ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თსუ-ს ახალმა რექტორმა მეამბოხე სტუდენტებს 3 თვე სთხოვა


რიგით 29-ე რექტორს თსუ-ში არამეგობრულად დახვდნენ, ipress ფოტო
რიგით 29-ე რექტორს თსუ-ში არამეგობრულად დახვდნენ, ipress ფოტო

სტუდენტთა არაფორმალური გაერთიანება „აუდიტორია 115“-ის წევრებმა დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩაშალეს, რომელსაც მთავრობის წევრებთან ერთად, პირველად უნივერსიტეტის ახალი რექტორის სტატუსით- გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა. სტუდენტებსა და დაცვის სამსახურს შორის, რამდენიმე შეტაკებაც მოხდა, როგორც ეზოში, ისე უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.

საპროტესტი აქცია სწორედ გიორგი შარვაშიძის წინაღმდეგ იყო მიმართული. სტუდენტთა და პროფესორთა ნაწილის აზრით, 23 სექტემბერს, უნივერსიტეტში გამართული რექტორის არჩევნები და მასში განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის გამარჯვება, თსუ-ს ავტონომიის კიდევ ერთელ ხელყოფაა.

„აუდიტორია 115“-ს წევრებს მიაჩნიათ, რომ წინა რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომას აკადემიური საბჭოს რეორგანიზაციაც უნდა მოჰყოლოდა. ამის ნაცვლად კი ახალი რექტორის არჩევის პასუხისმგებლობა სწორედ საბჭოს ამ შემადგენლობას დაეკისრა.

გიორგი შარვაშიძეს პარასკევს, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 36 წევრიდან 21-მა დაუჭირა მხარი, მისმა კონკურენტებმა - გიორგი და ცირა ბარამიძეებმა კი შესაბამისად - 6 და 5 ხმა მიიღეს (4 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი).

ახალი რექტორი, რომელმაც კომუნისტური მმართველობიდან მოყოლებული განათლების სამინისტროში, სხვადასხვა თანამდებობეზე 12 წელზე მეტხანს იმუშავა, დღეს, დაპირისპირებულ სტუდენტებს დაპირდა, რომ სამი თვის განმავლობაში წარმოადგენს თსუ-ს განვითარების გეგმას. გიორგი შარვაშიძე ამბობს:

სამი თვის განმავლობაში უნდა შეიქმნას უნივერსიტეტის გრძელვადიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომლის კვალდაკვალ გვექნება შედეგი“
გიორგი შარვაშიძე, თსუ-ს ახალი რექტორი

„სამი თვის განმავლობაში უნდა შეიქმნას უნივერსიტეტის გრძელვადიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომლის კვალდაკვალ 3 თვეში გვექნება შედეგი.“

„აუდიტორია 115“-მა დღეს, იგივე მოთხოვნები დააყენა, რასაც მაშინაც აყენებდა, როცა - გიორგი შარვაშიძე, განათლების მინისტრის მოადგილე იყო. ეს არის: რეალური საუნივერსიტეტო ავტონომია, როგორც ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების გარანტი; სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის გაგრძელების უზრუნველყოფა, სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში პირობების გაუმჯობესება, სტუდენტური თვითმმართველობის ძირეული რეფორმა.

და მთავარი, თსუ-ში რევოლუციური - გარე რეფერირების სისტემის დანერგვა, რაც გულისხმობს, რომ თსუ-ს პროფესორების კომპეტენცია არა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, არამედ მაღალი საერთაშორისო დონის მეცნიერებმა და ინსტიტუტებმა შეაფასონ. „აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ლორთქიფანიძემ ახალ რექტორს საჯაროდ ჰკითხა: თუ რატომ ვერ მოხერხდა ამ საკითხებიდან რომელიმეს გადაჭრა, მაშინ, როცა იგი საჯარო მოხელე იყო

როცა თსუ-ს ახლანდელი რექტორი იყო განათლების მინისტრის მოადგილე, მაშინაც, როგორც დღეს, ყველაფერში დაგვეთანხმა, გვითხრა, რომ 3-4 დღეში, ამ ყველაფერს მე მთავრობის სხდომაზე გაიტანდა, მაგრამ არცერთი კანონპროექტი პარლამენტამდე არ მისულა“
ლევან ლორთქიფანიძე, "აუდიტორია 115"-ის წევრი

„ჩვენს გაგვირვებას და გაოცებას ის იწვევს, რომ როცა თსუ-ს ახლანდელი რექტორი იყო განათლების მინისტრის მოადგილე, მაშინაც, როგორც დღეს, ყველაფერში დაგვეთანხმა გვითხრა, რომ 3-4 დღეში, ამ ყველაფერს მე მთავრობის სხდომაზე გავიტან, მაგრამ არცერთი კანონპროექტი პარლამენტამდე არ მისულა.“

ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ახალი რექტორის არჩევის აუცილებლობა 2016 წლის მარტის ბოლოს დადგა, როცა 2013 წლის აგვისტოში არჩეული ვლადიმერ პაპავა იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.

პროფესურისა და სტუდენტთა ნაწილი არც ვლადიმერ პაპავას მმართველობით იყო აღფრთოვანებული, თუმცა მათი აზრით, წინა რექტორმა უნივერსიტეტის აკადემიური თავისუფლების და ავტონომიური მმართველობის დასაბრუნებლად რამდენიმე რთული ნაბიჯის გადადმა გაბედა.

პირველ რიგში, ეს იყო სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიების და დაფინანსების შეზღუდვა. ეს ორგანიზიაცია თავის დროზე, დრომოჭმული და კორუმპირებული სტუდკავშირის ალტერნატივად განიხილებოდა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, თსუ-ში ხელისუფლების პირდაპირ დანამატად იქცა, შემდეგ კი მემკვიდრეობით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა.

მეორე ნაბიჯი, რომელიც პაპავამ გადადგა უმაღლეს სასწავლებელში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ ჩანერგილი აგენტების - საგანგებო დავალების ოფიცრების შესახებ ღია განცხადება იყო. ამის შემდეგ, მას ღიად დაუპირისპირდა როგორც სტუდენტური თვითმმართველობა, ისე, აღმასრულებელი ხელისუფლება.

თსუ-ს სოციალ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ლელა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ პაპავა საბოლოოდ არ აღმოჩნდა მზად, ბრძოლის გასაგრძელებლად, სისტემამ რევანში აიღო და თსუ-ში „საკუთარი“ რექტორი დასვა:

„უნივერსიტეტში პროცესებს სამწუხაროდ მართავენ არა აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. არამედ, ადმინისტრაცია, მასთან დაკავშირებული „ოდეერებით“ და სტუდენტური თვითმმართველობით.“
ლელა გაფრინდაშვილი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი

„უნივერსიტეტში პროცესებს მართავენ არა აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. ცოდნასთან, მეცნიერებასთან ინტერაქციაში და ყოველდღიურ შეხებაში, არამედ, თსუ-ს ისევ მართავს ადმინისტრაცია, მასთან დაკავშირებული „ოდეერებით“ და სტუდენტური თვითმმართველობით.“

53 წლის გიორგი შარვაშიძე თსუ-ს რიგით 29-ე რექტორია. პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი იყო, მეორე კი ივანე ჯავახიშვილი, რომლის სახელიც 1988 წელს ეწოდა კიდეც უნივერსიტეტს.

P.S თსუ-ს აკადემიური საბჭოს მსჯელობის შემდეგ, დღის ბოლოს რექტორმა შარვაშიძემ გამოსცა კომპრომისული ბრძანება, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდა და სასწავლო კურსების არჩევა 3 ოქტომბრამდე გაგრძელდა.

თსუ-ს რექტორები (1918-2016)

  1. პეტრე მელიქიშვილი 1918-19
  2. ივანე ჯავახიშვილი 1919-26
  3. თედო ღლონტი 1926-28
  4. მალაქია ტოროშელიძე 1928-30
  5. ივანე ვაშაყმაძე 1930-31
  6. ალექსანდრე ერქომაიშვილი 1931-32
  7. ლევან აღნიაშვილი 1933-35
  8. კარლო ორაგველიძე 1935-37
  9. გიორგი კიკნაძე 1937-38
  10. დავით ყიფშიძე 1938-42
  11. ალექსანდრე ჯანელიძე 1942-45
  12. ნიკოლოზ კეცხოველი 1945-53
  13. ილია ვეკუა 1953
  14. ერმილე ბურჭულაძე 1953-54
  15. ვიქტორ კუპრაძე 1954-58
  16. გიორგი ძოწენიძე 1958-59
  17. ევგენი ხარაძე 1959-66
  18. ილია ვეკუა (მეორედ) 1966-72
  19. დავით ჩხიკვიშვილი 1972-80
  20. ვაჟა ოკუჯავა 1980-85
  21. ნოდარ ამაღლობელი 1985-91
  22. თამაზ გამყრელიძე 1991
  23. ოთარ ჯაფარიძე 1991
  24. როინ მეტრეველი 1991-2004
  25. რუსუდან ლორთქიფანიძე 2004-06
  26. გიორგი ხუბუა 2006-10
  27. ალექსანდრე კვიტაშვილი 2010-13
  28. ვლადიმერ პაპავა 2013-16
  29. გიორგი შარვაშიძე 2016 -დან

XS
SM
MD
LG