ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი თამაშგარე მდგომარეობაში


ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება პრეზიდენტ მარგველაშვილის ძვირი უჯდება
ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება პრეზიდენტ მარგველაშვილის ძვირი უჯდება

მთავრობისა და პრეზიდენტის დაპირისპირების ფონზე, გიორგი მარგველაშვილი სულ უფრო უუფლებო რჩება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გუნდში საკადრო ცვლილებებია: ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე დავით პატარაიამ შეცვალა, რომელიც აქამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იყო.

საგარეო ურთიერთობათა მდივნის პოსტზე ვანო მაჭავარიანის ადგილი კი თენგიზ ფხალაძემ დაიკავა. იგი ბოლო ექვსი წელი „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრს“ ხელმძღვანელობდა. მარგველაშვილის ახალი საპარლამენტო მდივანი კი გიორგი კვერენჩხილაძე იქნება.

პრეზიდენტ მარგველაშვილს ამ დრომდე არ განუმარტავს, თუ რა გახდა მის ადმინისტრაციაში ესოდენ მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილების მიზეზი. არაოფიციალური ინფორმაციით კი აბაშიძესა და მაჭავარიანს შორის იყო კონფლიქტი და პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ორივეს შელეოდა.

ცნობილია რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის ძმის - ვანო მაჭავარიანის პრეზიდენტის გუნდში ყოფნის გამო, გაღიზიანებას ვერ მალავდნენ ყოფილი და ახლანდელი პრემიერ მინისტრები: ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.

მაშინ, როცა პრეზიდენტი ჯერ კიდევ დუმს, ღიად საუბრობს მისი უკვე ყოფილი მრჩეველი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი. ვანო მაჭავარიანი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა იმის გამო გაანთავისუფლა, რომ მთავრობასთან გაფუჭებული ურთიერთობა დაალაგოს. თუმცა, მისივე თქმით, ეს შეუძლებელი იქნება, რადგან სწორედ მთავრობა ცდილობს პრეზიდენტის კონსტიტუციით განსაზღვრული მნიშვნელოვანი როლი ყველანაირად დააკნინოს.

„თუ ბიძინა ივანიშვილს აქვს იგივე მიდგომა, რომ გიორგი მარგველაშვილი უნდა გამოვიდეს პრეზიდენტის სასახლიდან; მარგველაშვილი უნდა გახდეს არაპოლიტიკური ფიგურა ანუ საერთოდ არ უნდა გვახსოვდეს პრეზიდენტი გვყავს თუ არა; დაუკომპლექტონ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ანუ არა მარგველაშვილის, არამედ მათი თვალსაზრისით...

მაშინ მე არ ვიცი პრეზიდენტი რას დაალაგებს მთავრობასთან. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ რომ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება სახეზეა.“


ფართო მასებისთვის უცნობი ფილოსოფოსი, 45 წლის გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერის აქტიური მხარდაჭერით გახდა. ბიძინა ივანიშვილმა იგი ჯერ განათლების მინისტრად დანიშნა, შემდეგ კი მმართველი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა. 2013 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილმა ხმათა 62 პროცენტი მიიღო.

ახალი პრეზიდენტის არჩევასთან ერთად შეიცვალა საქართველოს კონსტიტუციაც, ძალიან ბევრი უფლება, რომელიც ადრე პრეზიდენტს ჰქონდა, უკვე მთავრობას გადაეცა. თუმცა, ახალი რეალობაა ის, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს იმ უფლებებსაც ართმევენ, რაც მას ახალი კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ეს ტენდენცია აშკარა გახდა, ინაუგურაციიდან ექვს თვეში, როცა პრეზიდენტი ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა უმკაცრესად გააკრიტიკა.

პრეზიდენტ მარგველაშვილს უკვე ჩამოერთვა საომარი მდგომარეობის გამოცხადების და სამხედრო ძალების მობილიზაციის გეგმის დამტკიცების უფლება; გუბერნატორების დანიშვნა-განთავისუფლების უფლება; მარეგულირებელი კომისიების ექსკლუზიურად დაკომპლექტების უფლება. მას აღარ ექვემდებარება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიც.

ფორმალური გახდა პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მუშაობა. ვინაიდან ამ საბჭოს ფუნქციები თითქმის მთლიანად შეითავსა პრემიერ მინისტრის მიერ შექმნილმა ახალმა უწყებამ - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ. ნიშნადობლივია, რომ მას შემდეგ რაც მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა, უშიშროების საბჭო ერთხელაც არ შეკრებილა.

მთავრობა და პარლამენტი ამჟამად ასევე განიხილავს პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის მინიჭების უფლების, ასევე რუსთაველის და ეროვნული პრემიების მინიჭების პრეროგატივის ჩამორთმევის შესაძლებლობას.

დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი 27 ივნისს არ გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს პრემიერი ღარიბაშვილი მოაწერს

„საქართველოს დელეგაცია განსაზღვრულია ფორმულით 1+4, რაც ნიშნავს დელეგაციის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას, ხოლო მისი თანმხლები იქნება ოთხი მინისტრი. პრეზიდენტი ბრიუსელში არ მიემგზავრება.“

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებული რთული პერიპეტიები ფაქტობრივად ადასტურებს, პრეზიდენტის უკვე ყოფილი საგარეო ურთიერთობათა მდივნის ვანო მაჭავარიანის განცხადებას, რომ მთავრობას აღიზიანებს პრეზიდენტ მარგველაშვილის აქტიურობა საგარეო პოლიტიკის კუთხით.

ექსპერტების აზრით, მთავრობასა და პრეზიდენტის ღია თუ ფარული დაპირისპირების ფონზე, საქართველოში უკვე მივიღეთ სიტუცია, როცა კონსტიტუცია არის ერთი სივრცე, მის მიღმა კი უკვე სრულიად სხვა რეალობაა შექმნილი, არსებულ პოლიტიკურ კონინქტურას მორგებული.
XS
SM
MD
LG