ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა ბურებისთვის


სამხრეთ აფრიკელი ფერმერი პიტ კემპი საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა
სამხრეთ აფრიკელი ფერმერი პიტ კემპი საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა

67 წლის ბურმა პიტ კემპმა (ფოტოზე) სამხეთ აფრიკაში, მპუმალანგას პროვინციის პატარა ქალაქ ერმელოში მამაპაპისეული ფერმა თებერვალში გაყიდა და მარტიდან, ახალი ცხოვრება საქართველოში, გარდაბნის რაიონის სოფელში დაიწყო.

სართიჭალაში, ქართველ პარტნიორებთან ერთად კემპმა 700 ჰექტარი მიწა იჯარით აიღო, ოჯახიც ჩამოუვიდა და არ გამორიცხავს, რომ წარსულში პროტესტანტული ეკლესიის მრევლი მალე მართლმადიდებლურად მოინათლოს.

ბური კემპები უკვე საქართველოს მოქალაქეები არიან. მიწები აღმოსავლეთ ტრანსვაალში პიტ კემპმა სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების ანტიაპარტეიდული პოლიტიკის წყალობით დაკარგა, ამბობს, რომ უკან აღარ დაბრუნდება, დღეს სიმინდი და ხორბალი მას უკვე სართიჭალაში მოჰყავს.

კემპი პირველი გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ერთი წლის წინ დაწყებულ რევოლუციურ რეფორმას, რომელიც სოფლის მეურნეობის აღორძინების მიზნით, სამხეთ აფრიკიდან ბურების გადმოსახლებას ითვალისწინებს. პიტ კემპი იმედოვნებს, რომ მის მაგალითს კიდევ ბევრი ბური მიბაძავს, რადგან საქართველოში ბევრი საქმეა.

„ჟურნალისტები ყოველ კვირას მირეკავენ და ინტერვიუს მთხოვენ. მე რომ ჩემი ისტორიების მოყოლა დავიწყო ფერმაში საქმე გაფუჭდება. ასე რომ ყველას უარს ვეუბნები. არ ვიცი ახლა რამდენი ბურია საქართველოში. სამხრეთ აფრიკიდან ჩემთან შვიდი ბური იყო ჩამოსული ფერმების სანახავად. აქ ძალიან ბევრი საქმეა.“

კემპებთან ერთად საქართველოში გადმოსახლება და ბიზნესის დაწყება ჯერჯერობით ბურების სულ 15 ოჯახმა გადაწყვიტა. ერთ-ერთმა აფრიკელმა ფერმერმა 90 ჰექტარი მიწა ლაგოდეხის რაიონში შეიძინა, სადაც ვენახის გაშენება და მეცხოველეობის ფერმის მშენებლობა დაიწყო.

გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული სამხეთ აფრიკიდან შესაძენი მიწების სანახავად 100-ზე მეტი ფერმერი ჩამოვიდა. ბურების ბოლო დელეგაცია საქართველოს აგვისტოში სტუმრობდა.

ჯერჯერობით, არც საქართველოს მთავრობა და არც მისი პარტნიორი რევოლუციურ პროექტში, ტრანსვაალის აგრარული კავშირი (Transvaal Agricultural Union) შედეგებით კმაყოფილები არ არიან.

სიტუაციის გამოსასწორებლად გასულ კვირას დიასპორის მინისტრი უკვე მეორედ ჩავიდა სამხრეთ აფრიკაში. პაპუნა დავითაია პრეტორიაში ფერმერების ეროვნულ კონგრესს დაესწრო, ხოლო კეიპტაუნში, ერთ-ერთ უდიდეს კომპანია „ფარმსექიუიერს“ ეწვია.

„საქართველოში 15 ბურმა დაარეგისტრირა თავისი ბიზნესი და ახლა როცა ჩვენ სამხეთ აფრიკაში ვიმყოფებით, ისინი საქართველოში არიან დაკავებულნი იმით რომ ააწყონ საკუთარი ბიზნესი. ერთის მხრივ შემოდის კაპიტალი საქართველოში და მეორეს მხრივ შემოდის უახლესი ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის სფეროში.“

საქართველოს მთავრობას სამხრეთ აფრიკელი ფერმერებისთვის ბრძოლაში სერიოზულ კონკურენციას 20-მდე აფრიკული ქვეყანა უწევს, მათ შორის გამოირჩევა კონგო, სადაც წლის დასაწყისიდან საცხოვრებლად ბურების 50-მდე შეძლებული ოჯახი გადავიდა.

კონგოს ხელისუფლებამ ბურებს მრავალწლიანი არენდით 80 ათასი ჰექტარი მიწა გადასცა და ამავე დროს, სოფლის მეურნეობის კოლეჯის მართვა დაავალა. კონგოსა და აფრიკის სხვა ქვეყნებში ბურების მიგრაციით

ტრანსვაალის აგრარული კავშირის კონკურენტი ორგანიზაცია - სამხრეთ აფრიკის აგრარული კავშირია (AgriSA - South African Agricultural Industry Association) დაინტერესებული. ეს ორგანიზაცია წინააღმდეგია, რომ ბურებმა აფრიკის კონტინენტი სამუდამოდ დატოვონ. მათ მხარს უჭერს სამხრეთ აფრიკის მთავრობა, რომლისთვისაც სურსათის ექსპორტი შავ კონტინენტზე მნიშნელოვანი მიმართულებაა.

საკუთრივ საქართველოში არსებული პრობლემებიდან ბურები მოუწესრიგებენ მიწის ფონდს, გასაყიდი მიწის დიდი ფართობების არარსებობას, უცხო კულტურულ გარემოს, ქვეყნის სიშორეს და მომავალში მიწის გამო ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტის რისკს გამოყოფენ.

საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების კოორდინატორი დავით თამარაშვილი ამბობს, რომ „რევოლუციურ პროექტში“ ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული

„აღნიშნული პროექტის წარუმატებლობა თუ ჩავარდნა განაპირობა იმ გარემოებამ და პრობლემებმა, რომელიც არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში და კერძოდ, სოფლის მეურნეობაში.

ბურებმა ვერ დაინახეს საქართველოში თავიანთი პერსპექტივა. იმ კონტექსტში საკითხის დასმა კი ბური აჯობებს თუ ქართველი გლეხი, აზერბაიჯანელი უფრო კონკურენტუნარიანი იქნება და ქართველი ვერა, შეცდომა და უხერხულია, როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების მხრიდან.“

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოში დაუმუშავებელი მიწის რაოდენობა 45 პროცენტით გაიზარდა და ნაყოფიერი მიწის ფონდის 60 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს მთლიან შიგა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 45 პროცენტიდან თითქმის 10 პროცენტამდე დაეცა, რასაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტისა და ფასების კატასტროფული ზრდა მოჰყვა.

გლეხობა და ფერმერები ამ კატასტროფულ მაჩვენებლებს მთავრობის უნიათობას, ელექტროენერგიაზე, აირზე, წყალსა და საწვავზე გაზრდილ ფასებს აბრალებენ. თავის მხრივ, მთავრობა ფიქრობს, რომ ქართველი გლეხობა გაზარმაცდა, არ უნდა სწავლა და ეზარება შრომა.

შეიძლება ითქვას, უმძიმესი სიტუაციის გამოსასწორებლად, საქართველოს მთავრობა ყველა ხერხს მიმართავს, რომ გადმოსახლებაზე რაც შეიძლება მეტი ბური დაითანხმოს.

ბურების პომპეზურ მასპინძლობებში ბიუჯეტიდან უკვე ასეულობით ათასი ლარია გახარჯული; სტუმრებს პირისპირ ხვდებიან პრეზიდენტი, პირველი ლედი და მინიმუმ ოთხი-ხუთი მინისტრი;

აფრიკელების ერთ-ერთი ბოლო ვიზიტისას, თბილისის რესტორანში დიასპორის სამინისტროს თანამშრომელმა (ჯუბა მარუაშვილმა) სტუმრების საპატივცემულოდ ბურების ჰიმნი De La Rey-იც კი იმღერა.

გუშინ კი, სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნებულმა დიასპორის მინისტრმა რაგბში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს სამხრეთ აფრიკა - უელსი, უკვე „ქართველ“ ბურებთან ერთად უყურა. დამსწრე საზოგადოების გასახარად თამაში აფრიკელებმა მოიგეს.

XS
SM
MD
LG