ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსმა ოკუპანტებმა ქართველი ჟურნალისტები გაათავისუფლეს


ბელა ზაქაიძე და ვახო ლეკიაშვილი
ბელა ზაქაიძე და ვახო ლეკიაშვილი

ტვ3-ის გადამღები ჯგუფი გორიდან 22 კილომეტრში გუშინ საღამოს დაატყვევეს

თბილისში ბაზირებული ტელეკომპანია „ტვ3“ გადამღები ჯგუფის წევრები: ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე და ოპერატორები: ვახო ლეკიაშვილი და მიხეილ მიხოევი დღეს, 19 საათისთვის გაანთავისუფლეს. ქართველი ჟურნალისტები რუსმა ოკუპანტებმა გუშინ 17 საათისთვის, ოკუპაციის ხაზთან ახლოს, სოფელ აძვთან დააკავეს.

ბელა ზაქაიძემ გათავისუფლების შემდეგ აღნიშნა, რომ მათთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცყოფა არ მიუყენებიათ, თუმცა ცხინვალის იზოლატორში არადამაიანური პირობები იყო.

"ცხინვალის იზოლატორში არადამიანური პირობები იყო. არ იყო გათბობა და ამ ხნის მანძილზე, მაკანკალებდა ისე მციოდა. საკვები მხოლოდ დღის ბოლო მოგვაწოდეს, ჩაიზე და პურზე ვიყავით. ძალიან ბევრჯერ გავყავდით საკნიდან დაკითხვებზე თუ გასაუბრებებზე იქაურ პირებს.

ვეუბნებოდი, რომ საკანში საშინელი პირობები იყო, სუნი და ვთხოვდი მცირე ხნით გარეთ გაყვანას, თუმცა ამაზე ზოგიერთები ცინიკურად მპასუხობდნენ. თუმცა იყო რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთი ბიჭი, რომელიც ქართულად გვესაუბრებოდა, თუ რამე გვჭირდებოდა გვეკითხებოდა და ძალიან თავაზიანად გვექცეოდა."


აძვი, სადაც ჟურნალისტები დაატყვევეს, გორიდან 22 კილომეტრით არის მოშორებული, სოფელი მდინარე აძურის მარცხენა ნაპირზეა განლაგებული და ახალუბნის თემში შედის. აძვი ოსურ სოფლებს ზემო არცევს, ღრომს და ჯარიაშენს ესაზღვრება.

სიტუაცია აძვში მავრთულხლართების გაბმის შემდეგ გართულდა. შარშანდელი შემოდგომიდან მოყოლებული, რუსმა მესაზღვრეებმა აქ, დამატებით, 500-მდე ჰექტარი მიწა მოაქციეს საოკუპაციო ზონაში. ბოლოს, მავრთულხლართების იქეთ, მეექვსე საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის აძვის ქართული ეკლესია და სასაფლაოს ნაწილიც აღმოჩნდა.

ტვ3-ის გადამღები ჯგუფი სწორედ ამ თემაზე მუშაობდა, როცა რუსები მოულოდნელად დაესხნენ თავს. საქართველოს პარლამენტის იურდიული კომიტეტის თავჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, რომ რუსების მოქმედება უკანონო იყო

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად დააკავეს ჟურნალისტები. ჩვენს მიერ კონტროლირებად თუ არაკონტროლირებად ანუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსი სამხედროების ყოფნა საქართველოში არის უკანონო!

ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. შესაბამისად, მათი მხრიდან ადამიანების დაკავება გინდა კონტროლირებად და გინდა არაკონტროლირებად ტეროტორიაზე არის უკანონო! არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისადაც.“

ტვ3-ის გადამღები ჯგუფის დაკავების თვითმხილვევი მხოლოდ ტელეკომპანიის მძღოლი იყო, რომელიც დაპატიმრების იმიტომ გადაურჩა რომ ავტომანქანა მოშორებით ჰყავდა გაჩერებული. ტელეკომპანიის წარმომადგენლების მტკიცებით, ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავთ და რუსებმა ისინი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.

მომხდარს, გუშინვე ცინიკური განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სერგეი ლავროვის უწყების აზრით - „ჟურნალისტებმა შეგნებულად და დემოსტრაციულად გადაკვეთეს საზღვარი და დაიწყეს სასაზღვრო ინფრასტრუქტურას ვიდეოგადაღება.“ საქართველოს საგარეო უწყებამ საპასუხოდ აღნიშნა რომ „ქართველი ჟურნალისტების უკანონო დაკავება რუსეთის მორიგი პროვოკაციაა.“

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული ქართველი ჟურნალისტები ოკუპანტებმა ჯერ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო განყოფილება „არცევის“ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ცხინვალში სეპარატისტებს გადასცეს. დღეს, სოფელ ერედვის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, კონფლიქტის ზონაში მომუშავე ჟურნალისტების ნაწილმა საპროტესტო აქცია მოაწყო. ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი ქართლში ანა შეპკინა ამბობს

„დღეს ჟურნალისტები ერგნეთიდან SOS სიგნალს გადავცემთ, იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება ნებისმიერი ჩვენთაგანი აღმოჩნდეს, ჩვენი დაკავებული კოლეგების ადგილზე. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ კოლეგებს, რომლებიც ამჟამად ცხინვალის იზოლატორში არიან და ხმამაღლა ვამბობთ, თავისუფლება ქართველ ჟურნალისტებს!“

საგანგებო შემთხვევაზე კონფლიქტის ზონაში, დღეს პრაღაში, რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე კარასინისა და საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის აბაშიძის მორიგ შეხვედრაზე იმსჯელეს.

ქართველი ჟურნალისტების დაკავებას ასევე გამოხმაურნენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. ტვ3-ის გადამღები ჯგუფის გათავისუფლების საქმეში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და საქართველოს შსს სამინისტრო.

„საზღვრის დარღვევის საქმე“ ცხინვალის სასამართლომ განიხილა და "საქართველოს სამი მოქალაქის" გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. სეპარატისტები აცხადებენ, რომ მათ კეთილი ნება გამოიჩინეს და არ გადაახდევინეს ჟურნალისტებს 6000 რუსული რუბლი (დაახლოებით 292 ლარი) ჯარიმის სახით.
XS
SM
MD
LG