ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეაქცია ევროპის სახალხო პარტიის წერილზე


მთავრობა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან აღებულ კურსს გააგრძელებს

”ევროპის სახალხო პარტიამ” საქართველოს შესახებ დეკლარაცია გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ საქართველოს ახალი მთავრობის ქმედებებმა საქართველოს პოზიტიური იმიჯი დააზიანა:

”ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში და ხაზს უსვამს იმ მიღწევებს, რომლებიც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა კანონის უზენაესობის, დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და საჭირო რეფორმების ჩატარების კუთხით. პარტია იმედს გამოთქვამს, რომ 2013 წლის ვილნიუსის სამიტზე საქართველო წარმატებას მიაღწევს, მაგრამ აქვე აცხადებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა მთავრობამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან კანონის უზენაესობის, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის საკითხებში, რამაც საქართველოს პოზიტიური იმიჯი დააზიანა.”

ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა საფრთხის ქვეშაა, სანამ ეს პირობები არ არის შესრულებული.

ევროპის სახალხო პარტიის დეკლარაციათან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

”ეს არის ერთი კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული შეხედულება, რომელიც არ არის ევროპის ზოგადი შეხედულება საქართველოზე. საქართველო ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობს, ის არის გადამწყვეტ ეტაპზე, ძალიან მალე უნდა დასრულდეს მუშაობა ტექსტზე. აქედან გამომდინარე მე ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, რომ მას რაიმემ ხელი შეუშალოს.რაც შეეხება მათ მიერ მოვლენების ასეთ შეფასებას, ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები, როგორც ჩანს, რეზოლუციის ხელმომწერებს ჯერ არ ჰქონდათ წაკითხული ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომელშიც სწორედ იმას განმარტავს პრემიერი, თუ რა იყო საქართველოში და რა შეიცვალა.”

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური პრემიერის პასუხთან დაკავშირებით აცხადებს:

”ეს არის ნამდვილად არაადეკვატურობის მწვერვალი. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ ის მასშტაბური კრიტიკა, რომელიც მოდის ევროპული საზოგადოების მხრიდან, მნიშვნელოვანი, ავტორიტეტული ევროპული ორგანიზაციების მხრიდან დაუკავშიროს მხოლოდ და მხოლოდ ”სახალხო პარტიას” და ამით თითქოს მისი მნიშვნელობა შეამციროს. მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს კრიტიკა მოდის არა მხოლოდ ”სახალხო პარტიიდან”, არამედ ევროპარლამენტის სხვა ფრაქციების წარმომადგენელთა მხრიდან, ნატოს გენერალური ასამბლეის მხრიდან.”

შეგახსენებთ, პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ”ევროპის სახალხო პარტიას” წერილით მიმართა, სადაც ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს არსებულ პრობლემებზე და ახალი მთავრობის ახალ მიდგომებზე საუბრობდა.
”კონსერვატიული პარტიის” წევრის ბიძინა გიორგობიანის თქმით ევროპარლამენტის რეკომენდაციები ჩვეულებრივი პრაქტიკაა, მაგრამ არა როგორც ერთი რომელიმე პარტიის პოზიცია:

”ასე არ გამოვა, ცხრა პარტიაა ევროპარლამენტში, ყველამ რომ სხვადასხვა რეკომენდაციები შემოგვთავაზოს, ვერ შევასრულებთ ცხრასვე. აქედან გამომდინარე ეს არ ჟღერს სერიოზულად, ჩემი აზრით. ”ნაციონალური მოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი და მისადმი დაქვემდებარებული მედია საშუალებები ამას წარმოაჩენენ როგორც რაღაც დიდ გამარჯვებას.”

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით მთავრობა მზად არის კრიტიკისთვის, მაგრამ კრიტიკა უნდა იყოს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული:

”არჩევნების შემდგომ პერიოდში ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები არის მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალეობის გაზრდისკენ, მხოლოდ და მხოლოდ რეალური დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისკენ. ამ პროცესში ჩვენ მზად ვართ რეკომენდაციებისთვის, კრიტიკისთვის, შენიშვნებისთვის, ოღონდ კრიტიკა უნდა იყოს რეალურ ფაქტებზე, რეალურ ვითარებაზე დაფუძნებული.”

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკანიანის განცხადებით, საქართველო არჩევნების დღიდან აღებული კურსის განხორციელებას გააგრძელებს:

”ჩვენი გეგმებია გავაგრძელოთ ის კურსი, რომელიც აღებული გვაქვს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. გავატოროთ რეფორმები ყველა მიმართულებით, ჩვენ საზოგადოებას უნდა დავანახოთ ქვეყნის შიგნით, რომ ხელისუფლება მოწადინებულია ქვეყანაში შექმნას მიმზიდველი ინვესტგარემო უცხოელებისთვის, შექმნას სამუშაო ადგილები, შექმნას რაც შეიძლება კარგი გარემო ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, იყოს აბსოლუტურად ტრანსფარენტული, გამჭვირვალე, გვქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა სამოქალაქო სექტორთან და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ სვლას ჩვენი საგარეო პრიორიტეტების მიმართულებით. ეს არის ურყევი კურსი, სადაც გაწერილია ყველა საგარეო პრიორიტეტი - ევროინტეგრაცია, აშშ-თან ურთიერთობა, სტრატეგიული პარტნიორობა, მეზობლებთან ურთიერთობის გაღრმავება.

"მომავალ კვირას მე მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც ჩვენ შევდივართ დასკვნით ფაზაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. იცით ალბათ, რომ ვილნიუსის სამიტი 2013 წლის ნოემბერში ჩატარდება, სადაც უნდა მოხდეს ამ ხელშეკრულების პარაფირება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება და საქართველო გადავა ევროკავშირთან თვისობრივად ახალ ეტაპზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ითვალისწინებს."
XS
SM
MD
LG