ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პატრიარქის შემოდგომა: მეუფე იობის ქადაგებიდან პრეზიდენტ სააკაშვილის შექებამდე


მიტროპოლიტი იობი

რით აიხსნება სასულიერო პირის განცხადებები?

საქართველოს საპატრიარქოში დღემდე არ აკეთებენ კომენტარს, თუ რას ფიქრობს კათოლიკოს-პატრიარქი და წმინდა სინოდი რუისისა და ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტის, სინოდის წევრის, მეუფე იობის მიერ, ოპოზიციური „სახალხო კრების“ საჯარო დალოცვასთან დაკავშირებით.

„სახალხო კრებამ“, რომელმაც არსებულ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, დევიზად სწორედ მეუფე იობის სკანდალური ფრაზა აირჩია.

მიტროპოლიტმა ოპოზიციას, „ერსა და ბერს“ პირდაპირ მოუწოდა შეაჩერონ დამღუპველი „სულიერი ოკუპაცია“, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის არსებული ხელისუფლება ახორციელებს და რომელიც, ასევე მიტროპოლიტის სიტყვებით, „რუსეთის „დროებით“ ფიზიკურ ოკუპაციაზე უფრო უარესია“.

ეს სიტყვები მეუფემ ეპარქიის ცენტრში, ურბნისის წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძარში, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრისას წარმოსთქვა:

„დღეს სული გვეხუთება ჩვენ! დღეს საქართველოში ხდება სულიერი ოკუპაცია. ფიზიკური ოკუპაცია მოხდა საქართველოში, ჩამოგვაჭრეს რაღაც ტერიტორია, მაგრამ ეს სულიერი ოკუპაცია უარესია. საიდან დაიწყო ეს სულიერი ოკუპაცია? სკოლებიდან და იმ უნივერსიტეტებიდან, სადაც ასეთი პედაგოგები მზადდებიან..

წმინდა ილია მართლის უნივერსიტეტიდან..სადაც, თქვენ იცით ვინ ხელმძღვანელობს ამ უნივერსიტეტს! დღეს არის ის მომენტი, როცა ერი და ბერი ერთად უნდა დავდგეთ! სულიერი ოკუპაცია ხდება საქართველოსი..ეს ფიზიკური ოკუპაცია დროებითია, რაც რუსეთმა მოახდინა, მაგრამ ის უკვე დაღუპვა არის.“

მეუფე იობი, ჯერ კიდევ, სექტემბრის ბოლოს ღიად მიესალმა ოპოზიციური „სახალხო კრების“ იდეას. მაშინ პატრიარქი საქართველოში არ იმყოფებოდა, ხოლო საპატრიარქოს პრეს-ცენტრმა განმარტა, რომ ეს იობის პირადი პოზიცია იყო, ხოლო თავად საპატრიაქოს პოზიცია, მხოლოდ საქართველოში პატრიარქის დაბრუნების შემდეგ გახდებოდა ცნობილი.

50 წლის მიტროპოლიტი იობი, ერისკაცობაში აქიაშვილი, პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოდან არის. ის, უკვე თოთხმეტი წელია რუის-ურბნისის ეპარქიის მმართველია, პარალელურად საპატრიარქოს ლიტურგიკული და საღვთისმეტყველო კომისიების თავჯდომარის თანამდებობა უჭირავს.

თეოლოგი ბასილ კობახიძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ მეუფე პატრიარქის მხარდაჭერის გარეშე ასეთ სკანდალურ ქადაგებას ვერ გაბედავდა:

„როდესაც მეუფეს პოლიტიკოსები მოჰყავს ეკლესიაში, შემოსილი, როგორც სასულიერი პირი ლოცავს და მოუწოდებს ქუდზე კაცის გამოსვლას, ერის და ბერის ფეხზე დაყენებას, და აბსოლუტურად აიგივებს, ეკლესიას და თავის თავს, როგორც იერარქს ამ მოცემული პოლიტიკური ძალის მიზნებთან, მაშინ ეს არის პირდაპირ ეკლესიის პოზიცია.

თან, ასეთი რამ მას ორი თვის უკან უკვე გაკეთებული აქვს და მეორედ აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ არავინ არ აუკრძალა, უპირველესად კათოლიკოს-პატრიარქმა.

ეკლესია - ეს არის პირამიდალური, იერარქიული ორგანიზაცია. ეს არ არის დემოკრატიული ორგანიზაცია. ამიტომ, ვერავინ ვერ გაბედავს, რიგითი მღვდელიც კი, რომ იქადაგოს პოლიტიკური შეხედულებები, თუკი ამის ნებართვა და სურვილი არ არის, ეკლესიის უმაღლესი იერარქის, ამ შემთხვევაში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მხრიდან.“

მეუფე იობმა პოლიტიკური ქადაგებით დაარღვია წმინდა სინოდის მაისში მიღებული დადგენილება, რომ „პოლიტიკურმა პარტიებმა არ შეიძლება ეკლესიისა და პატრიარქის ავტორიტეტი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ.“

უფრო საყურადღებო, რა თქმა უნდა არის იობის მოსაზრებაა „რუსეთის დროებით ოკუპაციასთან“ დაკავშირებით. იმ ფონზე, როცა საქართველოს პატრიარქს რუსეთის პატრიარქისგან არანაირი განმარტება არ მიუღია "სამხრეთ ოსეთის" საქართველოსგან გამოყოფის 20 წლისთავის მილოცვასთან დაკავშირებით; როცა, რუსმა ოკუპანტებმა, ოჩამჩირეში მე-11 საუკუნის ილორის ქართულ ტაძარი რუსულ სტილზე თეთრად გადაღებეს და რუსული "ხახვის გუმბათი" დაადგეს, „დროებით ოკუპაციაზე“ ღია ლუსტრაციაა. თეოლოგი ბასილ კობახიძე ამბობს:

„ჩვენ ვხედავთ, რომ აქ არის, აბსოლუტური, პრორუსული, ფეოდალური მენტალიტეტი, გაჯერებული ქართული ეთნო-ნაციზმით. ეს რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება იმ პოლიტიკურ კურსს, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს აღებული დეკლარაციულად მაინც.

ანუ დასავლურ ღირებულებებს, დემოკრატიას, ლიბერალიზმს. საპატრიარქო ხედავს, რომ პოლიტიკურად არის ძალიან ძლიერი. ეს, რა თქმა უნდა არის სააკაშვილის ხელისუფლების „დამსახურებაა“ არის. და საპატრიაქოს შეუძლია რეალურად შეცვალოს ან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფოს დასავლურ პოლიტიკურ კურსს.“

თეოლოგთა აზრით, სავსებით ბუნებრივია, რომ იობი ქადაგებაში თავს ესხმის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, მთლიანობაში კი, ყველა იმ საჯარო და კერძო ორგანიზაციას თუ პირს, რომლებიც საზოგადოებრივ და გონებრივ მოღვაწეობაში ეკლესიის სასულიერო გავლენისაგან გათავისუფლებას ესწრაფვიან.

ილიას უნივერსიტეტში დიდი ხანია მიდის ღია დისკუსია ისეთ თემებზე, როგორებიც არის - რელიგიის მომავალი სეკულარულ სახელმწიფოში, ასევე ქრიტიანობა და ლიბერალიზმი. ეკლესიაში თვლიან, რომ ასეთი სახის დისკუსიები კონფესიური სახელმწიფოს და მართლმადიდებლური იდეოლოგიის მთავარი მტერია. თეოლოგი ბექა მინდიაშვილი კერძოდ ამბობს:

„ლიტურგიისას ჩვენ გვესმის სიტყვები: „გვეყვარებოდით ურთიერთ, რათა ერთობით ვაღიარებთ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა“ და ამ დროს ადამიანები ემთხვევიან მხარზე ერთმანეთს; მხოლოდ გვერდზე მყოფის სიყვარულით შეიძლება ღმერთის აღიარება. და არა მარტო ღმერთის, არამედ სამების.

სამებას გრიგოლ ღვთისმეტყველი უწოდებს სიყვარულის სიფართოვეს. სამების შესახებ ცოდნა მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, მიეცა ადამიანს სწორედ იმის გამო, რომ გავიაზროთ, ის თუ რას ნიშნავს ურთიერთობა ადამიანებს, განსაკუთრებით განსხვავებულ ადამიანებს შორის; სხვადასხვა ხატებს შორის...თუ გადმოვიტანთ ამ არქეტიპს რეალურ ცხოვრებაში, სხვადასხვა კულტურებს შორის, პოლიტიკური მრწამსის ადამიანებს შორის;

ამის გააზრება არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამების დოგმის და საერთოდ, ნებისმიერი დოგმატის ეგზისტენციური, ცხოვრებისეული გააზრება არის უმნიშვნელოვანესი. თუმცა, მსგავსი არაფერი ხდება დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში.“

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით, საზოგადოებაში ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს. არაოფიციალური მონაცემებით, ეკლესიის მრევლად თავს მოსახლეობის თხუთმეტი პროცენტი მიიჩნევს, როცა ეს რიცხვი გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მხოლოდ შვიდი პროცენტი იყო.

სოციოლოგთა აზრით, ეკლესია პირველ რიგში იგებს სხვა სოციალური ინსტიტუტებისადმი დიდი უნდობლობის ხარჯზე, რაც სრულიად არანორმალურია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ამხელა ძალაუფლება ეკლესიას აძლევს საშუალებას მუდმივად იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ერთგვარი მედიატორის როლი ითამაშოს.

თეოლოგი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ მეუფე იობის ქადაგების შემდეგ, პატრიარქ ილია მეორის მიერ პრეზიდენტ სააკაშვილის შექება სწორედ ამგვარი პოლიტიკის გამოხატულებაა.

„მე ვხედავ საბჭოთა ნომეკლატურულ პოლიტიკას, რომლის უმაღლესი ეშელონების წევრი იყო, თვითონ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. მიტროპოლიტი იობი აკეთებს ასეთ განცხადებას, მხარს უჭერს პოლიტიკური მანიფესტაციების, დაუმორჩილებლობის დაწყებას და თვითონ პატრიარქი მიდის ბათუმში და იქ სულიერების ამაღლებისათვის ზრუნვის გამო მადლობას უხდის პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩუქნის მას ჯვარს.

ეს არის, ბრეჟნევული პერიოდის ჟესტი, თითქოს მეუფე იობის განცხადების დასაბალანსებლად, მაგრამ რეალურად, პოლიტიკურ ეფექტი, რა თქმა უნდა უფრო აქვს, იობის განცხადებას.

ეკლესიის ნებისმიერი წევრი და ოდნავ ჩახედული საეკლესიო წესებში, გავიმეორებ, ფიქრობს იმას და მართალიც არის, რომ მეუფე იობმა ეს განცხადება გააკეთა პატრიარქისა და ეკლესიის სახელით.“

ასეთი მედიატორის ფონზე, ალბათ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ეკლესიისთვის უაღრესად დაძაბული პოლიტიკური კვირის ბოლოს, საქართველოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში, პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტი და ოპოზიცია უკვე ერთად დალოცა.

XS
SM
MD
LG