ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განათლების რეფორმის სიმძიმე


თამარ სანიკიძე - განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი

ამიერიდან, ახალმა მინისტრმა - 34 წლის თამარ სანიკიძემ უნდა ზიდოს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:19 0:00
ბმული


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ჰყავს. 34 წლის თამარ სანიკიძეს ბოლო რვა თვის განმავლობაში, ამავე სამინისტროში, მინისტრის მოადგილის თანამდებოდა ეკავა.

გიორგი მარგველაშვილის მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელების შემდეგ კი, პრემიერმა ივანიშვილმა მინისტრის თანამდებობა სწორედ სანიკიძეს შესთავაზა.

სანიკიძე კარიერის გარიჟრაჟზე განათლების სფეროში არ მოღვაწობდა. მისი პირველი სამუშაო ადგილი ტრანსპორტის სამინისტროს საზღვაო დეპარტამენტი იყო. 2000-2005 წლებში, სანიკიძე მონაწილეობდა რევოლუციურ - თბილისის გამრიცხველიანებისა და ელექტრო ქსელის განვითარების პროექტში, რომელსაც ეი-ეს თელასის დაკვეთით, კომპანია Black-Veatch ახორციელებდა.

2005-09 წლებში, სანიკიძე ამერიკის ურბანული ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის ეგიდით მიმდინარე - „ადგილობრივი თვითთმართველობის განვითარების პროექტში“ მუშაობდა.

2009 წლიდან - 2012 წლის ოქტომბრამდე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, ჯერ აგრარული პროექტის ფინანსური მენეჯერი, შემდეგ კი ინსტიტუტის ფინანსური დირექტორი იყო. ამ დროს GIPA-ს რექტორის თანამდებობა გიორგი მარგველაშვილს ეკავა.

თსუ-ს ინგლისური ენისა და ლიტერატურის ბაკალავრს, განათლება ასევე მიღებული აქვს GIPA-ში, გლაზგოს უნივერსიტეტსა და მართვის ამერიკულ ასოციაციაში. თამარ სანიკიძე ამბობს, რომ ახალი მინისტრის პოლიტიკის ქვაკუთხედი უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფცია იქნება.

„ეს კონცეფცია და მისი ძირითადი პრინციპები არის ამოსავალი იმ რეფორმისა, რომელზეც ჩვენ დავაფუძნეთ მომავალში გადასადგმელი ნაბიჯები. ის მიმართულებები, წარჩინებულთა კლასტერი, ტენუარის სისტემა, რომლებზეც ჩვენ ბოლო დროს ამდენს ვსაუბრობთ, ნამდვილად საჭიროებს განხორციელებას.

რაღაც ნაბიჯები უკვე გადაიდგა, ეს არ არის სისტემური ნაბიჯები, მაგრამ არის ის ნაბიჯები, რომელიც წინ უნდა უძღოდეს სისტემურ ცვლილებებს. ამ დროისთვის, ყველანაირი მზადყოფნა არის რომ უკვე შედეგებზე ორიენტირებული ახალი ნაბიჯები გადავდგათ.“

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფცია განათლებისა და მეცნიერების რეფორმის სახელმწიფო კომისიამ შეიმუშა. ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტეზე, ცნობილი ქართველი მეცნიერები მუშაობდნენ.

მათ შორის: შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, პროფესრი ზაალ კოკაია; თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის დეკანი, პროფესორი ვაჟა ბერეჟიანი; ქართველი ანთროპოლოგი და არქეოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი და თსუ-ს პროფესორი დავით ლორთქიფანიძე და თეორიულ ფიზიკაში ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი გია დვალი.

ავტორთა აზრით, საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის კონცეფცია სამ ამოსავალ პრინციპზე უნდა იყოს დაფუძნებული: აკადემიური თავისუფლება, აკადემიური მიუკერძოებლობა და აკადემიური ხარისხი. ეს პრინციპები, თავის მხრივ, ეფუძნება ეგრეთ წოდებული ტენუარის (tenure) სისტემას და ჰარნაკის პრინციპს (Harnack principle), რომლებიც ავტორთა აზრით, სიახლეა საქართველოს საგანამანათლებლო სივრცეში.

სასკოლო სისტემის რეფორმის კონცეფციის საფუძველი კი, ავტორთა აზრით, არის უწყვეტობის პრინციპი, ანუ სასკოლო განათლების სრულ შესაბამისობაში მოყვანა საუნივერსიტეტო მოთხოვნებთან.

„სკოლამ სრულყოფილად უნდა მოამზადოს მოსწავლე უნივერსიტეტისთვის ისე, რომ სკოლის გამოსაშვები და უნივერსიტეტში მისაღები ცოდნის დონეებს შორის არ რჩებოდეს სიცარიელე, რომლის შევსებაც გარეშე რგოლის - რეპეტიტორის ან ტუტორის - ხარჯზე მოხდება„ - წერია კონცეფციაში.

მეცნიერთა აზრით, ამ უწყვეტობის მისაღწევად უნდა მოხდეს სკოლების მინიმალური დონის სტანდარტიზაცია, რაც გულისხმობს, რომ არც ერთი სკოლა არ უნდა დაეშვას მოსწავლეთათვის მიცემული ცოდნის მინიმალური სტანდარტის ქვემოთ.

ამავე დროს, კონფეფციის ავტორები აღნიშნავენ , რომ ტენუარის სისტემაზე გადასვლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. „აუცილებელი პირობაა, რომ გადასვლა მოხდეს უმტკივნეულოდ და შოკური თერაპიის გარეშე.

ახალ სისტემაზე გადასვლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს არსებული მეცნიერ-პედაგოგების აკადემიური კარიერის რისკის ფასად. პირიქით, ახალმა სისტემამ სტაბილურობა უნდა მოუტანოს ყველას“ - წერია დოკუმენტში. განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ამბობს:

„ეს კონცეფცია რაღაც დონეზე ასევე შეიძლება მოდიფიცირებული იყოს იმ რეალობის გათვალისწინებით რაც საქართველოშია. სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ წავალთ რაღაც მოდელების პირდაპირი გადმოღების გზით მივიღებთ ძალიან არასასურველ სურათს. აუცილებელია ვნახოთ რა არის რეალობა, როგორ შეიძლება კონცეფცია მიესაგადოს დღევანდელ მდგომარეობას და ასე დავგეგმოთ ყველა ეს რეფორმა.“

თამარ სანიკიძე პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის კაბინეტში, რომელიც 2012 წლის შემოდგომიდან მართავს ქვეყანას, მეორე ახალი სახეა. განათლების მინისტრამდე ახალ მთავრობაში სოფლის მეურნეობის მინისტრიც შეიცვალა.

მაისში სოფლის მეორნეობის უკვე ყოფილი მინისტრის დავით კირვალიძის გადადგომის მიზეზი - ჩეხურ ტრაქტორებთან დაკავშირებით აგორებული სკანდალი გახდა. სკანდალს სამინისტროს რამდენიმე ჩინოვნიკის დაპატიმრებაც კი მოჰყვა. ეს საქმე, ბოლომდე, ამ დრომდე გამოძიებული არ არის. სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი კი კირვალიძის მოადგილე შალვა ფიფია გახდა.

XS
SM
MD
LG