ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

17 მაისი თბილისში: თეირანიზაციის საფრთხე


ჰომოფობიის მოწინააღმდეგეთა აქციის დარბევა, გიორგი გოგუას (ლიბერალი) ფოტო.

დააკავებს თუ არა საქართველოს შსს პასუხისმგებელ სასულიერო პირებს?

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული


17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის სასტიკი დარბევის შემდეგ, საქართველოს დედაქალაქში სულ უფრო უცნაური და საშიში ტენდენციები იკვეთება. ტენდენციები, რომელიც გასული საუკუნის, 70-იანი წლების თეირანისთვის უფროა დამახასიათებელი, ვიდრე მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ისტორიით მოამაყე თბილისისთვის.

დედაქალაქის მასშტაბით თითქმის კამპანიის სახე მიიღო სარეკლამო ბილბორდებზე მოდელებისთვის შიშველი ფეხების გადაღებვამ. სანაპიროზე ხეც კი დააზიანეს, მხოლოდ იმიტომ რომ ის ფერადი ძაფით მოქსოვილი გულებით იყო შემკული.

თბილისში უკვე დღე არ გადის ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებზე თავდასხმების გარეშე. მეტიც, ორთოდოქსი ექსტრემისტები თავს ესხმიან ყველას, ვინც თვალში არ მოსდით, თუნდაც, მხოლოდ ვარცხნილობის ან ჩაცმულობის გამო.

ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს მიაჩნია, რომ საქართველო „რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და თეოკრატიის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას“ და ეს საფრთხე სულ უფრო მზარდი ხდება, იმ ფონზე, როცა 17 მაისის ძალადობის მოთავეებიდან არავინ დასჯილა.

უკვე 12 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოაწერა ხელი სპეციალურ განცხადებას, სადაც ისინი პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მოძალადეების დასჯისკენ მოუწოდებენ. პეტიციაზე პირველმა ხელი ლაშა ბარქაძემ მოაწერა.

„ხშირად ეს გათავხედებული ნაძირლები ამბობენ, რომ აი, გამოდით უნდა დაგთვალოთ რამდენი ხართო... და, აი ეხლა შეუძლიათ სიები ნახონ რამდენი ვართ! კიდევ უფრო მეტი იქნება ხელმომწერი რასაკვირველია და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში, ჯანმრთელი ნაწილი ამ საზოგადოების, ის ადამიანები, რომლებსაც თავისუფლება და დემოკრატია უნდათ, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე აი, ეს ბრბო, რომელიც ქუჩაში დაძრწოდა.“


საზოგადოებას, რომელიც პეტიციას შეუერთდა მიაჩნია, რომ 17 მაისს ორთოდოქსმა ექსტრემისტებმა სისხლის სამართლის კოდექსის ათი მუხლი დაარღვიეს. მათ შორის, ისეთი მძიმე მუხლები, როგორიც არის ძალადობა; სიტყვის თავისუფლებისა და შეკრების უფლების ხელყოფა; სახალხო დამცველზე ზემოქმედება; ხულიგნობა; დანაშაულის ჩადენა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო; პოლიციელზე თავდასხმა, მუქარა ან ძალადობა.

ამ ფონზე, 17 მაისის ძალადობის გამო, ოთხი ახალგაზრდის დაკავება და ადმინისტრაციული წესით 100 ლარით დაჯარიმება, საზოგადოების ამ ნაწილმა დაცინვად აღიქვა.

პრემიერ მინისტრმა ივანიშვილმა მართალია რამდენჯერმე გაიმეორა რომ ანაფორა კანონის დამრღვევს ვერ უშველის, თუმცა ფაქტია, პოლიცია ჯერჯერობით ვერ ბედავს სასულიერო პირების დაკავებას, რომლებმაც მრევლი ძალადობისკენ მიზანმიმართულად წააქეზეს.

სახელმწიფოს პასიურობის ფონზე კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან ისევ მუქარა ისმის. ბოდბელი ეპისკოპოსი, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი ანუ თანაშემწე მეუფე იაკობი, რომელიც აქციის დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ამბობს:

„დღეს გამოდიან ეს ვაჟბატონები და ჩვენზე ლაპარაკობენ რაღაცას! ცოტა ჭკვიანად იყვნენ! არ შევეშალოთ იმ ხალხში ვინც პასუხს არ მოსთხოვს! მაგათი პარპაშის დრო უნდა დამთავრდეს! ჩვენ ვერანაირი უცხოეთი ვერ გვაიძულებს რომ მაგათ დავემონოთ!“

17 მაისის ძალადობის ამსახველმა საზარელმა სცენებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს. მომხდარი დაგმეს, როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ისე ევროპის ქვეყნებმა. თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანის აზრით, მნიშვნელოვანი გამოხმაურება ამ მოვლენებს არ მოყოლია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რამდენიმე ელჩმა განცხადება გააკეთა.“

17 მაისის მოვლენების შეფასება სერიოზულ ძვრებს იწვევს, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ შიგნითაც. თუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ღიად გააკრიტიკა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 16 მაისის მიმართვის გამო, რამაც მისი აზრით, წაახალისა ძალადობა;

უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პირიქით მიიჩნევს, რომ ლგბტ საზოგადოება 17 მაისს საკუთარი ცხოვრების წესის რეკლამას ახდენდა, რაც მისი აზრით დაუშვებელი იყო:

„მე როგორც ექიმი და ფსიქოლოგიაშიც ვერკვევი საკმაოდ ღრმად, შემიძლია გითხრათ, რომ თუ რაღაცაზე მიზანმიმართულად ადამიანს (ვინ არ უნდა იყოს) აწვეთებ რაღაცას; მუდმივარ აჩვენებ რაღაცას; რეკლამირებას უკეთებ ფილმებით, კლიპებით, პლაკატებით და ა.შ შეიძლება ინტერესიც გაუჩინო. ბუნებრივია, აქ ჩნდება აგრესია უკვე საზოგადების სხვა ნაწილის.“

22 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, საქართველოში სასულიერო პირების დაკავების რამდენიმე შემთხვევაა ცნობილი. ეკლესიის თანხების გაფლანგვისთვის, პატიმრობაში იყო დიაკონი დიაკონიძე; იარაღის უკანონო შენახვისთვის დაპატიმრებული იყო დეკანოზი ბერიშვილი, თუმცა საქმე სასამართლომდე არ მისულა.

ექსტრემისტულად განწყობილი სასულიერო პირები კი ხელისუფლებამ მხოლოდ ერთხელ დააკავა. 2004 წლის 12 მარტს, ცუდად დაგეგმილი სპეცოოპერაციის შედეგად, გლდანში ბასილ მკალავიშვილი და მისი ჯგუფი აიყვანეს.

მკალავიშვილს რელიგიური უმცირესობების დევნის გამო, სამ თვიანი პატიმრობა ჯერ კიდებ 2003 წლის ივნისში მიუსაჯეს, თუმცა, მრევლი პოლიციას მისი დაპატიმრების საშუალებას არ აძლევდა.

2005 წელს, ვაკე-საბურთალოს სასამართლომ ბასილ მკალავიშვილს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ციხეში მან მხოლოდ სამი წელი გაატარა და 2008 წლის ზაფხულში გათავისუფლდა.

ნიშანდობლივია, რომ 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის დარბევაში, რამდენიმე ათეულ მაღალი რანგის სასულიერო პირთან ერთად, ეკლესიიდან განკვეთილი ბასილ მკალავიშვილიც მონაწილეობდა, ჭინჭრებით შეიარაღებულ ქალბატონებთან ერთად.

კომენტარების ნახვა (4)

XS
SM
MD
LG