ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრეგო: თანამოსაყდრე შიოს საკანონმდებლო წინადადება პუტინის მიდგომებს იდეალურად ერგება


პატრიარქი ილია II, მეუფე შიო, პოლ კრეგო

„ერის გამოწვევა ხდება. ეს არის ძალადობა, ზეწოლა, მორალური, იდეოლოგიური, ჩვენს სინდისსა და სულიერებაზე. ეს რომ აღარ განმეორდეს, ვფიქრობთ, ხომ არ არის დრო, ჩვენმა ხელისუფლებამ, საზოგადოებამ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება“. ეს განცხადება 5 ივლისს, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ქადაგებისას, პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ გააკეთა. სინდისსა და სულიერებაზე, მორალური და იდეოლოგიური ძალადობის შესახებ საუბრისას, პატრიარქის თანამოსაყდრე ღირსების მარშს გულისხმობდა. „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი მარში ვერ შედგა და მეუფე შიომ, თბილისის ქუჩებში მომხდარი სიძულვილით მოტივირებული სასტიკი ძალადობის შესახებ, ამ ქადაგების დროს უკვე იცოდა.

რას გულისხმობს პატრიარქის თანამოსაყდრის მიერ ნახსენები „რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნების“ კანონში ასახვა, უნდა იყოს, თუ არა „ეროვნული ღირებულებების“ გარანტორი ეკლესია? ამ საკითხებზე ვაშინგტონში, თეოლოგიის მეცნირებათა დოქტორს, პოლ კრეგოს ვესაუბრეთ.

დოქტორი კრეგო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იკვლევს, ჩინებულად საუბრობს ქართულად და საქართველოს მეორე სამშობლოდ მიიჩნევს. კრეგოს თქმით, თუ ისე მოხდა, რომ მეუფე შიოს მიერ ნახსნები ცნებები ქართულ კანონმდებლობაში მართლაც აისახება, ამას ქართული საზოგადოებისთვის გამანადგურებელი ეფექტი ექნება.

„თუ ისინი [საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები] ფიქრობენ, რომ თავად უნდა იყვნენ ეროვნული ღირებულებების გარანტორები, რასაც თანამოსაყდრე შიო ამბობს, რას ნიშნავს ეს? ეს გრძელი ისტორიაა. მომეცით თქვენი ეროვნული ღირებულებების ჩამონათვალი და ვისაუბროთ მათ შესახებ. ნებისმიერი ლიტერატურა შეიძლება პროპაგანდად ჩაითვალოს.

ვფიქრობ, ის [პატრიარქის ტანამოსაყდრე, მეუფე შიო] საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კიდევ უფრო კონსერვატიული მიმართულებით წაიყვანს.
პოლ კრეგო

ამ კანონმდებლობით, ნებისმიერი ლიტერატურა შეიძლება არალეგალურად გამოცხადდეს და ეს არ იქნება სწორი. თუ ამ კანონს მიიღებენ, ეს გამანადგურებელი იქნება. მსგავსი კანონმდებლობა რუსეთში ჩაგვრის იარაღია, რომელსაც ორივე, პუტინიც და ეკლესიაც ძალიან ხშირად იყენებს. 21-ე საუკუნეა და ჩვენ ვიხილეთ, როგორ მუშაობს თეოკრატია ირანში. ნუ წავალთ ირანისკენ, ან საუდის არაბეთისკენ, ან სადაც არ უნდა იყოს ის - თეოკრატია. ეს საზოგადოებისთვის გამანადგურებელი იქნება“ - ამბობს დოქტორი კრეგო.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დამოუკიდებლობის შემდეგ“ - ქართული ეკლესიის შესახებ კრეგოს მიერ მომზადებული ერთ-ერთი ნაშრომია. ჩვენთან საუბრისას იხსენებს, რომ პატრიარქ ილია მეორეს პირველად პირისპირ 1990 წელს შეხვდა.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ის, ალბათ, იყო გარდამავალი პერიოდისთვის იდეალური პატრიარქი, მაგრამ მას შემდეგ სამი ათწლეული გავიდა და ვიცი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა კარგი არ არის. ჯერ კიდევ 1977 წელს, როცა მისი აღსაყდრება მოხდა, ის კარგად საუბრობდა მშვიდობასა და ეკუმენურ საკითხებზე, მაგრამ როცა საბჭოთა ოკუპაცია დასრულდა, ის დიდი წნეხის ქვეშ მოექცა ჰქონოდა მეტად კონსერვატიული ხედვა ეკლესიაზე, ერზე, სამყაროზე. ამასთან, ყოველთვის იყო განცდა, რომ ის დასავლური ღირებულებების შესახებ ნერვიულობდა“ - ამბობს კრეგო.

დოქტორი კრეგო მიიჩნევს, რომ პატრიარქის თანამოსაყდრე გაცილებით კონსერვატიული შეხედულებებისაა, ვიდრე თავად პატრიარქი. ილია მეორემ მეუფე შიო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ 2017 წელს დაადგინა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რაც პატრიარქისთვის მოვალეობის შესრულებას შეუძლებელს გახდის, სინოდის მიერ ახალი პატრიარქის არჩევამდე, ეკლესიას სწორედ თანამოსაყდრე მართავს. ქართველ თეოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პატრიარქის მიერ, სიცოცხლეშივე თანამოსაყდრის დადგენა შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ არაფორმალურად, მომავალი პატრიარქობის რეალური კანდიდატი სწორედ თანამოსაყდრეა. ამიტომ, თოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს ვკითხეთ, რას შეიძლება ნიშნავდეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და საზოგადოებისთვის, თუ შემდეგი პატრიარქი მეუფე შიო იქნება.

ისინი მუდამ საუბრობენ ეროვნულ და ქრისტიანულ ფასეულობებზე. ისინი ამბობენ, რომ მათ სძულთ ცოდვა და არა ცოდვილი, მაგრამ შემდეგ ადამიანებს სცემენ.
პოლ კრეგო

„ეს ეკლესიას პარადოქსულ პრობლემას შეუქმნის. ვფიქრობ, ის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კიდევ უფრო კონსერვატიული მიმართულებით წაიყვანს. შეიძლება მან ამ მიმართულებით თან ბევრი ადამიანი წაიყვანოს, მაგრამ ამასთან ერთად, ახალი თაობა მოდის და მათ იზოლირებას ვერ მოახდენ. შეიძლება ეს კარგად გამოსდით რუსეთში, ჩინეთში, მაგრამ არა საქართველოში. ქართველი ახალგაზრდები ინტერნეტის საშუალებით კარგად არიან დანარჩენ მსოფლიოსთან დაკავშირებული და ეს მნიშვნელოვანია“ - ამბობს კრეგო.

რა კავშირები, მსგავსებები შეიძლება არსებობდეს საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის და ხედავს თუ არა რუსულ გავლენას საქართველოს საპატრიარქოზე, დოქტორი კრეგო ამბობს, რომ მეუფე შიოს განცხადება იდეალურად ერგება ვლადიმირ პუტინის მიდგომებს.

„ის [ილია მეორე] რუსეთში განსწავლულია და რა თქმა უნდა, კავშირები აქვს ბევრი. ვფიქრობ, არსებობს სიახლოვე და მეგობრობა რუსულ და ქართულ ეკლესიებს შორის და ვფიქრობ პატრიარქი ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო ადამიანი, ვისაც მოლაპარაკება შეუძლია. რთულია დაადგინო გავლენები თუ ზოგიერთი საკითხის მიმართ, ქართულ ეკლესიაში უკვე არსებობდა გარკვეული პრობლემური მიდგომები. მაგალითად, არ ვფიქრობ, რომ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში ჰომოფობია რუსებმა შექმნეს. მაგრამ რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ თანამოსაყდრე შიოს საკანონმდებლო წინადადების მთელი იდეა იდეალურად ერგება პუტინისა და რუსეთის მთავრობის მიდგომებს. ეს ნამდვილად არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხი. ეს არ უნდა იყოს კარგი „ქართული ოცნებისთვის“, საქართველოს მთავრობისთვის“ – ფიქრობს მკვლევარი და ასკვნის, რომ ნაკლებად მოსალოდენელია ხელისუფლებამ მსგავსი კანონი მიიღოს.

ამასთან ის განმარტავს, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის "დიდი სიმფონია" ეკლესიას არ ეხმარება, რადგან ამგვარი პოზიციონირება ეკლესიას ართმევს შესაძლებლობას, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული იყოს. „ვფიქრობ ახლა სწორედ ასეთი ვითარებაა, რაც ნიშნავს, რომ სურთ მეტი ძალაუფლება ჰქონდეთ“ - ამბობს კრეგო და ამ ყველაფრის მაგალითად, პუტინის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოჰყავს. „რუსეთში, მართლმადიდებელი ეკლესიის პრესტიჟი გარკვეულწილად მირაჟია, რადგან ეს პუტინის ეკლესიაა, როცა პუტინის გარეშე ეკლესიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მაგრამ ვიდრე ეკლესია პუტინის თამაშს ითამაშებს, ისინი თავს კარგად გრძნობენ. თუ ისინი პუტინის წინააღმდეგ ქადაგებას დაიწყებენ, მათ პრობლემები შეექმნებათ“.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ძალადობის წაქეზების შესახებ მის მიმართ გამოთქმულ ყოველგვარ ბრალდებას უარყოფს, მუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ თვალნათლივ იხილა რუსთაველის გაზმირზე, 5 ივლისს ცალკეული სასულიერო პირების მიერ გაკეთებული მოწოდებები.

„არ მინდა მთელი ეკლესია განვსაჯო, თუმცა ძალიან სამწუხაროა ფაქტი, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი ძალიან უსიამოვნო განცხადებებს აკეთებს. სიძულვილი არ არის ქრისტიანული ფასეულობა. ისინი მუდამ საუბრობენ ეროვნულ და ქრისტიანულ ფასეულობებზე. ისინი ამბობენ, რომ მათ სძულთ ცოდვა და არა ცოდვილი, მაგრამ შემდეგ ადამიანებს სცემენ. ეს არ შეესაბამება მათ გზავნილებს“ - ამბობს კრეგო.

სამწუხაროა იმის ხილვა, როგორ არის ეს სილამაზე სიძულვილსა და შეუწყნარებლობაში არეული. მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია უკეთესი იყოს. 
პოლ კრეგო

თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ამბობს, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე ძალადობა ქართული ეკლესიისთვის ახალი რამ არ არის და ამის მაგალითად 2013 წლის 17 მაისს იხსენებს, როცა ლგბტქ თემის მცირერცხოვან წარმომადგენელთა წინააღმდეგ "მომაკვდინებელი ძალადობისთვის ასობით, ათასობით გამოვიდნენ“. გარდა თეოლოგიური ასპექტებისა, კრეგო მომხდარის პოლიტკურ მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლება ვალდებულია თავისი ხალხი დაიცვას, ამის სანაცვლოდ კი „პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი პროვოკაციის მოწყობაში ლგბტქ თემის წარმომადგენლებს სდებს ბრალს“.

„სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გააკეთა განცხადება და ამჯერად ისინი უფრო მკაცრნი იქნებიან. უნდა იყვნენ უფრო მკაცრი. ჩვენ ევროკავშირზე, ნატოზე ვსაუბრობთ, გვესმის მათი ღრებულებები დემოკრატიის, შემწყნარებლობის, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების თვალსაზრისით. მაგრამ, მაგალითად თურქეთს, თითქოს ყოველთვის ვაძლევდით უფლებას, ამ ყველაფრის მეორე მხარეს ყოფილიყო და ახლა შედეგად ჩვენ გვაქვს პოლონეთი, უნგრეთი. ვფიქრობ, ვინმე ხმას აიმაღლებს და იტყვის - საქართველო, თუ არ შეგიძლია დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, საკუთარი ხალხი დაიცვა, დაიცვა ადამიანის უფლებები, მაშინ ჩვენ ამის შესახებ უნდა ვისაუბროთ. ამასთან, ერთის მხრივ, საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით კანონმდებლობა კარგია, თუმცა საქმე მისი აღსრულებაა.

ყოველთვის, როდესაც მესმის სიტყვა ეროვნული ფასეულობები, მინდა სხვა მიმართულებით გავიქცე, რადგან ეს ყალბი, ილუზორული, მოჩვენებითი იდეაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ცდილობ ეს ქრისტიანულ ფასეულობებს დაუკავშირო, რადგან ეკლესია არ არის ერი და ერი არ არის ეკლესია. ვიცი, მათ ასე ფიქრი მოსწონთ და ბევრი ქვეყანაა, სადაც ასე ფიქრობენ, მაგრამ მე ვფიქრობ ეს მიდგომა არ მუშაობს, კარგი შედეგები არ მოაქვს“ - ამბობს კრეგო.

დოქტორი კრეგო, მრავალი წლის განმავლობაში კონგრესის ბიბლიოთეკის მკვლევარი იყო. ჩვენთან საუბრისას, რამდენიმე წლის წინ, ვაშინგტონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქების ვიზიტი გაიხსენა.

„რამდენიმე წლის წინ, კონგრესის ბიბლიოთეკაში ქართული ეკლესიის მაღალ იერარქებს ვუმასპინძლეთ. მათ ვთხოვე ეგალობათ და ეს არაამქვეყნიური მოსასმენი იყო. სამწუხაროა იმის დანახვა, როგორ არის ეს სილამაზე სიძულვილსა და შეუწყნარებლობაში არეული. მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია უკეთესი იყოს. ეს ჩემი მოსაზრებაა. რასაც არ უნდა აკეთებდე, რასაც არ უნდა ფიქრობდე, ნუ გახვალთ ქუჩაში ადამიანების საცემად. თუ შენი მიმდევრები ქუჩაში ადამიანებს ცემენ, რაღაც სწორად არ კეთდება, ეს ქრისტიანობა არ არის. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი წარმოდგენა გაქვს შენ ქრისტიანულ ან ეროვნულ ფასეულობებზე. ქრისტიანობა არ არის ადამიანების ცემა. თუ ეს იქნება შენი საქმიანობის ცენტრალური ნაწილი, თუ თანამოსაყდრე შიო მხარს დაუჭერს თავისუფლების შემზღუდველ საკანონმდებლო ცვლილებებს, ეს მათ [ეკლესიას] პრობლემებს შეუქმნის და მას ახალგაზრდები ზურგს აქცევენ. თუ კონსერვატორული ღირებულებების დაცვას აპირებთ, დარწმუნდით, რომ ნამდვილად გახსოვთ - მთავარი ქრისტიანული ღირებულება სიყვარულია.“

„ვწუხვართ, რომ იყო გადაცდომები, სამწუხარო შემთხვევები, არაკორექტული ქმედებები, დაშავდა რამდენიმე ადამიანი“ - აცხადებდა ამბიონიდან პატრიარქის თანამოსაყდრე 5 ივლისს. დღეს უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის ქუჩებში, თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებული ღირსების მარშის წინააღმდეგ მობილიზებული, სიძულვილით მოტივირებული მასობრივი ძალადობის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. მათ შორის 50-ზე მეტი ჟურნალისტია და ზოგიერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც თვითმხილველების თქმით, ხუთ ივლისს ძალადობრივი ჯგუფების 20 ზე მეტმა წარმომადგენელმა სასტიკად სცემა, 11 ივლისის გამთენისას, ოჯახის წევრებმა შინ გარდაცვლილი იპოვეს. "ქართული ოცნების" თვამჯდომარე, ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მტკიცებულებებზე და ექსპერტიზის შუალედურ მონაცემებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ლექსოს გარდაცვალებას, 5 ივლისის მოვლენებთან კავშირი არ აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG