ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრამერი: საქართველოს აშშ-ის მხარდაჭერა ყოველთვის ექნება


დევიდ კრამერი

ამერიკაში საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდება, რაზეც კონგრესისა და ადმინისტრაციის მიერ გადადგმული უკანასკნელი ნაბიჯები მეტყველებს. თუმცა, საქართველომ ამ მხარდაჭერის გასაძლიერებლად და შესანარჩუნებლად მუშაობა უნდა გააგრძელოს - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე დევიდ კრამერი. მას ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე ვაშინგტონში "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს და მთლიანად რეგიონის მიმართ დამოკიდებულებაში არის თუ არა რაიმე ისეთი, რაც გაწუხებთ?

საქართველოს ყოველთვის ეყოლება მეგობრები ორივე პარტიის რიგებში. თუმცა, ეს საქართველომ არ უნდა მიიღოს როგორც რაღაც ისეთი, რაც ეკუთვნის. ამ ურთიერთობას მოვლა და შენარჩუნება სჭირდება.

ყველაზე მეტად ის მაწუხებს, თუ რას იზამს რუსეთი. საქართველოში რუსეთი აგრძელებს მცოცავ ანექსიას, არის უწყვეტი მცდელობა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანონ. ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს უნდა ველოდოთ. ამასთან ერთად, მნიშვნევლოვანია ვაშინგტონში ახალმა ადმინისტრაციამ, რაც შეიძება მალე, გააკეთოს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მიმართ შემუშავებული პოლიტიკის არტიკულირება, რომ ეს ქვეყნები იმ რუხი ზონიდან გამოვიდნენ, რომელშიც დღეს არიან.

სად ხედავთ ამ პოლიტიკის შემუშავებაში კონგრესის როლს?

კონგრესის როლი დღემდე ძალიანი დადებითია. სულ რამდენიმე დღის წინ კონგრესმა ორპარტიული წერილი გაუგზავნა პრეზიდენტს, სადაც საქართველოს მხარდაჭერას და თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკების დაწყებას სთხოვდა.

კონგრესში კარგად ესმით საქართველოს მნიშვნელობა ამერიკისთვის. არ მგონია აქ რამე შეიცვალოს. საქართველოს ყოველთვის ეყოლება მეგობრები ორივე პარტიის რიგებში. თუმცა, ეს საქართველომ არ უნდა მიიღოს როგორც რაღაც ისეთი, რაც ეკუთვნის. ამ ურთიერთობას მოვლა და შენარჩუნება სჭირდება. საელჩომ უნდა გააგრძელოს კონგრესთან აქტიური ურთიერთობა, მთავრობის წევრები კი ყოველთვის, შეძლებისდაგვარად, უნდა ეწვივნონ კონგრესს, როცა ვაშინგტონში არიან.

თქვენ მცოცავი ანექსია და რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უწყვეტი თავდასხმები ახსენეთ. რა შეიძლება გაკეთდეს ამ პროცესის შესაჩერებლად?

თუ საქართველოს წარმატების მიღწევა უნდა, რამდენიმე ეროვნული მნიშვნელობის თემაზე, როგორიცაა ევროინტეგრაცია, ქვეყანაში პოლიტიკური ერთობა უნდა არსებობდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დასავლეთმა საქართველოში უნდა დაინახოს.

ამას ევროპელების, ამერიკის, კანადის, იაპონიის და სხვა დემოკტარიების ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება. რუსეთს მუდმივად უნდა შვახსენოთ ის, რომ მან არ შეასრულა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. პასპორტიზაციით და მცოცავი ანექსიით რუსეთი ამ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს საქართველოსთან კავშირის გზებს უჭრის. ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაგებინოთ რუსეთს, რომ არასოდეს ვაღიარებთ ამ რეგიონების ამჟამინდელ მდგომარეობას და არასოდეს ვაღიარებთ მათ რუსეთში გაერთიანებას. ეს არის კონფლიქტური სიტუაცია, სადაც რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა. ეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევაა. რუსეთს ასევე უნდა გავაგებინოთ, რომ თუ ვითარება დაიძაბა, რუსეთს შეიძლება სანქციები დაუწესდეს.

ამ მიმართულებით ვაშინგტონის მხრიდან ნაბიჯებს ხედავთ?

ჯერ-ჯერობით არა. უკრაინის შემთხვევაში წინა ადმინისტრაციის დროს იყო მცდელობა რუსეთთან კომუნიკაციის პირდაპირი არხი ყოფილიყო, თუმცა ამან დიდი შედეგი ვერ მოიტანა. საქართველოს შემთხვევაში ამ მიმართულებით ჯერ არაფეი გამიგია.

რუსეთის მიმართ პოლიტიკის შემუშავება ნელი ტემპით მიმდინარეობს. როგორ ფიქრობთ, დრო წარმოადგენს თუ არა მნიშვნელოვან ფაქტორს საქართველოსთვის? არის თუ არა საშიშროება, რომ საქართველოს შესაძლოა მეტი ზიანი მიადგეს რუსეთის პოლიტიკის შემუშავების გაჭიანურების შემთხვევაში?

პრობლემა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს დაიწყო. მაშინ გვქონდა პოლიტიკა, რომლიც რუსეთზე იყო მორგებული. ეს პოლიტიკა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამდე დარჩა ძალაში. ტრამპის ადმინისტრაციის დასაწყისში ეს თითქოს გრძელდება - სახელმწიფო მდივანი ტილერსონი მოსკოვსი ჩავიდა, მაგრამ კიევში ან თბილისში მსგავსი ვიზიტები არ ყოფილა. სწორედ აქ შეუძლია კონგრესს ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში იმაში დარწმუნებით, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ხარჯზე არ მოხდეს.

საქართველოს შეუძლია ქვეყნის შიგნით რამის გაკეთება იმისთვის, რომ ადმინისტრაციას ამერიკისთვის საკუთარი მნიშვნელობა დაანახოს?

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ გაიგოს ის, რომ საქართველოს ევროპასთან სიახლოვით უკეთესი მომავალი ექნება. ეს არ ნიშნავს საქართველოს რუსეთისგან გათიშვას. რუსეთი ყოველთვის საქართველოს მეზობელი იქნება. თუ საქართველოს წარმატების მიღწევა უნდა, რამდენიმე ეროვნული მნიშვნელობის თემაზე, როგორიცაა ევროინტეგრაცია, ქვეყანაში პოლიტიკური ერთობა უნდა არსებობდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დასავლეთმა საქართველოში უნდა დაინახოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG