იაპონიას ეწვევა


სარკოზი იაპონიას ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მსოფლიოს პირველი ლიდერია, რომელიც სტიქიური უბედურების შემდეგ იაპონიას ეწვევა ოფიციალური ვიზიტით.

ფუკუშიმა დაიჩის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ ევროპელები ბირთვული ენერგიის უსაფრთხოების საკითხებზე დაფიქრდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებით მისი ვიზიტი პირველ რიგში იაპონელი ხალხის მიმართ საფრანგეთის სოლიდარობის გამოხატულებაა.

იაპონია დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს, მაშინ როდესაც მაშველები ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის დაწესებისთვის იბრძვიან.

ამ კვირის დასაწყისში ბირთვული ენერგეტიკის ფრანგი ექსპერტი იაპონიაში ჩავიდა იაპონელი სპეციალისტების დასახმარებლად.

თავად პრეზდენტი სარკოზი ჯერ ჩინეთში ჩავა, სადაც დიდი ოცეულის შეხვედრაა დაგეგმილი, რომელსაც საფრანგეთი თავმჯდომარეობს.

იაპონიის ბირთვულმა კრიზისმა ევროპაში მწვავე დებატები გამოიწვია ბირთვული ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის შეხვერაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა, რომ ამ წლის ბოლომდე ყველა ევროპულმა ქვეყანამ უნდა ჩაატაროს საკუთარი ბირთვული ობიექტების შემოწმება.

მისი თქმით: “იაპონიაში მომხდარმა საშინელმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომის მიუხედავად ევროკავშირის წევრები უნდა გაერთიანდნენ ამ სფეროში არსებული უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად.“

საფრანგეთში 58 ატომური ელექტროსადგურია, რაც ევროპაში მოქმედი ბირთვული რეაქტორების ერთ-მესამედზე მეტს შეადგენს. საფრანგეთის ელექტროენერგიის 70% სწორედ ატომურ ელექტროსადგურებზე მოდის.

საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრის ერიკ ბესონის განცხადებით:“ ბირთვული ენერგია სასიცოცხლოდ აუცილებელია ევროპისთვის.“

მიუხედავად ამისა იაპონიის კრიზისის ფონზე სულ უფრო ძლიერდება ანტი-ბირთვული განწყობა მთელს ევროპაში. გასაკუთრებით მწვავედ დგას საკითხი საფრანგეთის მეზობელ გერმანიაში, სადაც ანგელა მერკელის მმართველმა პარტიამ დამარცხება განიცადა არჩევნებში.

XS
SM
MD
LG