ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოს ციხეში 166 ბრალდებული იხდის სასჯელს


ტუსაღები გუანტანამოს ციხეში განუსაზღვრელი ვადით არიან დაპატიმრებულნი

გუანტანამოს ციხეში მოშიმშილე პატიმრების რიცხვმა ბოლო ორი კვირის მანძილზე 100 ადამიანს გადააჭარბა. დღეისათვის ამ ამერიკულ სატუსაღოში 166 ბრალდებული იხდის სასჯელს. შიმშილობა პატიმრების მდგომარეობისადმი საერთაშორისო ყურადღების მიქცევას ისახავს მიზნად. ტუსაღები გუანტანამოს ციხეში განუსაზღვრელი ვადით არიან დაპატიმრებულნი. მათ სამხედრო ზედამხედველები ჰყავთ.
გუანტანამოს სატუსაღოში ყოველ დილით ამოწმებენ რომელმა პატიმარმა მიიღო საკვები. შიმშილობაში მონაწილე ტუსაღებს სპეციალური მილის საშუალებით იძულებით მიაწოდებენ საკვებს ცხვირის ნესტოებიდან.
როგორც გუანტანამოს სატუსაღოს წარმომადგენელი, საზღვაო კაპიტანი რობერტ დურანი ამბობს:“ როდესაც პატიმარი უარს ამბობს საკვებზე და ცხრა ულუფას გამოტოვებს, ჩვენ მას მოშიმშილედ მივიჩნევთ და შესაბამის მკურნალობას ვუნიშნავთ. რათა თავიდან ავიცილოთ პატიმრის ორგანიზმის გამოფიტვა იძულებულნი ვართ ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანოთ ისინი, რადგან მოშიმშილეები წონას კატასტროფულად კარგავენ.”
შიმშილობა გუანტანამოში თებერვალში დაიწყო. ტერორიზმში ეჭვმიტანილები წლების განმავლობაში იმყოფებიან ციხეში ყოველგვარი სასამართლო პროცედურების და ბრალის წაყენების გარეშე. 86 მათგანი საერთოდ გაამართლეს, მაგრამ მათ მაინც არ უშვებენ თავისუფლებაზე.
2009 წელს, პრეზიდენტი ობამა საზოგადოებას გუანტანამოს ციხის დაკეტვას დაპირდა, მაგრამ მისი ადმინისტრაცია დანაპირების შეუსრულებლობას კონგრესის პოლიტიკას აბრალებს, რომელიც უშიშროების გარანტიებს ითხოვს იმ ქვეყნებისგან, საიდანაც არიან პატიმრები. ახლახან ობამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გუანტანამოს დახურვას აპირებს, თუმცა ადვოკატებს მისი სიტყვების არ სჯერათ და შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ჩაკ ჰეიგელზე ზეწოლას ანხორციელებენ იმ უდანაშაულო პატიმრების განთავისუფლების მიზნით, რომლებსაც ყოველგვარი ბრალდება მოხსნილი აქვთ.
დეივიდ რემესი ცნობილი ვექილია, რომელიც 17 მოშიმშილის ინტერესებს იცავს. მისი თქმით:“ ჩემი გზავნილი ჰეიგელისადმი იმაში მდგომარეობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იკისროს პასუხისმგებლობა ტუსაღების ბედზე, რაც მას კონგრესისგან აქვს მინიჭებული.“
ამერიკელი სამხედროების განცხადებით, მათ შეზღუდული პასუხისმგებლობა აკისრიათ. კაპიტანი დურანის განცხადებით:“ ჩვენი მოვალეობაა ამ პატიმრებს ადამიანურად მოვექცეთ და ბრაძანების მიღებისთანავე სხვაგან გადავაგზავნოთ, ან გავათავისუფლოთ ისინი, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული.“
რამდენიმე თვის წინ გუანტანამოს პატიმრების ბედი ამერიკული მედიის ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი, მაგრამ მათ მიერ დაწყებულმა შიმშილობის აქციამ, როგორც იქნა ვაშინგტონის ყურადღება დაიმსახურა.
XS
SM
MD
LG