შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ოფიციალურმა პირებმა კონგრესს აუწყეს, რომ გუანტანამოს ციხიდან კიდევ დაახლოებით თორმეტ პატიმარს გადაიყვანენ. წყაროებმა ახალი ამბების სააგენტოებს ამის შესახებ ანონიმურობის დაცვის გარანტიით აცნობეს. მათი ინფორმაციით, პატიმრების მიღებას სულ ცოტა, ორი სახელმწიფო დათანხმდა. პირველი რამდენიმე პატიმრის გადაყვანა მომდევნო დღეებში იგეგმება, დანარჩენს კი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაამგზავრებენ.
გუანტანამოს ყურეში მდებარე საპატიმროდან გადასაყვანთა სიაშია 37 წლის იემენის მოქალაქე ტარიქ ბა ოდაც. მან 2007 წელს შიმშილობა დაიწყო და დღეს სულ 33 კილოგრამს იწონის, პირვანდელი წონის დაახლოებით ნახევარს.