ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

30 აგვისტო - უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე


საქართველოში ამ დრომდე 2 000 ადამიანი მიიჩნევა დაკარგულად

დღეს, 30 აგვისტოს მსოფლიოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში ამ დრომდე 2 000 ადამიანი მიიჩნევა დაკარგულად, რომელთა ძებნა დღემდე გრძელდება. ამ ადამიანებს შორიაა როგორც გასული საუკუნის 90-იანი წლების კონფლიქტების დროს დაკარგული პირები, ასევე 2008 წლის ომის დროს დაკარგული ადამიანები.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები წელს საქართველოს ხუთ ქალაქში თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და გორში ერთდროულად დაიწყო. გორში გამართულ ღონისძიებას უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების 75 ოჯახი ესწრებოდა. როგორც ქეთევან ბიძინაშვილმა, ორგანიზაცია „ნაბიჯი მომავლისკენ“ წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, 2008 წლის ომის შემდგომ გორის ორგანიზაციას ყველაზე მეტი ახალი ბენეფიციარი ჰყავს, რომელთაც ფსიქო-სოციალურ დამხარებას უწევენ. „ნაბიჯი მომავლისკენ“ საერთაშორისო წითელი ჯვრის პარტნიორია რეგიონში.

მეგან ბასენდალი, წითელი ჯვრის რეგიონული მრჩეველი სასამართლო მედიცინაში ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ წითელი ჯვრის აქტივობის შედეგად უკანასკნელ პერიოდში აფხაზეთიდან 60-70 ადამიანის ექსგუმაცია მოხდა. „წითელი ჯვრის ბოლო აქტივობაა სოხუმში, დიდების პარკიდან ცხედრების ექსგუმაცია. ანალიზების პირველი ეტაპი დასრულდა. ანალიზების პასუხები გაიგზავნება ზაგრებში, ლაბორატორიაში. რაც შეეხება გარდაცვლილების რაოდენობას, დაახლოებით 60-დან 70 ცხედარზეა საუბარი. ექსგუმაციის პროცესი მიმდინარე წლის 15 ივლისს დაიწყო და პირველი ეტაპი 26 აგვისტოს დასრულდა,“- განაცხადა მეგან ბასენდალმა.

ორგანიზაცია „მოლოდინი“ საქართველოში კონფლიქტებისა და ომების შედეგად დაკარული ადამიანების ოჯახებს აერთიანებს. ვენერა ოშორიძე, რომელიც ამ ორგანიზაციის წევრია, ოცი წელია აფხაზეთში დაკარგული შვილის ცხედარს ეძებს. გარდაცვლილი ადამიანების გადმოსვენებაში ოთხჯერ თავად მიიღო მონაწილეობა იმ იმედით, რომ გარდაცვლილი შვილის სხეულს იპოვიდა. მისი ძიება დღესაც გრძელდება.

„1993 წლის 22 სექტემბერს თბილისდან გაფრინდნენ ბიჭები სოხუმის დასაცავად. იქ იყო ჩემი შვილიც, კახა აბულიძე. ეს თვითმფინავი ჩამოაგდეს ჭურვით. დაუწვნენ შიგ ბიჭები და აქ იყო ჩემი შვილიც. მას შემდეგ ვიპოვეთ მშობლებმა ერთმანეთი და გავწევრიანდით ამ ორგანიზაციაში. ბაბუშერაში 2001 წელს გავხსენით ერთი საფლავი, მეორე დღესვე უნდა დაწყებულიყო მოძიება გარდაცვლილების, თუმცა მას შემდეგ აღარ გაგვიშვეს იქ. დარჩნილია ძალიან ბევრი საფლავი, მხოლოდ ბაბუშერადან 40 გვამია გადმოსასვენებელი.“

ქეთევან ბიძინაშვილი, ორგანიზაცია „ნაბიჯი მომავლისკენ“ ხელმძღვანელი:

„ამ ოჯახებს აქვთ უამრავი პრობლემა, სულიერი ტანჯვა, გაურკვევლობა. ერთ დღეს ჰქონიათ, რომ მათი შვილი ცოცხალია, მეორე დღეს სიზმარს ნახავენ და შავებს ჩაიცვამენ. ესაა უმძიმესი ფიქოლოგიური სტრესის მატარებელი ოჯახები გაყინული მოლოდინებით. ზოგიერთი ოჯახები საერთოდ ვერანაირად ვერ ახერხებენ ჩვეულებრივი რიტმით იცხოვროს. 2000 მდეა საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული, შიდა ქართლში 100-მდე გაუჩინარებული ადამიანია, შესაბამისად, ჩვენ მათთან ვმუშაობთ.“

უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების პატივისცემისა და ხსოვნის ნიშნად დღეს, შუადღის ხუთ საათზე დუმილის წუთი გამოცხადდა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც მოუწოდებს მეტი ყურადღებისკენ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებისადმი.




XS
SM
MD
LG