ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ შეებრძოლება ახალი მინისტრი პრობლემებს?


განათლების ახალი მინისტრი სანდრო ჯეჯელავა

„მიირთვი გომბეშო“ - სანდრო ჯეჯელავას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლექციაა, მაშინ ის „მართვის აკადემის“ პარტნიორი და ტრენერი იყო, უკვე ერთი კვირაა რაც განათლების მინისტრია.

„გომბეშოს“ ახალი მინისტრი, პირობითად, რთულ პრობლემას ეძახის. პრობლემას, რომელიც ვიცით, რომ აუცილებლად უნდა გადავჭრათ, მაგრამ მიზეზთა გამო, თავი ვერ მოვაბით, საქმე ერთხელ, დღის ბოლომდე გადავდეთ, შემდეგ - თვის, ბოლოს - წელიწადი ისე გავიდა, „გომბეშო“ უკვე „გოლიათად იქცა“, იმხელა გაიბერა, საცაა აქეთ „გადაგყლაპავს“.

ასე „გადაყლაპეს“„გომბეშოებმა“ 37 წლის თამარ სანიკიძეც, განათლების უკვე ყოფილი მინისტრი, რომელმაც ამ რთულ უწყებაში არასრული სამი წელი გაძლო. სწორედ სანიკიძის ნაცვლად მიავლინა განათლების სფეროში, პრემიერმა კვირიკაშვილმა 43 წლის სანდრო ჯეჯელავა. ახალი მინისტრი, როგორც მის ცნობილ ლექციაშია, ახალ პოლიტიკას „გაგომბეშოვებული" პრობლემების

"შეახრამუნეთ გომბეშო-პრობლემა, დააყოლეთ ყავა და განაგრძეთ მუშაობა"
სანდრო ჯეჯელავა, განათლების მინისტრი

გამოვლენით იწყებს.

„გომბეშოს“ რომ დაათრევ დღიდან დღემდე და კვირიდან კვირამდე , რა მოსდის? უფრო „გომბეშოვდება“! ანუ, რთულდება პრობლემა! ჩვენ გვაქვს ჩვევა რომ „გომბეშოები“ გადავდოთ. სინამდვილეში კი გვეუბნებიან, რომ მოიშორეთ პირველ რიგში! ჩამოწერეთ საქმეების სია ყოველდღე, აირჩიეთ „გომბეშო-პრობლემა“, შეახრამუნეთ "გომბეშო", დააყოლეთ ყავა და დაიწყეთ მუშაობა.“

„გომბეოშოები“, რომლებსაც მინისტრი ჯეჯელავა უნდა შეებრძოლოს, დღეს განათლების სისტემის ყველა (სკოლამდელი, სასკოლო, საუნივერსიტეტო) საფეხურზე არიან გაბატონებულნი.

1. ქვეყანაში სკოლამდელი საბავშვო ბაღების კატასტროფული დეფიციტია, ამის გამო, უკვე არსებული დაწესებულებები გადაჭედილია აღსაზრდელებით. მაგალითისთვის, თუ ერთი ბაღის, ერთ ჯგუფში 59 ან მეტი ბავშვია, (ასეთი შემთხვევები კი ბევრია - ზ.წ) იქ, განათლების ექსპერტების თქმით, შეუძლებელია პედაგოგმა აღსაზრდელს შესაბამისი ცოდნა გადასცეს, მის ნორმალურ კვებაზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე იზრუნოს.

ცალკე პრობლემაა სახელმწიფო ბაღებს მიღმა დარჩენილი ბავშვები, რომლებმაც რეგისტრაციის გავლა ვერ მოასწრეს. მათი მშობლები იძულებულები არიან, შვილები „სახლში გამოკეტონ“ ან ძვირადღირებულ კერძო ბაღები ეძებონ, სადაც ხშირ შემთხვევაში, ერთი აღმზრდელი, მასწავლებელიც არის, ექიმიც, ფსიქოლოგიც და დამლაგებელიც.

2. კიდევ უფრო დიდი „გომბეშო“ აზის სასკოლო განათლებას. მოსწავლეების უმრავლესობისთვის თანამედროვე სკოლა აბსოლუტურად უინტერესო გახდა, როგორც სასკოლო პროგრამის, ისე მასწავლებლებთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

აქაც პრობლემათა ჯაჭვია: დაბალი ხელფასისა და ნეპოტიზმის გამო, ახალგაზრდა პროფესიონალებს, მასწავლებლის პროფესიისკენ გული არ მიუწევთ. სასკოლო განათლების სისტემაში 70 პროცენტზე მეტი ისევ ძველი „საბჭოთა“ კადრია..

კომპეტენციის მინიმალური ზღვარი მასწავლებელთა მხოლოდ 17 პროცენტმა გადალახა

სახელწიფო მართალია ყოველწლიურად ხარჯავს ფულს, მათ გადამზადებაზე, თუმცა, შედეგები რბილად რომ ვთქვათ არასახარბიელოა. 2016 წელს, 6477 მასწავლებლიდან კომპეტენციის მინიმალური ზღვარი მხოლოდ 17%-მა გადალახა. მასწავლებლის (და ნაწილობრივ ოჯახის) ფაქტორი ავტომატურად აისახება მოსწავლეების განათლების დონეზე. შედეგად კი რეპეტიტორების და უძვირესი კერძო სკოლების ბიზნესი ყვავის.

ნათია ანდღულაძე, PIRLS-ის (International Reading Literacy Study) წიგნიერების საერთაშორისო კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ საქართველოში, 9-10 წლის მოსწავლეები წაკითხულის გააზრების უნარით, თავიანთ უცხოელ თანატოლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.

საქართელოში ერთ-ერთი მოსწავლე ინტერვიუერის პასუხი
საქართელოში ერთ-ერთი მოსწავლე ინტერვიუერის პასუხი

PIRLS-ის ახალი კვლევა 2017 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება და სპეციალისტები კიდევ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

"მოსწავლეების 60 პროცენტს არ აქვს კომპეტენცია გააგრძელონ სწავლა უმაღლესში ან დააკმაყოფილონ შრომის ბაზრის მოთხოვნები"
ნათია ანდღულაძე, PIRLS-ის მკვლევარი

„მოსწავლეების დიდ ნაწილს, 60 პროცენტს არ აქვთ საკმარისი კომპეტენცია, კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში, იმისთის რომ მომავალში გააგრძელონ სწავლა უმაღლესში ან შრომის ბაზრის მინიმალური მოთხოვნები დააკმაყოფილონ.“

განათლების ახალმა მინისტრმა თავისი პირველი ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისვლით დაიწყო, სადაც ბოლო წლებია, ნორმალური სასწავლო პროცესის გარდა, თითქმის ყველაფერი ხდება: პოლიტიკური და პოლიციური ზეწოლა, ჯგუფური ძველბიჭური გარჩევები სტუდენტებს შორის, ბრძოლა თანამდებობებისა და პრივილეგიებისათვის, აუდიტორიების დაკავება და რექტორისთვის კარის აჭედვა, ლექტორებისა და სტუდენტების „შიმშილობები“და სხვა. დღეს კი მინისტრი რვა უმაღლესი სასწავლებლის თვითმმართველობებს შეხვდა.

სტუდენტებმა სანდრო ჯეჯელავას უკვე მოსთხოვეს, გაბატონებული „გომბეშოების“ მოშორება ე.წ „გარეშე რეფერირების“ გზით, რაც უნივერსიტეტებში ძველი „საბჭოთა“ პროფესურის, საერთაშორისო კონკურსის გზით შეცვლას გულისხმობს.

შეხვედრა თსუ-ში
შეხვედრა თსუ-ში

ასევე თვითმმართველობების რეფორმირება, რომლის მეშვეობითაც, სტუდენტების აზრით, სახელმწიფო უშიშროების სამსახური, უმაღლესს სასწავლებლებში პროცესებს „პოლიტიკური სიმპათია-ანთიპათიის“ ნიშნით მართავს. სტუდენტები ასევე კატეგორიულად ითხოვენ, რომ სწავლის ხარისხი სწავლის გადასახადის შესაბამისი იყოს. სანდრო ჯეჯელავას აზრით, ქართულ განათლების სისტემას მეტი დინამიურობა სჭირდება

"როგორ უნდა ასწავლო, როცა არ იცი ადამიანებს რა დასჭირდებათ მომავალში?"

„დღეს განათლების სისტემა დიდი დილემის წინაშეა, როგორ უნდა ასწავლო ადამიანებს, რომლებსაც არ იცი რა დასჭირდება მომავალში? წარსულში, ეს ამოცანა იყო მარტივი, იმიტომ, რომ შედარებით ნელა გადიოდა დრო და ნელა იცვლებოდა გარემოც. რასაც ისწავლიდა მასწავლებელი, იმას ასწავლიდა ლამის მთელი ცხოვრება. დღეს იმდენად სწრაფად ვითარდება ცხოვრება, მეცნიერება, გარემო, რომ ვფიქრობ - განათლების სისტემას მეტი დინამიურობა მართებს.“

იმაზე, რომ საქართველოს საუნივერსიტეტო განათლების სისტემას „გომბეშოთა მთელი არმიააა“ შესეული, Times Higher Education-ის მიერ შედგენილი მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგიც მეტყველებს, სადაც, ერთი ქართული უმაღლესი სასწავლებელიც კი ვერ მოხდა. (შედარებისთვის მსოფლიოს 800-ს საუკეთესო უნივერსიტეტს შორის არიან: კიევის, ხარკოვის, ტარტუს, რიგის, მინსკის, პეტერბურგის, ტომსკის, ყაზანის, ურალის და მოსკოვის - ხუთი უმაღლესი სასწავლებელი - ზ. წ)

ექსპერტებისთვის, განათლების სფეროში არსებული უმძიმესი სურათი სიახლე არ არის, საქართველოში ხომ განათლებასა და მეცნიერებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP)-ის მხოლოდ 3 პროცენტი იხარჯება.

საქართველოს განათლების მინისტრები (1918-2016)

გიორგი ლასხიშვილი 1918-1919

ნოე რამიშვილი 1919-1920

გრიგოლ ლორთქიფანიძე 1920-1921

ლია ანდღულაძე 1990-1991

ელიზბარ ჯაველიძე 1991-1992

გუჩა კვარაცხელია 1992

კოტე გაბაშვილი 1992-1993

თამაზ კვაჭანტირაძე 1993-1998

ალექსანდრე კარტოზია 1998 -2004

კახა ლომაია 2004-2007

მაია მიმინოშვილი 2007-2008

გია ნოდია 2008

ნიკა გვარამია 2008-2009

დიმიტრი შაშკინი 2009 - 2012

ხატია დეკანოიძე 2012

გიორგი მარგველაშვილი 2012-2013

თამარ სანიკიძე 2013 – 2016

ალექსანდრე ჯეჯელავა 2016-დან

XS
SM
MD
LG