ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რელიგიური დაპირისპირების საფრთხე ახალციხეში


ახალციხე, 27 აგვისტო, 2013; მაია იველაშვილის ფოტო, რადიო თავისუფლება.

აქციის მონაწილეთა განცხადებით,მართლმადიდებლების უფლებები ირღვევა, რის გამოც მინარეთის ხელახალი მონტაჟი არ უნდა დაუშვან

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:16 0:00
ბმული

ინციდენტი, რომელიც ადიგენის მღალმთიან სოფელ ჭელაში დაიწყო ორი დღის წინ, დღესაც გრძელდება. ამჟამად ახალციხის ადგილობრივ მოსახლეობას ადიგენი-თბილისი ცენტრალური მაგისტრალი აქვს გადაკეტილი და მის გახსნას არ პირებენ. აქციის მონაწილეები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, რომლებმაც ორი დღის წინ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მათი, როგორც მართლმადიდებლების უფლებები ირღვევა, რის გამოც მინარეთის ხელახალი მონტაჟი არ უნდა დაუშვან. გზის გადაკეტვა კი მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შემოსავლების სამსახური დაშლილი მინარეთია დასაწყობებას სოფელ ჭელაში აპირებდა მანამ, სანამ განბაჟებასთან დაკავშირებული დეტალები საბოლოოდ გაირკვეოდა.

სოფელ ჭელაში ორმოცი ოჯახი ცხოვრობს. აქედან 25 მუსულმანი, 15 კი მართლმადიდებელი. მინარეთის დემონტაჟისას ორი დღის წინ, როდესაც მუსულმანმა მრევლმა აღშფოთება გამოხატა, მათ ადგილობრივი მართლმადიდებლებიც გვერდში დაუდგნენ. ისინი ამბობდნენ, რომ მუსულმანი მეზობლები ეხმარებოდნენ ეკლესიის მშენებლობაზე, რომელიც სოფელ ჭელაში მეჩეთთან ახლოს აშენდა. ისინი აცხადებდნენ იმასაც, რომ შეურაცხყოფილები დარჩნენ მინარეთის ამგვარი ფორმით დემონტაჟის გამო.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინწინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში მინარეთების არსებობის საკითხი, ზოგადად, შესაძლოა განხილვას დაექვემდებაროს და გადაიხედოს.

„საქართველოს საზოგადოებას, ადრე თუ გვიან მოუწევს, ჯანსაღად, ყოველგვარი ემოციისა და დაპირისპირების გარეშე, რადგან ეს ჩვენ არ გვჩევია, იმსჯელოს იმ საკითხზე, უნდა იყოს თუ არა ჩვენს ქვეყანაში მინარეთები. ჭელაში, იმ მეჩეთში, სადაც მინარეთი როგორც ჩანს, უკვე არის მოხსნილი, ლოცვას ხელს არაფერი არ უშლის და ეს ყველაზე მთავარია. რაც შეეხება თვითონ მინარეთს, თუკი საბაჟოს შემოუვიდა ტვირთი, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, გაეპარათ, უნდა დადგეს კონკრეტული მებაჟის, ან მებაჟეების პასუხისმგებლობის საკითხი. დანანება მინდა გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მუსლიმმა სასულიერო პირებმა დაუშვეს ერთ ღამეში, ჩუმად მინარეთის აღმართვა ისე, რომ არც სხვა მრწამის მატარებელი ადგილობრივი მოსახლეობა ჩააყენეს საქმის კურსში და არც ადგილობრივი, თუ ცენტრალური ხელისუფლება,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

გუშინწინვე გავრცელდა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მინარეთის მონტაჟს სახელმწიფო თავად განახორციელებდა მას შემდეგ, რაც განბაჟებასთან დაკავშირებული საკითხები გაირკვეოდა. დღეს კი როდესაც მინარეთი უნდა დაებრუნებინათ ჭელაში, ახალციხის მართლმადიდებელი მრევლის პროტესტი დაიწყო.

ახალციხეში გამომავალი გაზეთის სამხრეთის კარიბჭის მთავარი რედაქტორი ნინო ნარიმანიშვილი, რომელიც მოვლენების ეპიცენტრში იმყოფება, ამერიკის ხმასთან საუბრისას ამბობს:

„ახლა მიმდინარეობს მართლმადიდებელი მრევლის აქცია. ასზე მეტი ადამიანი იყო შეკრებული დილიდან და შემდგომ მთელი დღის განმავლობაში უერთდებოდნენ მათ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. აქციის მონაწილეები ითხოვენ, არ დაბრუნდეს მინარეთი ჭელაში. დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს საპატრულო პოლიციის შენობასთან და გადაკეტეს თბილისი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი. ამ დრომდე ვითარება არ შეცვლილა. მოძრაობა ადიგენის მიმართულებით შეუძლებელია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, არ დავიშლებით, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ მინარეთს ჭელაში არ წაიღებენ და თუ ხელისუფლება ამას მაინც გააკეთებს, ჩვენს სხეულებზე მოუწევთ ავტომანქანებს გადავლაო, ამბობენ, ახლა რომ მივცეთ მინარეთის აღმართვის ნება, ხვალ ყველა სახლთან დადგამენ მუსლიმები მინარეთსო,“- ამბობს ნინო ნარიმანიშვილი.

აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს საქართველოს საპატრიარტოსა და საქართველოს მუ8სლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებმა. მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია:

საპატრიარქო აბსოლუტურად ეთანხმება მართლმადიდებელი მრევლის სამართლიან პროტესტს მომხდართან დაკავშირებით. ამასთან, ითვალისწინებს მუსლიმი მოსახლეობის განწყობასაც და სამმართველოსთან შეთანხმებით აცხადებს: "მინარეთი დასაწყობდეს სოფელ ჭელაში, ნეიტრალურ ადგილზე, დაილუქოს და იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ; არ მოხდეს მისი სადმე აღმართვა, ვიდრე არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა და არ შედგება მოლაპარაკება საპატრიარქოსა და მუსლიმთა საბჭოს შორის; ეთხოვოს ხელისუფლებას, დაიწყოს მუშაობა, რათა კანონით განისაზღვროს რელიგიური ნაგებობების მშენებლობების მიზანშეწონილობისა და ნებართვის გაცემის საკითხი, რათა თავიდან იქნას აცილებული რელიგიურ ნიაგდაზე შფოთი და დაპირისპირება; ამასთან, მივმართავთ მრევლს, თავი შეიკავონ გამოსვლებისგან, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ურთიერთპატივისცემა", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.


მიუხედავად საპატრიარტოსა და მუსლიმთა სამმართველოს ამ განცხადებისა, თბილისი-ადიგენის გადაკეტილ მაგისტრალზე ხალხის რაოდენობა იზრდება. როგორც ნინო ნარიმანიშვილი ამბობს, მათი მოთხოვნაა, დაშლილი მინარეთი ახალციხეშივე დასაწყობდეს და არა ჭელაში. სამხრეთის კარიბჭის მთავარი რედაქტორი ჩვენთან საუბრისას იმასაც აცხადებს, რომ ორი დღის წინ, სანამ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მოვიდოდა სისრულეში მინარეთის დემონტაჟის თაობაზე, არც ახალციხეში და არც ჭელაში ადგილობრივებს შორის არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

დღესვე განცხადება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, რომელშიც ნათქვამია:

„შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ღონისძიება ატარებდა უკანონო ხასიათს, იყო დაუსაბუთებელი და დაარღვია როგორც დავით ჩოგაძის საკუთრების უფლება, ასევე ხელყო მუსლიმი მოსახლეობის რწმენის თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ მინარეთის განბაჟების პროცესში სახელმწიფოს არ განუცდია არანაირი ფინანსური დანაკლისი, ჩატარებული ოპერაციის მასშტაბები და მოცულობა, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და ვადების უგულვებელყოფა და სახელმწიფო ორგანოთა მიერ საკუთარი უფლებამოსილების გადამეტება გვიქმნის საფუძვლიან ეჭვს მივიჩნიოთ, რომ აღნიშნული ღონისძიების მიზანს არ წარმოადგენდა გადასახადის შესაძლო დანაკლისის დადგენა და ბიუჯეტში მიმართვა. ჭელაში მომხდარი ინციდენტი სცილდება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უკანონო მოქმედებას და რელიგიური უმცირესობებისადმი მთავრობის დისკრიმინაციული პოლიტიკის უკიდურესად შემაშფოთებელ სიმპტომად გვევლინება.“

განცხადებას ხელს აწერს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი

(ACICC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), მედიის განვითარების ფონდი (MDF), ფონდი ALPE, მრავალეროვანი საქართველო, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG