ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო აქტივისტებისთვის ადგილი არ არის


თამარ მეარაყიშვილი

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი შინაპატიმრობის ოთხ თვეს ხვალ მიითვლის. ის 2017 წლის 16 აგვისტოს დააკავეს დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის მმართველი პოლიტიკური პარტიის „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამების ბრალდებით. მას შემდეგ ოთხი სასამართლო პროცესი ჩატარდა ცხინვალში, ბრალდებულის სახლი არაერთგზის გაიჩხრიკა, არაერთი დაკითხვა ჩატარდა, თუმცა გამოძიებამ მაინც ვერ შეძლო საკმარისი მტკიცებულების მოპოვება იმის დასამტკიცებლად, რომ მეარაყიშვილი დამნაშავეა.

ამასობაში დრო, რა თქმა უნდა, მიდის, თამარს კი ყველანაირი დოკუმენტი აქვს ჩამორთმეული და გადაადგილების უფლება - შეზღუდული. მთელ დროს ის ახალგორში, საკუთარ სახლში ატარებს და გარეთ გასვლას მხოლოდ სასამართლო პროცესზე ან დაკითხვაზე წასვლის შემთხვევაში ახერხებს, ისიც ადვოკატის თანხლებით. მისი მდგომარეობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ადამიანის უფლებების შელახვის თვალსაზრისით, თუმცა რეალობა დე–ფაქტო ადმინისტრაციაში ასეთია და მასზე გავლენას ქართული მხარე ვერ ახდენს.

სასამართლოზე ცხინვალში მეარაყიშვილს კითხავენ და მისგან იმ ინფორმაციის მიღებას ცდილობენ, ვის გულისხმობდა კონკრეტულად, როდესაც პარტიის საქმიანობას აკრიტიკებდა. სასამართლო სხდომაზე მეარაყიშვილს ასევე ეუბნებიან, რომ მის გარდა, აქტივისტი იქ არ არსებობს.

"ამერიკის ხმა" გთავაზობთ ამონარიდს ცხინვალში გუშინდელი სასამართლო სხდომიდან:

მეარაყიშვილი: როდესაც ამბობთ სამოქალაქო აქტივისტს, ეს მაინცდამაინც მე უნდა ვიყო?

პროკურორი: დიახ, თქვენ, რაადგან რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენთან სხვა სამოქალაქო აქტივისტები არ არიან.

მეარაყიშვილი: ეს ხომ თანამდებობა არაა.

ამერიკის ხმა თამარ მეარაყიშვილს ახალგორში დაუკავშირდა. ჩვენთან საუბრისას ის გუშინდელი სასამართლო სხდომის დეტალებისა და მის მიმართ გამოთქმული პრეტენზიების შესახებ საუბრობს: „რამდენიმე ნაცნობმა არაოფიციალურად მითხრა, რომ პროკურატურა ეძებს ჩემი რესპუბლიკიდან გაძევების მიზეზს და საშუალებას. ამიტომაა ეს ყველაფერი ატეხილი. მე არ მინდა წამოსვლა, რა თქმა უნდა და გაძევებაზეც რომ მიდგეს საქმე, მე ვიბრძოლებ. როგორ შეიძლება საკუთარი სახლიდან გააძევო ადამიანი და ეს იყოს კრიმინალების სურვილის გამო, ვინც აქაურიც კი არაა. ხვალ ოთხი თვე შესრულდება, რაც ეს ამბავი გრძელდება.“

მეარაყიშვილი გულისხმობს სპარტაკ დრიაევს, მმართველი პარტიის ადგილობრივ წარმომადგენელს ახალგორში, ვინც მას უჩივლა პარტიის მიმართ გაკეთებული „ცილისმწამებლური“ განცხადებების გამო. დრიაევი არაა ახალგორის მკვიდრი. ის გორში ცხოვრობდა და ციხეში მკვლელობის გამო მოხვდა, 2011 წელს კი ცხინვალში გადაიყვანეს, პატიმრების ეგრეთ წოდებული გაცვლისა და პრეზიდენტის შეწყალების შემდგომ.

თამარ მეარაყიშვილი ფიქრობს, რომ მას ასეთი ფორმით აიძულებენ დატოვოს ახალგორი, რის შემდეგაც დე–ფაქტო ხელისუფლებას „პრობლემური მოქალაქე“ აღარ ეყოლება.

კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხებში სახალხო დამცველის წარმომადგენელი მედეა ტურაშვილი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ აქტივიზმი, ზოგადად პრობლემაა დე–ფაქტო ადმინისტრაციისთვის: „მეარაყიშვილს ამ ოთხი თვის მანძილზე ორჯერ ჰქონდა აღკვეთილი თავისუფლება უკანონოდ, მისი თავისუფლების შეზღუდვა მოხდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში ამის მიზანია ის იძულებული გახადონ დატოვოს ახალგორი, რითაც განსხვავებული აზრი ახალგორში დადუმდება, კონკრეტულად.

თუმცა, ჩვენ ამას უნდა შევხედოთ, არა როგორც იზოლირებულ შემთხვევას. ზოგადად, მთლიანად, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო საზოგადოებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის თავისუფალი სივრცე არ არის და მათზე ზეწოლას რეგულარული ხასიათი აქვს. ბოლო წლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დაიხურა, ქალთა ორგანიზაციები, მათ შორის, რაც ნამდვილად პრობლემურია. ასე რომ თამარზე ზეწოლა მისი უფლებების დარღვევაა და ასევე მისი ეს შემთხვევა გამოხატავს და მიანიშნებს სამხრეთ ოსეთში შექმნილ ზოგად მდგომარეობაზე სამოქალაქო აქტივიზმისა და დემოკრატიზაციის კუთხით.“

კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს: „ეს პროცესი, თავიდან ბოლომდე არის არა კონკრეტული დანაშაულის საფუძველზე აღძრული, არამედ იმის გამო, რომ თამარ მეარაყიშვილის მთავარი „დანაშაული“ არის მისი, როგორც საზოგადოებრივად აქტიური ადამიანის არსებობა, რომელიც თავისი გამონათქვამებით, პოზიციის დაფიქსირებით სხვადასხვა საკითხებზე, რაც ეხებოდა ახალგორს, პრობლემებს უქმნიდა ხელისუფლებას. ეს ყველაფერი გადაიზარდა იმაში, რასაც ვაკვირდებით. დე–ფაქტო ადმინისტრაციას რომ ჰქონდეს სერიოზული მტკიცებულებები თამარის დამნაშავეობის შესახებ, სხვა სურათს ვიხილავდით. სამწუხაროა, რომ ეს ხდება და ჩვენ არ გვაქვს ბერკეტები ცხინვალის მმართველებზე მოვახდინოთ პირდაპირი ზეწოლა.“

თამარ მეარაყიშვილმა, რომელიც მთელ დროს სახლში ატარებს, რთული და სტრესული გარემოდან თავდაცვის ავტონომიური მეთოდი შეიმუშავა, რომელიც, ამავდროულად ფინანსურად გააძლიერებს. „იმისთვის, რომ გავაგრძელო ბრძოლა ჩემი უფლებებისთვის, სახსრებიც მჭირდება“,– გვეუბნება თამარი და გვიამბობს იმის შესახებ, როგორ დაიწყო ბისერებით სხვადასხვა აქსესუარებზე მუშაობა, რომელთა რეალიზებას ის თბილისში აპირებს.

არტ თერაპია თამარ მეარაყიშვილისთვის ერთგვარი თავშესაფარია, რომელიც მომავალი ბრძოლებისთვის ძალებს მატებს. ეს უკანასკნელი კი მას ნამდვილად სჭირდება, რადგან ის საუთარ სახლში ცხოვრების უფლების მოპოვებისთვის იბრძვის და მის მიტოვებას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG