ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჯვაროსნული ლაშქრობა“ მხატვრის წინააღმდეგ


სურათზე: მხატვარი ლია უკლება და მისი გახმაურებული ტილო "ღვთისმშობელი მარიამი სათამაშო პისტოლეტით"

მესამე დღეა მართლმადიდებელ მორწმუნეთა ნაწილის გააფთრებული იერიშის სუბიექტი, ქუთაისელი თვითნასწავლი მხატვარი ლია უკლებაა. მიზეზი კი მხატვრის ტილოა, სახელწოდებით, „ქალწულის თვითმკვლელობა“ (Virgin Suicide) ანუ „ღვთისმშობელი მარიამი სათამაშო პისტოლეტით“.

მხატვარმა ეს ნამუშევარი ჯერ კიდევ, 2012 წელს შექმნა და მომდევნო წლებში, ის რამდენჯერმე იყო გამოფენილი სხვადასხვა გალერეაში, მათ შორის,2015 წლის მაისში, თბილისში - „არტ ავენიუში“. მორწმუნეთა ნაწილი ნახატს თავიდანვე ხაზგასმულად უარყოფითად შეხვდა, თუმცა, ის აგრესია, რაც ბოლო დღეებში დაიბადა, მთლიანად მართლმადიდებელი ეკლესიის „დამსახურებაა“.

„ქალწულის თვითმკვლელობა“ მხატვრის სხვა ნამუშევრებთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო გამოფენილი 24 ოქტომბერს, სულ, 4 საათით. გამოფენა კი სახელწოდებით „დუმილი და უხმოობა“ გახლდათ, ნაწილი უნივერსიტეტში მიმდინარე, ორდღიანი კონფერენციისა თემაზე: „როგორ ვიმსჯელოთ სუბალტერნზე პოსტსოციალისტურ საზოგადოებაში?“.

ნახატი სოციალურ ქსელებში ჯერ სტუდენტების ნაწილმა გააპროტესტა. ისინი მოითხოვდნენ, უნივერსიტეტის რექტორს დაეგმო მხატვარი „მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო.“ კვირას კი „ქალწულის თვითმკვლელობას“ ტრადიციულ ქადაგებაში, თვით პატრიარქი ილია მეორე გამოეხმაურა და ტილოს „ჩვენი სარწმუნოებისა და საქართველოს“ უპრეცედენტო შეურაცყოფა უწოდა.

ამის შემდეგ, აგრესია მხატვრის წინააღმდეგ ნამდვილ „ჯვაროსნულ ლაშქრობაში“ გადაიზარდა. ლია უკლებას ემუქრებიან ჩაქოლვით, სარზე გაკვრით, ვირზე შესმით და ქვეყნიდან გაძევებით. თავად მხატვარი განმარტავს, თუ რისი თქმა სურდა ამ ნამუშევრით:

„ეს ნამუშევარი „ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“ არის ფეხმძიმე ღვთისშობლის გამოსახულება, რომელსაც ხელში საფეთქელთან მიდებული პისტოლეტი უჭირავს. ადამიანების ნაწილმა ეს მეტაფორა სამწუხაროდ გაიგო პირდაპირ, ბუკვალურად და ეს ნახატი გამოდგა ყველაზე „ხმაურიანი“.

ჩემი მთავარი სათქმელი იყო ადამიანების შენჯღრევა, რომ ასე გავრცელებული ფსევდომორწმუნეობის გამო, შეიძლება მარიამმა ჩათვალოს და აღარ გაგვიჩინოს ღმერთი ანუ არა ვართ ღირსი გაგვიჩინოს ღმერთი.“

პატრიარქის საკვირაო ქადაგების შემდეგ, „ქალწულის თვითმკვლელობას“ სპეციალური განცხადება მიუძღვნა საქართველოს საპატრიარქომ. „ამ ფაქტს ჩვენი საზოგადოების დიდი აღშფოთება მოჰყვა, თუმცა არიან ისეთი ჯგუფებიც, რომლებიც ამას ამართლებენ და აცხადებენ, რომ მომხდარი გამოხატვის თავისუფლების გამოვლინებაა და არ შეიძლება ხელოვნებას დაუწესდეს საზღვრები, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელი დამოკიდებულებაა...როგორც ჩანს, ილიას ინსტიტუტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს პროვოცირება რელიგიური ადამიანებისა და შემდეგ ე.წ. ,,მეცნიერული დაკვირვებები“ მათზე“ - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს უკვე უპასუხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ხაზი გაუსვა რომ სასწავლებელი „უზრუნველყოს პროფესორის აკადემიური თავისუფლებას, რაც გულისხმობს მეცნიერული ინტერესის მქონე ნებისმიერ თემაზე მსჯელობის შესაძლებლობას... და ყოველთვის დაიცავს თავისი პროფესორებისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას ნებისმიერი ინსტიტუტის ცენზურისგან.“

ილიას უნივერსიტეტთან არსებული სოციალური და კულტურის კვლვევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი მაისურაძემ, რომელიც კონფერენციის ორგანიზატორი იყო, განმარტა თუ რა მიზნით გამოიფინა ლია უკლებას ტილო „ქალწულის თვითმკვლელობა“:

„ჩვენ ვართ სამეცნიერო დაწესებულება და ჩვენი მოვალეობაა გავაანალიზოთ, ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ იმაზე რა ხდება ქვეყანაში, რა იქმნება და ხელოვნება როგორ ასახავს ამა თუ იმ მოვლენას. ხელოვნება არ არის იმისთვის რომ ვიღაღას შეურაცყოფა მიაყენოს და ამავე დროს, ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს ხელოვანს მოვთხოვოთ და მივცეთ მითითებები რომ ამაზე შეუძლია ხატოს და ამაზე არა. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ ეს ნახატი ღვთისმშობლის შეურაცხყოფაა ან რელიგიური ადამიანების.“

ქუთაისელი მხატვრის წინააღდეგ დაწყებული „ჯვაროსნული ლაშრქობის“ პარალელურად, ვრცელდება ლია უკლებას მხარდამჭერი პეტიცია, რომელიც პრეზიდენტს, პატრიარქსა და პრემიერს მოუწოდებს დაიცვან მხატვრისა და კონფერენციის ორგანიზატორთა უფლებები და უსაფრთხოება.

„საჭიროდ მიგვაჩნია, საქართველოს საპატრიარქომ გააკეთოს დამატებითი განმარტება, რომელშიც დაგმობს და გაემიჯნება ფუნდამენტალისტურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან აგრესიის ყველა შესაძლო გამოვლინებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ მსგავს ფაქტზე პასუხისმგებლობა პირადად დაეკისრება კათოლიკოს პატრიარქს" - ნათქამია პეტიციაში, რომელსაც ერთი დღის მანძილზე 500-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG