ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განუბაჟებელი მინარეთი


ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება სოფელ ჭელაში

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ გუშინ 21 ადგილობრივი მცხოვრები დააკავა და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა. ინციდენტის დროს, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, პოლიციელები მოსახლეობას ფიზიკურად უსწორდებოდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ისროდნენ ცეცხლსასროლი იარაღით. პოლიციელთა ქმედებების გამო აღშფოთებულმა ადგილობრივებმა მთელი ღამე საპატრულო პოლიციის შენობის წინ გაატარეს და არც დღის პირველ ნახევარში დაშლილან. ისინი დაკავებულთა განთავისუფლებას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ შეილახა მათი უფლება რწმენის თავისუფლების შესახებ.
ინციდენტი ჭელაში მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ სოფელის მეჩეთთან არსებული მინარეთი დაშალა და წაიღო. მომხდარი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა არა მხოლოდ მუსლიმი მოსახლეობისთვის.
სპეციალური განცხადება საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ამ ბარბაროსობის გასამართლებელ საბუთად ის მოიყვანეს, მეჩეთზე მინარეთის მიშენების ნებართვა არ არსებობდაო. ჯერ ერთი, არ არსებობდა იმიტომ, რომ საქართველოში არ არსებობს საკულტო ნაგებობების შესახებ შესაბამისი კანონი. მეორეც, ნუთუ ეს ისეთი ძნელი მისახვედრია მათთვის, ვინც დღეს მინარეთი მოშალა, რომ მინარეთი მეჩეთის არქიტექტურის ერთ-ერთი ატრიბუტია. მინდა თავი დავაჯერო, რომ ის, რაც დღეს მოხდა, სიბრიყვის, გაუნათლებლობისა და უმეცრების შედეგად მოხდა. არ მინდა ვიფიქრო, რომ ვინმეს უნდა, საქართველოში ქრისტიანები და მუსლიმები წაკიდონ ერთმანეთს. არადა, როგორც ამბობენ, ფაქტი ჯიუტია. ჩვენ აშკარადა ვხედავთ, როგორ იკრებს ჩვენში ძალას ისლამოფობია. დამიჯერეთ, ეს ცეცხლთან თამაშია“. მალხაზ სონღულაშვილი ამბობს:
ჭელას ინციდენტმა მუსლიმი მოსახლეობა არა მხოლოდ ადიგენში აღაშფოთა. დღეს იქ მრევლი აჭარიდანაც ჩავიდა. ჯემალ პაქსაძე, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი აცხადებს:
რა აუცილებლობას წარმოადგენდა მინარეთის დემონტაჟი, რომელიც შესაძლოა აღმოჩნდეს მორიგი ფაქტი რწმენისა და აღმსარებლობის უფლების შელახვისა საქართველოში, ამ კითხვას პასუხი დღეს არ გასცემია. ერთადერთი უწყება, რომელიც მომხდარს გამოეხმაურა და ოფიციალური განმარტება გააკეთა, ეს შემოსავლების სამსახურია, რომლის ვებგვერდი იტყობინება: „ მინარეთის კონსტრუქციის წონა და სასაქონლო კოდი შესაძლოა არ შეესაბამებოდეს დეკლარირებულ მონაცემებს, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, 26 აგვისტოს, მოხდა მისი დემონტაჟი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მინარეთის კონსტრუქციის დემონტაჟს და შემდგომ მის აღდგენით სამუშაოებს უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თხოვნით მიმართავს ადგილობრივ მოსახლეობას, ყველა დაინტერესებულ პირს, არ დაუშვან აღნიშნული ფაქტის პოლიტიზება და შესაბამის სამსახურებს მიეცეთ საშუალება, სწრაფად და სრულყოფილად ჩაატარონ სასაქონლო ექსპერტიზა“.- ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის ხმასთან საუბრისას საიას ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ მისი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადიგენში, დროებითი მოთავსების იზოლატორში ინციდენტის დროს დაკავებულებს შორის ოთხი ადამიანი ფიზიკური დაზიანებებით ნახეს. „ჩვენთან საუბრისას მათ განაცხადეს, რომ დაზიანებები დაკავების დროს მიიღეს და არა იზოლატორში ყოფნისას. რაც შეეხება, ფაქტის შეფასებას და განცხადებას იმის თაობაზე, შეიძლება თუ არა მომხდარს მიეცეს აღმსარებლობის უფლების შელახვის კვალიფიკაცია, შემიძლია ამ ეტაპზე მხოლოდ ის გითხრათ, რომ ფაქტს ვსწავლობთ,“- ამბობს კახა კოჟორიძე.
ამ დროისთვის ყველა დაკავებული გათავისუფლებულია. არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნები, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ხვალისთვის ჭელის ინციდენტზე საკუთარ შეფასებას წარმოადგენენ.
XS
SM
MD
LG