ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო მოკავშირესა და მეზობელს შორის ლავირებს


საქართველოს და ირანის პრეზიდენტები მიხეილ სააკაშვილი და ჰასან როუჰანი

საქართველოსა და ირანს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. სტატისტიკიდან კარგად ჩანს, რომ ამ თამამმა გადაწყვეტილებამ პოზიტიურად იმოქმებდა თბილისისა და თეირანის ორმხრივ ურთიერთობებზე, როგორც ტურიზმის, ისე ვაჭრობის სფეროში.

2011 წელს ირანიდან შემოსულმა ვიზიტორთა რაოდენობამ - 60191 ადამიანი შეადგინა. შედარებისთვის, 2006 წელს, ეს რიცხვი 5379 არ აღემატებოდა. წელს, ივნისის ჩათვლით კი საქართველოში უკვე 33710 ირანელი შემოვიდა.

შარშან, თითქმის 10 მილიონით გაიზარდა საქართველოში ირანული იმპორტის ოდენობაც და ჯამში 65 მილიონ დოლარს მიაღწია. მაისის ჩათვლით კი ირანიდან უკვე 27 მილიონი დოლარის იმპორტია განხორციელებული.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ხედავს ირანთან არსებული ურთიერთობის გადახედვის მიზეზებს

„ირანთან მიმართებაში საქართველოს პოზიცია იქნება ისეთი როგორიც შეეფერება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამ ინტერესებში შედის როგორც მეზობლებთან, მათ შორის რეგიონალურ ქვეყნებთან ურთიერთობა, ასევე შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა.“

როგორ უყურებს საქართველოსა და ირანის სულ უფრო მზარდ თანამშრომლობას თბილისის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები?

ვაშინტონმა ცალსახად განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი, თუ ირანელებს მიეცემათ შესაძლებლობა გამოვიდნენ ირანიდან და ნახონ რა ხდება სამეზობლოში. ამასთან, საქართველოში ამერიკის ელჩის ჯონ ბასის თქმით, ვაშინგტონს არ სურს ისეთი ვითარების ხილვა, რომელშიც „საქართველო, თუნდაც უნებლიეთ, გახდება ადგილი, სადაც ირანული კომპანიები ან ირანელები, რომლებზეც სანქციები ვრცელდება, შეძლებენ ამ სანქციებისთვის თავის არიდებას, რადგან არსებული ეფექტური სანქციები არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმისა, თუ რატომაც დაბრუნდა ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან“. აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი კერძოდ ამბობს:

„რაც შეეხება ირანის მთავრობასთან ურთიერთობას, ჩვენ მივმართავთ სხვა მთავრობებს ყოველთვის გაამახვილონ ყურადღება და მოუწოდონ ირანის ხელისუფლებას შეასრულონ გაეროს რეზოლუციები, რომლებსაც ირანის მთავრობა არღვევს.“

საქართველოსა და ირანის დაახლოებით შეშფოთებულია ისრაელიც, რომელსაც ირანის მოქმედი პრეზიდენტი "მიწისაგან პირისა აღგვით" ემუქრება. ისრაელის ქნესეთის წევრმა, ავრაჰამ მიხაელიმ იგივე აბრამ მიქელაშვილმა აღნიშნა, რომ ისრაელში თბილისი-თეირანის დაახლოებას მტკივნეულად აღიქვამენ:

„ყურადღებას ვაქვევთ მაგ საკითხს, მტკივნეულადაც და ფრთხილადაც. ყველამ ვიცით რამდენად მძიმეა ირანის საკითხი მსოფლიოში. ვიცი, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის ამ თემაზე არის საუბარი სხვადასხვა დონეზე, რომ გავუგოთ ერთმანეთს.“

ქართულ-ირანული ბიზნესის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, კერძო ირანული კაპიტალი დიდი ინტერესით ელოდება კოლხეთის დაბლობზე, ახალი ქალაქის ლაზიკას მშენებლობის დაწყებას. ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა, ირანელმა ბიზნესმენმა მაჰმუდ დავარიმ გაზეთ finchannel-ს განუცხადა. სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ივა დავითაია ლაზიკას მიმართ ირანული კაპიტალის ინტერესს ადასტურებს:

„არ არის მხოლოდ ირანელ ინვესტორთა ჯგუფი, არსებობს დაინტერესებული ბიზნეს-ჯგუფები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან, თურქეთიდან. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. კარგია რომ ირანელებიც აქტიურობენ“

რამდენად შეძლებს თბილისი საკუთარი ინტერესების შესაბამისად წარმატებულ ლავირებას ვაშინგტონსა და თეირანს შორის უცნობია.

ჯერჯერობით, ირანული პირდაპირი ინვესტიციები საქართველოში არცთუ დიდია. 2010 წელს, მისი მოცულობა მილიონ 83 ათასი დოლარი იყო; შარშან, ქართულ ეკონომიკაში ირანელებმა მხოლოდ 240 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩადეს. წელს, პირველ კვარტალში კი 247 ათასი დოლარის პირდაპირი ირანული ინვესტიცია განხორციელდა.

კომენტარების ნახვა (2)

XS
SM
MD
LG