ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი უსუფაშვილს ინტერესით ელოდა


საჯარო შეხვედრაზე მის მოსასმენად 50-ზე მეტი ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოიყარა თავი

ვაშინგტონში გამართული საჯარო შეხვედრები ახალი მთავრობის წარმომადგენლებისთვის ერთგვარ ტრადიციად იქცა. გამონაკლისი არც დავით უსუფაშვილი გახლდათ, რომლის მოსასმენად განაცხადი 50-ზე მეტი ორგანიზაციის წარმომადგენელმა შეიტანა. შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კარნეგის მშვიდობის ფონდმა უმასპინძლა.

შეხვედრა რუსეთის და ევრაზიის პროგრამების უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, საქართველოს საკითხებში ერთ-ერთმა ცობილმა ექსპერტმა, ტომ დე ვაალმა გახსნა. დავით უსუფაშვილმა საუბარი საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებით დაიწყო და დამსწრე საზოგადოებას პარლამენტის მიერ 7 მარტს მიღებულ რეზოლუციაზე მოუთხრო, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიერ არაერთხელ განცხადებულ ერთგულებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კურსისადმი.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

“ჩვენ ვერ ვიქნებით ვერცერთი სახის კავშირში, სამხედრო იქნება ეს, თუ პოლიტიკური, ისეთ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. ქართველი ხალხის ეს გადაწყვეტილება ჩვენს გამარჯვებაში და ახალი ხელისუფლებისადმი გამოცხადებულ ნდობაშიც გამოიხატება. ამავე დროს, ჩვენი მთავრობის ინიციატივაა გამოინახოს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მართალია, ვიწრო, მაგრამ მაინც - გზები. საუბარია სავაჭრო, სპორტული და კულტურული კავშირების აღდგენაზე“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

“ეს მიმართულებები საარჩევნო კამპანიის დროსაც არაერთხელ გაისმა და მათ დასავლეთის საზოგადოება გულმხურვალედ მიესალმება. მიხარია, რომ პროცესები თანმიმდევრულად გრძელდება და ვითარდება. პირადად ჩემთვის ეს არ არის ახალი ამბავი“ - აღნიშნავს ცნობილი დიპლომატი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, რიჩარდ მაილსი.

დავით უსუფაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში არსებულ მდგომარეობაზე და ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, კერძოდ, უმუშევრობის და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის მაღალ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე. მან დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნო ახალი მთავრობის მიერ წინ წამოწეული პრიორიტეტები სოფლის მეურნეობის აღორძინების, ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესების, მშრომელთა უფლებების დაცვის, საარჩევნო კანონის დახვეწის და მართვის დეცენტრალიზების აუცილებლობის შესახებ.

მოხსენების დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს წინსვლა დემოკრატიის განვითარების მხრივ სახეზეა. უმრავლესობა აღარ არის ერთპარტიული, როგორც ადრე. კოალიციაში 6 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პარტია ერთიანდება. ამასთან ერთად, ოპოზიციაც არასოდეს ყოფილა წარმომადგენლობით, თუ თვისობრივად ასეთი ძლიერი და პოლიტიკურად მოტივირებული, რაც მთავრობის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების საუკეთესო გარანტიაა.

ჯეიმს კოლინზი, კარნეგის ფონდის რუსეთის და ევრაზიის პროგრამების დირექტორი, აღნიშნავს, რომ საქართველოს განვითარების სწორი კურსი აქვს აღებული: „სახეზეა წარმომადგენლობითი, დახვეწილი და პასუხისმგებლობით სავსე საპარლამენტო მთავრობის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯები. ეს სწორი მიმართულებით განვითარების ნიშანია. წინ უამრავი სირთულე და გამოწვევაა, რომლებზეც დღეს ვისაუბრეთ. მხოლოდ ერთს ვისურვებდი, რომ საქართველოს მთავრობამ გააგრძელოს საერთო ინტერესების მოძებნის და კონსოლიდაციის კურსი, რომელიც დღევანდელ გამოსვლაში აშკარად აიგრძნობოდა“.

შეხვედრის დასასრულს დავით უსუფაშვილმა კარნეგის ფონდის საკონფერენციო დარბაზში მოსული სტუმრების მრავალ კითხვას უპასუხა და საზოგადოების უსაზღვრო ინტერესის დაკმაყოფილებას თითქმის ერთი საათის მანძილზე ცდილობდა. თუმცა, დატვირთული გრაფიკის გამო ყველა მათგანს ვერ უპასუხა და კონგრესმენებთან შეხვედრებზე გაეშურა.

როგორც ლარა ლინდერმანმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის მოადგილემ შენიშნა, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის და პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის უკანასკნელი ვიზიტები შეერთებულ შტატებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „მათ გაგვაცნეს საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკის მთავარი მიმართულებები და კონკრეტული გეგმები, რაც აუცილებელი იყო და მოხარული ვარ, რომ ეს ვიზიტები შედგა. მათ ძალზე გარკვევით და გამოკვეთილად მოგვითხრეს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე. ვისურვებდი, რომ ისეთივე წარმატებით გააგრძელონ რეფორმების დაგეგმვა და გატარება, როგორც დაიწყეს“ - აღნიშნა ატლანტიკური საბჭოს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა.

შეხვედრას ქართული დიასპორის წევრებთან ერთად ადგილობრივი უნივერსიტეტების და ინსტიტუტების აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მედიის და დიპლომატიური კორპუსის წევრები, სამთავრობო უწყებების და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო: სახელმწიფო დეპარტამენტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, ეუთო, ევრაზიის ფონდი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭო, USAID - შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ატლანტიკური საბჭო, გამოძიებათა ფედერალური ბიურო, მსოფლიო ბანკი, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი და მრავალი სხვა.

შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი ამერიკის სენატის და წარმომადგენელთა პალატის ლიდერებს შეხვდა და მათ საქართველოს ახალი მთავრობის კურსის და მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის და რამდენიმე სხვა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელების გარდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრები დედაქალაქის აკადემიურ წრეებთან და მედიის წარმომადგენლებთანაც გამართა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, მისი ვიზიტის მთავარი ამოცანა შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების და სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებათა განმტკიცება და გაძლიერება გახლდათ.
XS
SM
MD
LG