ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი-თეირანი: უმაღლესი დონის ვიზიტი 13 წლის შემდეგ


პრემიერი კვირიკაშვილი და პრეზიდენტი როჰანი

ირანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიდი ინტერესი აქვს სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართ. ამის შესახებ, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ თეირანში, საადაბადის რეზიდენციაში, კვირას, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

ირანის რკინიგზის შეერთება ქალაქ ასტარაში აზერბაიჯანის რკინიგზასთან, ამ ხაზის დაკავშირებას, საქართველოს კარგად განვითარებულ სარკინიგზო და საავტომობილო მარშრუტებთან, რეგიონისთვის დიდი ცვლილებების მოტანა შეუძლია“

„ამჟამად სატრანზიტო თანამშრომლობას რეგიონში უდიდესი მნიშნველობა აქვს. ირანის რკინიგზის შეერთება ქალაქ ასტარაში აზერბაიჯანის რკინიგზასთან, ამ ხაზის დაკავშირებას, საქართველოს კარგად განვითარებულ სარკინიგზო და საავტომობილო მარშრუტებთან, თეირანისა და თბილისის თანამშრომლობის გაღრმავებას ტრანსპორტის სფეროში, რეგიონისთვის დიდი ცვლილებების მოტანა შეუძლია“ - აღნიშნა პრეზიდენტმა როჰანიმ.

შავი ზღვის ნავსადგურების გამოყენების სანაცვლოდ, ირანი საქართველოს სპარსეთის ყურის, ომანის ზღვისა და ინდოეთის ოკეანესთან წვდომაში ხელშეწყობას სთავაზობს.

ქართულ დელეგაციასთან შეხვედრის დროს, რომელშიც პრემიერის გარდა, საგარეო, ენერგეტიკის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის მინისტრები და რკინიგზის ხელმძღვანელი შედიოდნენ, ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ესჰაყ ჯაჰანგირმა ყველაზე მნიშვნელოვანი თემები გამოყო:

ამ პროექტის მარშრუტები შეიძლება იყოს: ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო-შავისზღისპირეთი ან ირანი-სომხეთი-საქართველო-შავიზღვისპირეთი"

„ძალიან მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის პროექტი. ამ პროექტის მარშრუტები შეიძლება იყოს: ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო-შავისზღისპირეთი ან ირანი-სომხეთი-საქართველო-შავიზღვისპირეთი.

ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ირანი-სომხეთი-საქართველო-რუსეთის ელექტროსისტემების სიქრონიზაციის შესახებ შეთანხმება, რომ წლის სხვადასხვა პერიოდებში, ამ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის გაცვლა მოხდეს.

და, რა თქმა უნდა, საბანკო ურთიერთობის აუცილებლობა უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საქართველოსა და ირანს შორის, სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის.“

ჩრდილოეთი-სამხრეთის საერთაშორისო სატრასპორტო დერეფნის (North–South Transport Corridor) შავი ზღვის მიმართულებით განვითარების ინიციატივით, თბილისში 17 აპრილს, ოფიციალური ვიზიტის დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი გამოვიდა.

თეირანის პოზიციაა, რომ ჩრდილოეთი-სამხრეთის სატრასპორტო დერეფნის სატრანზიტო განშტოებებმა, საქართველოს ნავსადგურებამდე, როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მიმართულებით გაიაროს, რათა ბაქო-ერევნის დაპირისპირებამ დერეფანს საფრთხე არ შეუქმნას.

შავ ზღვაზე გასვლით კი თეირანი ბულგარეთის, რუმინეთის და უკრაინის ბაზრებზე წვდომას იმედოვნებს. ბულგარეთისა და რუმინეთის შემდეგ, ახალი საბორნე-სარკინიგზო მარშრუტის მიმართ ინტერესი დაადასტურა უკრაინამ, რომელიც ჩერნომორსკი-ფოთი-ბაქო-ანზალი-თეირანის მარშრუტით, გაზაფხულისთვის, ხორბლით დატვირთული, სატესტო მატარებლის გაშვებას გეგმავს.

პრემიერმა კვირიკაშვილმა თეირანში ყოფნისას აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ჩრდილოეთი-სამხრეთის სატრასპორტო დერეფანთან საკუთარი სატრანზიტო მარშრუტების დაკავშირების კუთხით:

უახლოეს მომავალში კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებასა და ენერგეტიკულ თანამშრომლობის კუთხით“

„თეირანში ვიზიტის დროს, ორმხრივი თანამშრომობის, უმნიშვნელოვანესი საკითხები იქნა განხილული და მიღწეული იქნა კონკრეტული შეთანხმებები, რათა ამ მიმართულებით, უახლოეს მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. კერძოდ საუბარია, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის განვითარებასა და ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე.“

ეს იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ირანში. მანამდე, 2015 წელს, კვირიკაშვილი თეირანში, ეკონომიკის მინისტრის რანგში იმყოფებოდა.

უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოდან ირანში 2004 წლის მერე აღარ შემდგარა, როცა თეირანს პრეზიდენტი სააკაშვილი ესტუმრა. 2015 წელს, სპარსეთში პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე უსუფაშვილიც იმყოფებოდა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ბოლო 25 წლის მანძილზე, ირანის პრეზიდენტი საქართველოში მხოლოდ ერთხელ ჩამოვიდა. ეს 22 წლის წინ მოხდა, როცა თბილისს, ალი აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი ეწვია.

ირანის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჰასან რუოანი თბილისში ორჯერ არის ნამყოფი: 1995 წელს, ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ხოლო 2001 წელს, ირანის უშიშროების საბჭოს მდივნის რანგში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG