ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიძინა ივანიშვილი: "ორ თვეში ადამიანი ასე შეცვლილიყოს არ მახსოვს"


პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 122-ე დღეს ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილში შეცდა

საქართველო პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 122-ე დღეს, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. ტელეკომპანია „იმედზე“ თეა სიჭინავას თოქ შოუში, ივანიშვილმა მარგველაშვილზე თქვა, რომ მალე 60 წლის გახდება და ორ თვეში ადამიანი ასე შეცვლილიყოს არ ახსოვს.

ქართველმა მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიან მმართველობას დაუსვა წერტილი და 2012 წლის ოქტომბერში პრემიერი გახდა, თანამდებობა 2013 წლის ნოემბერში დატოვა. მან ასევე დატოვა მემკვიდრე: ირაკლი ღარიბაშვილი - პრემიერ მინისტრად და ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი, რომლის გაპრეზიდენტებისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია.

მესამე თვეა, ყოფილი პრემიერი, მის მიერვე დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილება ისევ დაბრუნდეს პრეზიდენტის სასახლეში უბრალოდ უპრინციპობაა.

ჩვენ პოლიტსაბჭოს სხდომაზე რამდენჯერმე განვიხილეთ პრეზიდენტის სასახლის საკითხი. საუბარი იყო პრემიერის გადასვლაზეც. მე პირადად იქ გადასვლა არ მინდოდა. არავინ არ აცხადებდა დიდ სურვილს, თუმცა, ამ თემაზე იყო პოლემიკა და გიორგისაც, როდესაც ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, დავუსვი კითხვა, ექნებოდა თუ არა პრეზიდენტის სასახლეში გადასვლის სურვილი?

ყველაზე აგრესიული, პრეზიდენტის სასახლეში გადასვლასთან დაკავშირებით, იყო სწორედ რომ გიორგი. მახსოვს მეორედ თუ მესამედ კიდევ რომ დავუსვით შეკითხვა და გიორგიმ კიდევ მკაცრი უარი განაცხადა, საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ჰკითხა, კი, მაგრამ რა ხდება, რატომ არა?

იმიტომ, რომ ეს იყო ძალადობის, ბოროტებისა და გარყვნილების სიმბოლო. აი, ეს იყო გიორგის სიტყვები. და იქ, როგორ შეიძლება შევიდეს წესიერი კაცი.“

კიდევ ერთი მიმართულება, როს გამოც ივანიშვილმა მარგველაშვილი გააკრიტიკა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას ეხებოდა. ივანიშვილმა დაადასტურა, რომ 2013 წლის დეკემბრის ბოლოს, პრეზიდენტი მარგველაშვილი აპირებდა ვეტო დაედო, პარლამენტის გადაწყვეტილებაზე მოწმეთა დაკიტხვის ახალი წესის ამოქმედების ორი წლით გადავადების თაობაზე.

„მე მას შევხდი, ავუხსენი რომ ეს გაუგებრობას გამოიწვევდა გუნდში. მისმა გუნდმა დაამტკიცა, საპარლამენტო უმრავლესობის სახით და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა იყო პრინციპული წინააღმდეგი. მისი ვეტო იქნებოდა გუნდის შეურაცჰყოფა, რომელიც მას ეხმარებოდა მთელ ამ პროცესში.

მე არ ვიტყვი გუნდზე რა სიტყვა თქვა მარგველაშვილმა - რბილად რომ ვთქვათ - თქვა რომ მას გუნდის აზრი არ აინტერესებს. მე ვუთხარი რომ ხალხიც ვერ გაიგებს ამას. ამაზეც, რბილად რომ ვთქვათ - არ მაინტერესებსო. როდესაც ვკითხე, რომ წაგიკითხავს ეს კანონპროექტი მეთქი - მას არც დაუმალავს რომ წაკითხული არ ჰქონდა.

ჰქონდა სურვილი ვეტოს დადების. ისე დავშორდით, რომ ვეტო უნდა დაედო. მას მერე რაც პარლამენტის თავჯდომარე უსუფაშვილმა გააკეთა რაღაც მოძრაობები და ის მიხვდა რომ მის ვეტოს გადალახავდნენ, მეც ვუთხარი რომ შენ დარჩები მხოლოდ შეურაცჰყოფილი და მხოლოდ ნაცები გაიხარებენ 5 წუთის განმავლობაში მეთქი, მან ბოლოს აღარ გამოიყენა ვეტო ".

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის ძმის, ვანო მაჭავარიანის საკითხი ასევე ყოფილა დაპირისპირების მიზეზი პრეზიდენტსა და ყოფილ პრემიერს შორის. 2013 წლის ნოემბრიდან, როცა პრეზიდენტი მარგველაშვილი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, ვანო მაჭავარიანს მის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის კურირება ევალება. ბიძინა ივანიშვილი ამბობს

„მე ვფიქრობ, რომ პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა... ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა 60 წლის ვხდები და მსგავსი მაგალითიც არ მახსოვს.

მან პასუხი ვერ გამცა, რატომ გახდა ვანო მაჭავარიანი ახალი პრეზიდენტის ფავორიტი, როცა ძველი პრეზიდენტის ფავორიტი აშკარად არის მისი ძმამიშა მაჭავარიანი. თანაც ამას ამძიმებს ის ფაქტები რაც გიორგიმ კარგად იცოდა.

როცა მე მოვედი პოლიტიკაში, ნოემბერში გიორგიმ მოიყვანა მისი მეგობარი ვანო მაჭავარიანი, ის უნდა გამხდარიყო ჩვენი გუნდის წევრი. მე მასთან ბევრი დრო დავხარჯე, საკმაოდ ხშირად დადიოდა ჩვენთან ოფისში, ერთ მშვენიერ დღეს განაცხადა, რომ სურვილი აღარ აქვს.

მომავალში გაირკვა, რომ ჩვენთან მოსვლით მან მხოლოდ გააბრაზა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებიც მას სამსახურს არ აძლევდნენ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში უმუშევარი იყო. მან მიაღწია იმას, რომ შეაშინა, იქ წავალ, თუ სამსახურს არ მომცემთო. მას მისცეს სამსახური ქრთამის სახით – 7 000 ლარს უხდიდნენ საპარტნიორო ფონდში.“

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილი პრემიერის კრიტიკას დღეს, პრეზიდენტის სასახლიდან სპეციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამიერიდან მუშაობას სწორედ ამ სასახლეში გააგრძელებს.

"ბიძინას კომენტარები, მისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ, ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანია. ვაფასებ მას, მაღალი შეფასება მაქვს, მისი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება, ის, რომ ხდება ჩემი კრიტიკა, ჩემთვის მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის.

ამასთან ერთად, ბიძინამ ისაუბრა, რომ იყო გარკვეული თემები, რომლებზეც ჩვენ ბოლომდე ვერ შევთანხდით. იყო ინტენსიური მსჯელობები, თუმცა, ის, რასაც განვიხილავდით, ამის საჯაროდ გამოტანას არ ვაპირებ ერთი მიზეზით.

ეს არის ჩემსა და ბიძინას შორის ურთიერთობები და არა ურთიერთობები მედიის მეშვეობით ბიძინასთან. რა თქმა უნდა, ჩემთვის მტკივნეულია, მნიშვნელოვანია მისი შეფასებები და შენიშვნები"

ყოფილი პრემიერის ბრალდებებს პრეზიდენტის მრჩეველი ვანო მაჭავარიანი კი გუშინვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილს დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდეს, ეს ყველაფერი ახლოსაც არ არის სინამდვილესთან.“

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG