ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიორგი ლუკავას 7 წლიანი ტყვეობა დასრულდა


გიორგი ლუკავამ საერთო ჯამში, დრანდის ციხეში 10 წელი გაატარა

თითქმის 7 წლიანი ტყვეობის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის დრანდის ციხიდან, სეპარატისტებმა საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავა გაანთავისუფლეს. საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ოკუპირებულ ანკლავში 20 წლიან სასჯელს, აფხაზი „მესაზღვრეების“ „გატაცებისა და მკვლელობის მუხლით“ იხდიდა. ლუკავას ბრალი არ უღიარებია.

გიორგი ლუკავა 2011 წლის 8 მაისს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების სასაფლაოზე მაშინ დაიჭირეს, როცა შვილების საფლავს ასუფთავებდა. აფხაზებმა ლუკავა ქართული პარტიზანული მოძრაობა „ტყის ძმების“ წევრად გამოაცხადეს და ბრალი, 1994 წელს, სოფელ თაგილონში აფხაზ „მესაზღვრეებზე“ შეიარაღებულ თავდასხაში დასდეს, რა დროსაც ორი აფხაზი ადგილზე დაიღუპა, 12 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

2013 წლის სექტემბერში სოხუმის სასამართლომ ლუკავას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 225 ათასი რუსული რუბლით (10 000 ლარი) დააჯარიმა.

ბოლო წლებში, ჟენევისა და გალის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში, ქართული მხარე ლუკავას გათავისუფლებას მუდმივად მოითხოვდა, რაზეც აფხაზური მხარე უარს აცხადებდა. 2016 წლის მარტში, პატიმართა სამმხრივი (თბილისი-სოხუმი-ცხინვალი) გაცვლის დროს, სიაში ლუკავაც იყო, თუმცა, ბოლო მომენტში, იგი საკანში შეაბრუნეს.

დღეს გიორგი ლუკავა უკვე თბილისში, მეუღლესთან, რვა შვილთან და შვილიშვილებთან ერთად იმყოფება. მისი გათავისფლება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით მოხერხდა. 53 წლის ლუკავა ამბობს, რომ პატიმრობამ ჯანმრთელობა ძალიან შეურყია:

საავადმყოფოში მკურნალობა მჭირდება, ფსიქოლოგიური დახმარება, ნერვები არ მყოფნის, ლაპარაკი მიჭირს, უძილობა. მაინც ორივე მხარის მადლობელი ვარ იმისთვის, რომ დღეს ცოცხალი, ჩემს ოჯახთან ერთად ვარ“
გიორგი ლუკავა

„საავადმყოფოში მკურნალობა მჭირდება, ფსიქოლოგიური დახმარება, ნერვები არ მყოფნის, ლაპარაკი მიჭირს, უძილობა და მაინც ორივე მხარის მადლობელი ვარ იმისთვის, რომ დღეს ცოცხალი, ჩემს ოჯახთან ერთად ვარ.“

სოხუმიდან დევნილი ლუკავასთვის ეს რიგით მეორე პატიმრობა იყო. პირველად აფხაზებმა იგი 1996 წელს, გალის რაიონში დაიჭირეს და „მკვლელობებისა“ და „პარტიზანული მოძრაობის წევრობისთვის“ 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მაშინ მან დრანდის ციხეში 3 წელი გაატარა, 1999 წელს, ტყვეთა გაცვლის პროცესი შეეხო და გათავისუფლდა. საერთო ჯამში, 53 წლის ლუკავამ დრანდის ციხეში თითქმის 10 წელი გაატარა.

გიორგი გიუნაშვილი
გიორგი გიუნაშვილი

ლუკავას გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე, ცხინვალის ციხიდან 40 წლის გიორგი გიუნაშვილი გაუშვეს, რომელსაც ასევე 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გიუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 2016 წლის 8 ივნისს სოფელ დისევის სიახლოვეს გაიტაცეს და ცხინვალის რეჟიმმა იგი ტერორიზმის მუხლით გაასამართლა.

ლუკავა ამბობს, რომ მისი და გიუნაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ, სეპარატისტებს ორი პატიმარი გადასცეს, თუმცა ოფიციალური სტრუქტურები ამ ინფორმაციას დღემდე არ ადასტურებენ:

როგორც ვიცი, იქეთ აფხაზებისთვის პატიმრები არ მიუციათ, ორი პატიმარი ჩვენი გაშვების სანაცვლოდ ოსებს გადასცეს“

„როგორც ვიცი, იქეთ აფხაზებისთვის პატიმრები არ მიუციათ, ორი პატიმარი ჩვენი გაშვების სანაცვლოდ ოსებს გადასცეს“

დრანდის ციხეში ამ დრომდე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე რჩება. ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მკვიდრს, 27 წლის პაატა როგავას, რომელიც რუსმა სამხედროებმა 2017 წლის 5 აპრილს, მდინარე ენგურის მიმდებარე ტერიტორიიდან მამასთან ერთად გაიტაცეს, „საოკუპაციო ხაზის დარღვევისთვის“ 2 წელი და 2 თვე აქვს მისჯილი. მისი, 61 წლის მამა არჩიკო როგავა კი აფხაზებმა 5 დეკემბერს გაათავისუფლეს.

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრი გურამ ბესტაევი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორშია. რუსმა ოკუპანტებმა ბესტაევი საოკუპაციო ხაზის მესამედ დარღვევისთვის 30 ოქტომბერს დაიჭირეს და „ოთხთვიანი წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდეს.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG