ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმედის წეროები იაპონიისთვის


იმედის წეროები იაპონიისთვის

სკოლის დირეტორმა, ლორნა ოუთს-სანტომ გვითხრა, რომ იაპონიაში დაზარალებულთა ფონდისთვის პატარებმა 2 ათასი დოლარი შეაგროვეს.

ნიუ ჯერსიში მდებარე სომერვილის დაწყებით სკოლაში ბავშვებს თანაგრძნობას და ჰუმანიტარული დახმარების აუცილებლობას პატარობიდან აჩვევენ. სკოლაში 525 ბავშვიდან 40 იაპონური წარმოშობის ამერიკელია. პატარების უმრავლესობა დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურა იაპონიაში მომხდარ ცუნამს და მიწისძვრას.

სკოლაში შესულს უცნაური სანახაობა დაგხვდებათ. ცენტრალური შესასვლელი უამრავი ქაღალდის წეროთია მორთული. კედლები, ჭერი, კარადის თავები, წიგნების თაროები, ყველა კუთხე და კუნჭული ქაღალდის წეროების ლამაზი და მრავალრიცხოვანი გუნდებითა დახუნძლული.

უძველესი იაპონური ლეგენდის მიხედვით, ვინც თავის ხელით ათას ორიგამის - ქაღალდის წეროს - გააკეთებს, შეუძლია ერთი სურვილი ჩაუთქვას და ის აუცილებლად ახდება. პატარებმა ასე გადაწყვიტეს თავიანთი იაპონელი თანატოლების მიმართ თანაგრძნობა გამოეხატათ. ისინი ამბობენ, რომ მათი ჩათქმული სურვილიც ის იყო, რომ იაპონია რაც შეიძლება მალე აღდგეს და იქაურ ბავშვებს მეტი აღარაფერი გაუჭირდეთ.

ხელოვნების მასწავლებელი, სამანტა სტანკევიჩი ამბობს, რომ მსგავსი აქცია ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების სწორი აღზრდისთვის და მათი მსოფლიოს ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის.

„მართალია, წეროები მხოლოდ სიმბოლურია, მაგრამ უნდა გენახათ, როგორი ენთუზიაზმით და ინტერესით მიუდგნენ ისინი ამ საქმეს. თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს რაღაც ძალიან სერიოზულ საქმეს აკეთებდნენ“ -აღნიშნა ქალბატონმა სტანკევიჩმა.

ორიგამული ხელოვნების დაუფლება 6-7 წლის პატარებისთვის იოლი საქმე არ იყო. ერთი ქაღალდის ფურცლით წერო ისე უნდა გაეკეთებინათ, რომ ის არც გაეჭრათ და წებოც არ გამოეყენებინათ. ფურცლის მხოლოდ დაკეცვა შეიძლებოდა:

“წერო იმედის სიმბოლოა, გვინდა რომ იაპონელებს რაც შეიძლება მეტი იმედი გავუგზავნოთ“.

“ძლიერ ვდარდობ მათზე, მართლა - ძლიერ. მაგრამ თან ბედნიერი ვარ, რომ დახმარებას ვცდილობთ“.

ბავშვები მართლა დაეხმარნენ იაპონლებს, ოღონდ არა მხოლოდ სიმბოლური ქაღალდის წეროებით, არამედ ფულიც შეუგროვეს მათ. სკოლის დირეტორმა, ლორნა ოუთს-სანტომ გვითხრა, რომ იაპონიაში დაზარალებულთა ფონდისთვის პატარებმა 2 ათასი დოლარი შეაგროვეს. ისინი ამ თანხას ამერიკის წითელ ჯვარს გადაურიცხავენ.

სკოლაში პატარა ტელე-კლუბი აქვთ, რომელიც ყოველკვირეულ პროგრამას უშვებს მათთვის. მეოთხე კლასის დამრიგებელი, გაბრიელ ქინგი, მისი ხელმძღვანელია.

„მიწისძვრა რომ მოხდა, ჩვენ სპრციალური პროგრამა მივუძღვენით მას. ბავშვებს ძალიან აინტერესებდათ მათთვის გასაგებ ენაზე აგვეხსნა, თუ რა ხდებოდა იაპონიაში და რით შეგვეძლო დახმარება“.

იმედი ვიქონიოთ, რომ პატარების იმედი და სურვილი აუცილებლად ახდება და იაპონია ძალიან მალე დადგება ფეხზე.

XS
SM
MD
LG