ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუკნარი: რელიგიური შეუწყნარებლობა, როგორც ქართული საზოგადოების დამღა


პოლიცია ქრისტიანებს და მუსლიმებს შორის სოფელ ბუკნარში. "გურია ნიუსის" ფოტო
პოლიცია ქრისტიანებს და მუსლიმებს შორის სოფელ ბუკნარში. "გურია ნიუსის" ფოტო

მესამე დღეა არ წყდება უკიდურესად საშიში დაპირისპირება ქრისტიან და მუსლიმ თემს შორის ზემო გურიაში, სოფელ ბუკნარში. ეს სოფელი ჩოხატაურიდან 12 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. მოსახლეობის ბოლო აღწერით, ბუკნარში 800 ადამიანამდე ცხოვრობს. უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, სოფელში არის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია.

კონფლიქტი სოფლის მუსლიმი თემის მცდელობას მოჰყვა, პარასკევის ტრადიციული ლოცვისთვის, სალოცავი გაეფართოვებინათ, რომელიც ამჟამად, მათ საკუთრებაში არსებულ, კერძო სახლშია მოწყობილი. აღმსარებლობით მართლმადიდებლებმა ეს ნაბიჯი ჯერ მინარეთის, შემდეგ კი მეჩეთის მშენებლობად აღიქვეს და თანასოფლელებს, რომლებიც ამ სახლში 2020 წლის თებერვლიდან ლოცულობენ, ღიად დაუპირისპირდნენ.

მოლაპარაკებებმა ადგილობრივი ხელისუფლების შუამავლობით შედეგი არ გამოიღო, ბოლო დღეების საშიში შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ბავშვები დაშავდნენ, სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა, ბუკნარში, გურიის სხვა სოფლებიდან და განსაკუთრებით, აჭარიდან, ე.წ "მხარდამჭერების" შემოსვლამ, რის გამოც პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო. ძალადობის მუხლით მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული.

რელიგიური დაპირისპირება ბუკნარში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:50 0:00

კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში, ოთხი წლის მანძილზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტი ეკავა, „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ პრობლემა ქართულ ნაციონალიზმშია:

მთავარი პრობლემა ქართულ მართლმადიდებლურ ნაციონალიზმშია, იმაში, რომ ხელისუფლება არ მუშაობს საერთო განათლების მიმართულებით და დღემდე, ქვეყანაში თანასწორობის კუთხით უაღრესად სერიოზული პრობლემებია
პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი


„მთავარი პრობლემა ქართულ მართლმადიდებლურ ნაციონალიზმშია, იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მუშაობს საერთო განათლების მიმართულებით და დღემდე, ქვეყანაში თანასწორობის კუთხით უაღრესად სერიოზული პრობლემებია. ასე იყო ჩემს დროსაც, როცა მინისტრი ვიყავი.

პირადი გამოცდილებით ვხედავ, რომ სადაც მართლმადიდებლები და მუსლიმები ერთად ცხოვრობენ, მართლმადიდებლებს აქვთ პრეტენზია, რომ მუსლიმებს არ უნდა ჰქონდეთ იმდენი უფლება, რამდენიც მათ აქვთ. ანუ, თუ მათ აქვთ ეკლესია, მუსლიმებს სალოცავი ოთახიც არ შეიძლება ჰქონდეთ. ეს არ არის სწორი და ყველგან, სადაც ბოლო წლებში ასეთი დაპირისპირება მოხდა, ნიგვზიანში (2012), წინწყაროში (2013), სამთაწყაროში (2013), ჭელაში (2013), ქობულეთში (2014), მოხესა (2014) და ადიგენში (2016), მთავარი პრობლემა სწორედ უთანასწორობა იყო.

კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, რომ ასეთი კონფლიქტების დროს, საქართველოს ხელისუფლება მართლმადიდებელ ეკლესიას უყურებს, იმის ნაცვლად, რომ ჩვენს კონსტიტუციაში ჩაიხედოს“ - მიაჩნია პაატა ზაქარეიშვილს.

მტკივნეული კონფლიქტის შემდეგ, ბუკნარის აღმსარებლობით მართლმადიდებელი მოქალაქეები ამბობენ, რომ სოფელში მინარეთის და მეჩეთის მშენებლობის აუცილებლობა არ არის და ბოლო დღეებში, სიტუაცია, ბათუმიდან, პროვოკაციის მიზნით ჩამოსულმა მუსლიმთა ჯგუფმა კიდევ უფრო გაამწვავა.

მუსლიმი თემის ნაწილი კი რელიგიური დაპირისპირების გაღვივებასა და სიძულვილის ენაში სოფლის გამგებელსა და საჯარო სკოლის დირექტორის ადანაშაულებს და მათი თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. „ამერიკის ხმა“ ბუკნარის საჯარო სკოლის დირექტორს მარინა გოგიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ბრალდება კატეგორიულად უარყო:

დიდი ხანია სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხი ერთად ვცხოვრობთ ამ სოფელში და ასე უნდა გაგრძელდეს, უნდა ვიპოვოთ საერთო ენა, დაპირისპირება დაუშვებელია, ასევე დაუშვებელია პოლიტიკურად მოტივირებული სხვა პირების ჩართვა და კონფლიქტის უფრო გამწვავება
მარინა გოგიშვილი, ბუკნარის საჯარო სკოლის დირექტორი


„26 წელია ამ სკოლის დირექტორი ვარ, არასოდეს ჩემი მხრიდან სიძულვილის ენაზე საუბარს ადგილი არ ჰქონია, ეს არის ცილისწამება, სკოლაში მყავს ორივე აღმსარებლობის მოსწავლეები და ჩემი ერთადერთი მოტივაცია მათი შეგნებულ მოქალაქეებად აღზრდაა. ასეთ კონფლიქტებს ჩვენს საზოგადოებაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

ძალიან დიდი ხანია, 70 წელია, სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხი ერთად ვცხოვრობთ ამ სოფელში და ასე უნდა გაგრძელდეს, უნდა ვიპოვოთ საერთო ენა, დაპირისპირება დაუშვებელია, ასევე დაუშვებელია პოლიტიკურად მოტივირებული სხვა პირების ჩართვა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავება“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ბუკნარის სკოლის დირექტორმა მარინა გოგიშვილმა.

ბუკნარის ამბებს თოთხმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა - „ბუკნარში განვითარებული მოვლენები არ არის მუსლიმების უფლებების შელახვის პირველი შემთხვევა. 2012-დან 2016 წლის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ, რელიგიური ნიშნით ძალადობის და უფლებების დარღვევის რვა მასშტაბური შემთხვევა გამოვლინდა. აქედან შვიდ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია, ზოგ საქმეზე კი გამოძიება ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება“ - წერია განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG