ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაოსი უნივერსიტეტში: „პლებსი“ „ელიტის“ წინააღმდეგ


იანა კორბეზაშვილის ფოტო
იანა კორბეზაშვილის ფოტო

უკვე მეორე კვირაა პარალიზებულია სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ), სადაც სტუდენტების ნაწილი, არაფორმალური გაერთიანება -„აუდიტორია 115“-ის სახით, პრივილეგირებულ სტუდენტებს, თვითმმართველობის გაერთიანებას უპირისპირდებიან. მხარეებს დაკავებული აქვთ აუდიტორია და რექტორის კაბინეტი, სასწავლებლის ეზოში კი პერმანენტური აქციები მიმდინარეობს.

კონფლიქტის მიზეზი მრავალფეროვანია: უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დახარჯული თანხები; პრივილეგირებულ სტუდენტთა მიერ პირადი ინტერესების ლობირება უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოებში, დეკანატში, აკადემიურ საბჭოსა და სენატში; კანცლერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის გაყვანის მცდელობა, რომელიც თსუ-ს ფინანსების განკარგვაზეა პასუხისმგებელი.

ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ ჩანერგილი აგენტების - საგანგებო დავალების ოფიცრების გაძევება, რაც უნივერსიტეტის ავტონომიას ფიქციად აქცევს. უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ პირველად აღიარა, რომ ჯავახიშვილის შტატში მინიმუმ ორი სუს-ის აგენტი მუშაობს.

სტუდენტი ანა მარია ბრეგვაძე ამბობს, რომ ადმინისტრაცია და სტუდენტური თვითმმართველობა სოლიდურ თანხებს ხარჯავს არაფრის მომცემ ღონისძიებებზე, როცა უნივერსიტეტში ელემენტარული სასწავლო ტექნიკისა და ლიტერატურის დიდი დეფიციტია:

„ეს ადამიანები არიან იმ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებიც ხარჯავენ 26400 ლარს, როგორც ეს მოხდა წინა თვეში, როცა 75 სტუდენტი წასული იყო ორ დღიან გაურკვეველ ტრენინგზე ბაკურიანში.

ეს ფული დაიხარჯა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან, იმ უნივერსიტეტის, სადაც ელემენტარული სასწავლო ტექნიკა არ არის, არ არის ქსეროქსიც კი და არის მსგავსი უამრავი წვრილმანი პრობლემა.“

სტუდენტური თვითმმართველობის ჩამოყალიბების ისტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2001 წლიდან იღებს სათავეს. მაშინაც სტუდენტების ნაწილი, ასევე პრივილეგირებულ სტუდენტურ გაერთიანებას - სტუდკავშირს დაუპირისპირდა, რომელიც რექტორატის პოლიტიკის გამტარებელი იყო და აპრილში, სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნები ჩაატარა.

უკვე 2006 წლიდან, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების წესი, უმაღლეს სასწავლებელთა მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების დებულებით განისაზღვრა. ზოგმა სტუდენტურმა ორგანიზაციამ მაშინვე გამოთქვა ეჭვი, რომ ეს გადაწყვეტილება სტუდენტური თვითმმართველობების დამოუკიდებლობას შეზღუდავდა.

ბოლო წლებში, სტუდენტური თვითმმართველობა, მართლაც ისევ სტუდკავშირს დაემსგავსა, პრივილეგირებულ სტუდენტთა გაერთიანებას, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში, ხელისუფლების და მის მიერ დანიშნული რექტორატის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო.

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ დღეს თვისობრივად განსხვავებული ვითარებაა. უნივერსიტეტს ჰყავს არჩეული რექტორი, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიას აღარ აღიარებს.

თვითმმართველობა კი აკადემიურ საბჭოსა და სენატში არსებული ლობისტებისა და რა თქმა უნდა, ხელისუფლების გარკვეული წრეების მხარდაჭერით ცდილობს, უნივერსიტეტში „თამაშის ძველი წესები“ შეინარჩუნოს. სწორედ ამის მიზეზია ის, რომ პირველად ბოლო წლების მანძილზე, სტუდენტური თვითმმართველობა რექტორის გადადგომას ითხოვს.

„სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტში ყოველთვის იყო ხელისუფლების ახალგაზრდული დანამატი. ის იყო ხელისუფლების საცეცი თსუ-ში, რომელიც თავიდან ბოლომდე, პოლიტიკურად, ბიუროკრატიულად იყო ანგაჟირებული.

დღეს არსებითად, ინსტიტუციონალურად არ არის ასე. ადრე სტუდენტურ თვითმმართველობას ჰქონდა გარანტირებული დაფინანსება უნივერსიტეტიდან. ახლა, უნივერსიტეტმა მიაღწია იმას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტური თვითმმართველობა დაფინანსებას იღებს მის მიერ დაწერილი პროექტების საფუძველზე ანუ ის სხვა სტუდენტურ გაერთიენებებთან თანაბარი კონკურენციის პირობებში იმყოფება.

თუ ბოლო მოვლენებს შევხედავთ, დავინახავათ, რომ როგორც ჩანს, სტუდენტური თვითმმართველობის წინაშე დგას პრობლემა, არაფორმალური, „უკანა კარიდან“ ლობირება საკუთარი ინტერესების, რის წინააღმდეგაც აგორდა ეს საპროტესტო ტალღაც.“

დღეისათვის, სიტუაცია სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩიხშია შესული. სახელმწიფო უარს ამბობს, უნივერსიტეტიდან უშიშროების აგენტების გამოყვანაზე. უფრო მეტიც, სახელმწიფო უშიშროების სამსახური (სუს) საერთოდ უარყოფს თსუ-ში ჩანერგილი აგენტების არსებობას.

რექტორი ლადო პაპავა, რომელიც სუს-ს და სტუდენტურ თვითმმართველობას დაუპირისპირდა, უარს ამბობს გადადგომაზე. სტუდენტური თვითმმართველობა არ ხსნის რექტორის გადადგომის საკითხს და უარს აცხადებს თვითდაშლაზე, რასაც სტუდენტების გაერთიანება „აუდიტორია 115“ მოითხოვს.

თსუ-ში თვითმმართველობის ახალი არჩევნები მხოლოდ მაისშია დაგეგმილი. ამ ფონზე, განათლების მინისტრი მხარეებს მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირებაზე დიალოგის დაწყებას სთავაზობს.

საინტერესოა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს, ამ პროცესებში კი სტუდენტების ერთი მეოთხედიც არ არის ჩართული.

XS
SM
MD
LG