ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველი გადადგომა ივანიშვილის კაბინეტში


დავით კირვალიძემ თანამდებობას ტოვებს
დავით კირვალიძემ თანამდებობას ტოვებს

ჩეხურმა ტრაქტორებმა სოფლის მეურნეობის მინისტრი შეიწირა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:05 0:00
ბმული


ახალი მთავრობის დაკომპლექტებიდან ხუთი თვის თავზე, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა თითქმის ვაკანტურია. დავით კირვალიძემ უფლებამოსილების შეჩერება მას შემდეგ მოითხოვა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო კომპანია "მექანიზატორის" რვა მაღალი თანამდებობის პირი დააკავა.

შვიდ ბრალდებულს სასამართლომ უკვე მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა, ერთი ბრალდებული ქალი კი გირაოთი გაათავისუფლა. გამოძიება მათ სამსახურებრივ გულგრილობას, ექსპერტებზე ზეწოლას და 2 500 000 ლარის ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავება.

საქმე ეხება 2012 წლის დეკემბერში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვას. 54 000 000 ლარად, საქართველოში 160 ტრაქტორის შემოყვანას. გამოძიების ვერსიით, თავიდან სპეციალურმა კომისიამ არჩევანი- New Holland-ის მარკის ტრაქტორებზე შეაჩერა

თუმცა მოგვიანებით, კომისიის დასკვნა შეიცვალა და საბოლოოდ 10 000 ევროთი უფრო ძვირი, ჩეხური Zetor Proxima Power 120-ის ტიპის ტრაქტორები იქნა შეძენილი. აპრილში ჩეხური ტრაქტორების პრეზენტაციას თბილისში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვანცენბერგის კი დაესწრო. პროკურორი ზვიად ფხაკაძე ამბობს:

„თავიდან შეირჩა New Holland-ის მარკის ტრაქტორი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 28500 ევრო იყო. თუმცა ამის მიუხედავად, მოგვიანებით, კომისიამ გაცილებით ძვირადღირებული ტრაქტორების შეძენას აუნთო მწვანე შუქი.

დასკვნა შეიცვალა Zetor Proxima Power მარკის ტრაქტორების სასარგებლოდ. იყო ზეწოლა და ფაბრიკაცია იმ მიზნით, რომ შესყიდული ტრაქტორების უპირატესობა დადგენილიყო, შესასყიდ ტრაქტორებთან მიმართებით.“

გამოძიება ასევე ამტკიცებს, რომ ექსპერტებზე ზეწოლას თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი, სკანდალური ფიგურა სოსო ალავიძე ახდენდა, რომელიც სახელმწიფო კომპანია "მექანიზატორის" დაპატიმრებული გენერალური დირექტორის ვაჟა ნახუცრიშვილის ახლო ნათესავია.

ნახუცრიშვილს 2002 წელს უკვე ჰქონდა საქმე სამართალდამცველებთან. მაშინ იგი სახელმწიფო ხაზინის უფროსი იყო და 2 000 000 ლარის გაფლანგვაში დაადანაშაულეს. როგორც ნახუცრიშვილი, ისე ალავიძე და სხვა ბრალდებულები ბრალს კატეგორიულად უარყოფენ. სოსო ალავიძე ამბობს:

„ტრაქტორების შერჩევასთან და საერთოდ მექანიზაციასთან მე არანაირი შეხება არ მაქვს და არც მქონია არასდროს. ეს არის ვიღაცის ავადმყოფურ ფანტაზიაში დაბადებული მორიგი პასკვილი.“

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებული არ არის და არ გამორიცხავს, რომ გამოძიება ინსპირირებული იყოს კომპანია GT ჯგუფის ლობისტების მიერ, რომელიც სერიოზულად დაზარალდა იმით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ New Holland-ის მარკის ტრაქტორებს, Zetor Proxima-ს ტექნიკა ამჯობინა.

GT ჯგუფი წინა ხელისუფლების დროს, ბევრი მიმართულებით მონოპოლისტი იყო, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტის მხრივ და არაერთი მსხვილი სახელმწიფო ტენდერიც აქვს მოგებული.

GT ჯგუფში არ უარყოფენ, რომ ჰქონდათ პრეტენზიები კომისიის გადაწყვეტილების გამო და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილითაც მიმართეს.

შსს-ს ანტიკორუფციულმა ბიურომ ორჯერ დაკითხა GT ჯგუფის დირექტორი. თუმცა კომპანიაში კატეგორიულად უარყოფენ, რომ გამოძიების დაწყების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მათ მიმართეს. ადვოკატი სოსო ბარათაშვილი, რომელიც ექვსი ბრალდებულის ინტერესებს იცავს, კერძოდ ამბობს.

„ბრალის დადგენილებაში რატომღაც ჩაწერეს, რომ თითქოს აპრიორი წინასწარ პრიორიტეტი უნდა მიენიჭებინათ New Holland-ის მარკის ტრაქტორებისთვის ანუ კომპანია GT ჯგუფისთვის. რატომ მოხდა ეს ძალიან ძნელი ასახსნელია. ეჭვი გვაქვს, რომ აქ ლობირებას უნდა ჰქონდეს ადგილი.“

დავით კირვალიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას, მისი მოადგილე შალვა ფიფია ასრულებს. კირვალიძის პირველი მოადგილე, სოფლის მეურნეობის კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი დავით შერვაშიძეა, თუმცა გადაწყდა რომ სამინისტროს ამ მძიმე პერიოდში ფიფია გაუძღვება.

კირვალიძეს 2000-2004 წლებში უკვე ეკავა სოფლის მეურნეობის მინისტის თანამდებობა, თუმცა შემდეგ მის მიმართ ჰუმანიტარული ტვირთების არამიზნობრივი განაწილების გამო, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ეს საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდა, რაშიც კირვალიძემ 250 000 ლარი გადაიხადა.

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას ხასიათი გაუფუჭდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომხდარის გამო. ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ კი ბრძანა, რომ კირვალიძე დაუბრუნდება თანამდებობას თუ მის დაკავებულ თანამშრომლომლებს სასამართლო გაამართლებს. თუმცა, ამ შემთხვევაში უკვე შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანი რეპუტაცია დადგება კითხვის ქვეშ.

დავით კირვალიძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის რესპუბლიკელ ვახტანგ ხმალაძის სიძეა. მმართველი კოალიციის შიგნით, ხმალაძის ფიგურას პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატებს შორის აქტიურად განიხილავდნენ. ხმალაძის კანდიდატურას ერთი პერიოდი პრემიერი ივანიშვილიც უჭერდა მხარს.

XS
SM
MD
LG