ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია აცხადებს, რომ ამერიკასთან "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის საკითხზე მუშაობს


გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეერთებულ შტატებთან ერთად "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის შესახებ შეთანხმების აღსრულებაზე მუშაობენ. მილსადენი, რომელსაც რუსული გაზი ევროპაში ჩააქვს, დიდი ხნის განმავლობასი უთანხმოების საგანი იყო.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ის აგრძელებს ამერიკის მთავრობასთან კოორდინაციას იმისთვის, რომ 11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტთან დაკავშირებით დადებული ერთობლივი პირობები შესრულდეს.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ზაფხულში მილსადენის ოპერატორს სანქციები მოუხსნა და გერმანიასთან შეთანხმებას მიაღწია. თუმცა გასულ კვირას ახალი სანქციები დაუწესა რუსეთთან დაკავშირებულ კომპანია "ტრანსადრიასა" და მის საზღვაო ხომალდს.

საინფორმაციო ვებგვერდ "აქსიოსის" ცნობით, კომპანია სანქციებს გმობს, ბერლინი კი ამერიკელ კონგრესმენების დარწმუნებას ცდილობს, რომ მათ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მილსადენს სანქციები არ დაუწესონ, რადგან ეს ნაბიჯი შეამცირებს ამერიკის სანდოობას და საბოლოოდ ტრანსატლანტიკურ ერთობასაც დააზიანებს.


ამერიკა და ზოგიერთი მისი ევროპელი მოკავშირე მილსადენს ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ რუსეთი მას გეოპოლიტიკური მიზნებით გამოიყენებს. განსაკუთრებით კი უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც გაზის სატრანზიტო შემოსავლების სახით უდიდეს თანხებს დაკარგავს. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მილსადენი ევროპას რუსულ გაზზე დამოკიდებულს გახდის. თუმცა ევროპელ ლიდერთა ნაწილი ამბობს, რომ ეს პროექტი პირიქით, ენერგოუსაფრთხოებისთვის საჭირო რესურსებს მიაწვდით. გერმანია აცხადებს, რომ ნაბიჯებს იმ შემთხვევაში გადადგამს, თუკი რუსეთი ეცდება, რომ ენერგია იარაღად გამოიყენოს. თუმცა უცნობია, როგორ იქნება ეს "მცდელობა" შეფასებული.

"აქსიოსის" ცნობითვე, 19 ნოემბერს გამოცემული ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, გერმანია აპირებს სხვადასხვა ნაბიჯი გადადგას, მათ შორის, "მკაცრი საჯარო გზავნილები" იმისთვის, რომ დაგმოს რუსეთის ქმედებები და შეაფასოს პოლიტიკური შეხვედრების შეზღუდვა.

ევროკავშირის დონეზე ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ გერმანია აქტიურად მიიღებს მონაწილეობას სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოსავლენად. აქვე ნათქვამია ისიც, რომ მილსადენი არაა უკრაინისთვის საფრთხე, სანამ ის გაზის სათანადო რაოდენობის ტრანზიტს ახორციელებს. სანქციების შესაძლებლობა კი პირიქით, პუტინისთვის საჩუქარიც იქნება, რადგან ის დააპირისპირებს ევროპელ მოკავშირეებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG