ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსები ღობეებს ისევ ავლებენ


რუსულმა მხარემ შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვია

ბმული


შიდა ქართლის სოფლების იძულებითი ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება. სოჭში ოლიმპიადის დასრულებიდან მეორე დღესვე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის ტერიტორიაზე რუსმა მესაზღვრეებმა სამუშაოები განაახლეს და დაახლოებით 15 ადგილობრივი მაცხოვრებლის კუთვნილი მიწის ნაკვეთი გაღობეს. მავთულხლართებს მიღმა დარჩა ასევე საძოვრები, რასაც მანამდე ადგილობრივები იყენებდნენ.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებების განახლების თაობაზე. ბოლო დღეებში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის რაიონის სოფ. ღოღეთისა და ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ გაგრძელდა მავთულხლართების უკანონო მონტაჟის პროცესი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ღობეებისა და მავთულხლართების მონტაჟის პროცესი ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებაზე შეჩერებული იყო,“- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეების აქტივობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებს.

„დღევანდელი ამბები, რასაკვირველია, მოვუყევით ამერიკულ მხარეს. ეს არის მავთულხლართების დამონტაჟების განახლება ოლიმპიადის დასრულებიდან მეორე დღესვე. ჩვენ ამას ველოდით, გარკვეულწილად. რადგანაც ის 11 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა, რაც ვითომცდა შეიქმენა სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში, სავარაუდოდ, შეიძლება აღარ მოიშალოს და დარჩეს ისე, როგორც არის დღეს. დღევანდელმა მოვლენებმა უფრო გაგვიღრმავა ეჭვი, რომ რუსეთი ბევრ პროვოკაციას გვიმზადებს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე. საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ორი წარმატებული არჩევნებისა და წარმატებული კოჰაბიტაციური წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობას აქვს ყველა საშუალება იმისთვის, რომ თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას, ხოლო ბრიტანეთში ნატოს სამიტზე უნდა მოხდეს საქართველოს პროგრესის ადექვატური შეფასება,“- აცხადებს მაია ფანჯიკიძე.

საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრა მარტის დასაწყისში აქვს ჩანიშნული, ამბობს, რომ რუსულმა მხარემ შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვია.

„დამთავრდა ოლიმპიადა და ახლა, რუსეთის მხარეს, როგორც ჩანს, საერთაშორისო პრესტიჟი ნაკლებად აწუხებს. ჩვენ გარკვეული განცხადებებიც მოვისმინეთ მანამდე, რომ ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესი დასრულებული იყო, მაგრამ, სამწუხაროდ არც ამჯერად შეასრულეს დანაპირები. დიალოგს გავაგრძელებთ. ჩვენ მხარდაჭერა გვაქვს დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც გვთხოვენ, რომ რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს, დიალოგი გავაგრძელოთ. სხვათა შორის, გუშინ ბარაკ ობამამაც მხარი დაუჭირა იმ კონსტრუქციულ მიდგომას, რაც საქართველოს მხარეს აქვს,“- ამბობს ზურაბ აბაშიძე.

მარიამ გულისაშვილი, ატოცის ადგილობრივი რწმუნებული ჩვენთან საუბრისას აცხადებს:

„დაახლოებით, 14-15 კერძო მესაკუთრის კუთვნილი მიწის ფართობები მოჰყვა ახლა შეღობილ ტერიტორიაზე. 15 ჰექტრამდეა სახნავი მიწები. 2008 წლის ომის შემდეგ ყველა ვერ ახერხებდა მათ დამუშავებას, შიშის ფაქტორის გამო, მაგრამ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე შეძლეს ეს. ამასთან ერთადაა საძოვარი, ტყე და ბუჩქი, მთლიანობაში, დაახლოებით 25 ჰექტარი, ჯერ-ჯერობით. რუსი მესაზღვრეები არ გვეკონტაქტებიან, სხვა სახის დაძაბულობა არაა. პოლიციის განყოფილებაა სოფელში, რომლებსაც დღე და ღამე არ სძინავთ. არ ვიცით, ვერ გეტყვით ამას მოველოდით თუ არა. ჩვენს გვერდით სოფელში, კოდაშიც მოხდა ამგვარი რამ, გაიარა მავთულხლართებმა. მოველოდით ალბათ“.

ატოცის საკრებულოში ოთხი სოფელი შედის, რომელიც უშუალოდ ადმინისტრაციულ საზღვარს მიჰყვება. მათგან ორში, ატოცსა და კოდაში მავთულხლართები უკვე გავლებულია.
XS
SM
MD
LG