ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოცდამეექვსე რექტორი


თუ რაიმე ექსტრაორდინალური არ მოხდა, დეკემბერში სანდრო კვიტაშვილს აკადემიური საბჭო რექტორად დაამტკიცებს

თუ რაიმე ექსტრაორდინალური არ მოხდა, რაც, ზოგადად, ახასიათებს პრეზიდენტ სააკაშვილის საკადრო პოლიტიკას, 2010 წლის დეკემბერში, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით ოცდამეექვსე რექტორად სანდრო კვიტაშვილს აირჩევს.

კვიტაშვილმა უკვე დატოვა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა და პირველი ქართული უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მომავალ რექტორს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულიად ახალ დონეზე აყვანა დაავალა

„ეს არის მთავარი ქართული უნივერსიტეტი, ტრადიციების თვალსაზრისით და საზოგადოების აღქმაში. წამოვიდა ახალი უნივერსიტეტები ბოლო პერიოდში და ისინიც კარგად ვითარდებიან, მაგრამ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ წამოწევა არის საშვილიშვილო საქმე“

სანდრო კვიტაშვილი
სანდრო კვიტაშვილი

სანდრო კვიტაშვილი 2008 წლის იანვრიდან მუშაობდა ჯანდაცვის მინისტრად, იგი ამ თანამდებობაზე ნიუ-იორკის აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტიდან, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის რეკომენდაციით დაინიშნა. ის, ალბათ, სააკაშვილის მთავრობის ერთადერთი მინისტრია. რომლის მოღვაწეობასაც ოპოზიცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად არ აფასებს. კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ კერძოდ თქვა

„სანდრო კვიტაშვილი ამ მთავრობაში ნამდვილად თეთრი ყვავივით იყო თავისი არაკორუმპირებულობის და არაპოლიტიზირებულობის გამო. ყველას გვახსოვს, რამდენიმე სკანდალი, როცა მან სამინიტროში აკრძალა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანია.

არის მაღალი კლასის პროფესიონალი. გქონდა ჩვენ მასთან, გარკვეული სახის სამუშაო შეხებები. სხვათაშორის, ის იყო, აგრეთვე წინააღმდეგი იმ ასი საავადმყოფოს პროგრამისა, რომელიც იყო არარეალისტური.“

უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა ვაკანტური 2010 წლის 13 აგვისტოს გახდა, როცა გია ხუბუა იძულებული გახდა გადამდგარიყო. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ნაწილი ხუბუას არაკვალიფიციურ მართვაში ადანაშაულებდა, ერთ-ერთ მათგანმა, საერთაშორისო სამართლის პროფესორმა ლევან ალექსიძემ „ამერიკის ხმას“ უთხრა

„საქმე იმაშია, რომ ხუბუას რექტორობის დროს, მე ვიტყოდი, ცუდი მენეჯმენტის შედეგად, წამოიჭრა რაღაც სერიოზული პრობლემები, როგორც საკადრო, ასევე სხვა. ატმოსფერო იყო შექმნილი მძიმე.

გია ხუბუას რამდენჯერმე მივმართე წერილით, რომ იყო რამდენიმე პიროვნება, რომელიც არ უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტში, იმდენად, რამდენადაც, არაფერი საერთო არ ჰქონდათ, არც ინტელიგენციასთან, და არც მეცნიერებასთან. სწორედ, მისმა გარემოცვამ დაღუპა კიდევაც, ბოლო მოუღო მის კარიერას უნივერსიტეტში.“

სანდრო კვიტაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი გახდება, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორი არ არის. აქამდე, ეს აუცილებელი მოთხოვა იყო, თუმცა კანონმდებლობაში შესული ცვლილებებით, რექტორის თანამდებობის დაკავება უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროფესორმა რისმაგ გორდეზიანმა ამასთან დაკავშირებით გვითხრა

„უნივერსიტეტის ბევრი რექტორი იყო გარედან მოყვანილი, რას ნიშნავს გარედან, "გარედან" - ცნება არის ძალიან პირობითი. ისეთი ფიგურაც კი, როგორიც იყო ილია ვეკუა, საიდან იქნა მოყვანილი?! ნოვოსიბირსკიდან გადმოყვანილი, ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის რექტორი იყო.

მაგრამ, ის, მანამდე უნივერსიტეტში იყო რასაკვირველია. ასევე, ეს რექტორიც უნივერსიტეტის გაზრდილია. მე პირადად, იმაში, რომ გარედან შეიძლება ადამიანი მოვიდეს, ცუდს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, გააჩნია ვინ მოდის.“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კვიტაშვილმა, რომელიც ნოემბერში 41 წლის გახდება, ევროპის და ამერიკის ისტორიის სპეციალობით დაამთავრა. აქვს ნიუ იორკის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის მასტერის ხარისხი.

მართლმადიდებლურ საზოგადოებაში რამდენჯერმე გაამახვილეს ყურადღება იმაზე, რომ ორი წლის მანძილზე, კვიტაშვილი გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის დახმარების კომიტეტის საქართველოს მისიას ხელმძღვანელობდა.

მომავალი რექტორი ცნობილი ისტორიკოსის შოთა მესხიას შვილიშვილი და თერაპიის ინსტიტუტის ამჟამინდელი დირექტორის მერაბ კვიტაშვილის შვილია, მისი მეუღლე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნოე ჟორდანიას შვილიშვილი ნიკოლ ჟორდანიაა. თავად სანდრო კვიტაშვილმა აღნიშნა, რომ ამბიციური გეგმებით მოდის

„ჩემთვის უნივერსიტეტი არის ძალიან ახლობელი დაწესებულება, რომელიც მინდა, რომ იყოს საუკეთესო, არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაში და მსოფლიოში. ეს ამბიციური გეგმებია. შემდეგი, რამდენიმე თვე იქნება მზადება იმისთვის, რომ სწავლა დაიწყოს და ჩატარდეს ყველაფერი ნორმალურად. და, მოვემზადოთ, რექტორის არჩევნებისთვის, რომელიც წლის ბოლოს დაინიშნა.“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც 1918 წლის 26 იანვარს, პატრიარქ კირიონ მეორის კურთხევით გაიხსნა, დღემდე ოცდახუთი რექტორი ხელმძვანელობდა.

პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი იყო, მეორე - ივანე ჯავახიშვილი, რომლის სახელიც 1988 წელს ეწოდა კიდეც უნივერსიტეტს.

უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა რექტორი ბოლშევიკი კარლო ორაგველიძე იყო, ის ამ თანამდებობაზე 33 წლის ასაკში მოხვდა და საზოგადოებას თავი ივანე ჯავახიშვილზე თავდასხმებით დაამახსოვრა. ორაგველიძე 1937 წელს დახვრიტეს.

1937-38 წლებში უნივერსიტეტის კიდევ ხუთი ყოფილი რექტორი დაიხვრიტა. ყველაზე დიდ ხანს, უნივერსიტეტს როინ მეტრეველი მართავდა - 13 წელი. მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტების, შემდეგ კი უნივერსიტეტი უკვე მესამე რექტორს იცვლის , რიგით 26-ე რექტორი სანდრო კვიტაშვილი, ოფიციალურად, წლის ბოლოს უნდა გახდეს.

XS
SM
MD
LG