ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეა წულუკიანი კარნეგის ფონდში


„ძალიან, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ყველაზე და ყველანი მოხიბლული დავრჩით მისი პროფესიონალიზმით“ - ტომ დე ვაალი

ვაშინგტონში თეა წულუკიანის სამდღიანი ვიზიტი ძალიან დატვირთული იყო. ის შეხვდა ატლანტიკური საბჭოს და იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს; სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს; დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტებს. ასევე გაიმართა საუბრები შეერთებული შტატების კონგრესში, საერთაშორისო დახმარების სააგენტოში, “ფრიდომ ჰაუსში” და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან. ვაშინგტონში ვიზიტის ერთ-ერთი ბოლო აკორდი 22 თებერვალს საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობა იყო, რომელიც კარნეგის მშვიდობის საერთაშორისო ფონდში გაიმართა.

შეხვედრაზე თეა წულუკიანმა უმთავრესი ყურადღება მის დაქვემდებარებაში მყოფ სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა, თუმცა არაერთხელ გაუსვა ხაზი ზოგადად საქართველოს ახალი ხელისუფლების დასავლური კურსის და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირების ინტერესებისადმი ერთგულებას. მის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება სასამართლო რეფორმას დაეთმო.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

“ჩემი მთავარი მიზანი სასამართლოში დაცვის მხარის გაძლიერებაა. ჩვენს ხელისუფლებაში მოსვლამდე პროკურორს არათუ დაცვაზე, არამედ მოსამართლეზე მეტი ძალაუფლება გააჩნდა... სწორედ ამიტომ ჩვენ პარლამენტს დასამტკიცებლად გადავეცით შესწორება კანონში, რომელიც მოსამართლის წინაშე პროკურორს და დაცვას თანაბარ პოზიციაში აყენებს. და როდესაც პატიმრობაში მყოფი წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები სასამართლო პროცესზე მოვლენ, მე მინდა, რომ მათ ძლიერი დაცვა ჰყავდეთ, ბევრად ძლიერი, ვიდრე საკუთარი მმართველობის დროს“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და დასძინა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოში იყო ხელისუფლებისგან სრული დაუცველობა. სახელმწიფო ყოველთვის მართალი იყო, ბრალდებული კი ყოველთვის მტყუანი, აღნიშნა მან.

პროფესორ კორი უელტის აზრით, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის რუსეთის და ევრაზიის კვლევათა ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, ის რეფორმები, რომელზეც თეა წულუკიანმა ისაუბრა, ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება და დამაჯერებლად ჟღერს. აშკარაა, რომ მართლმსაჯულების სიტემაში სერიოზული ცვლილებები ხორციელდება, ამბობს ის. თუმცა, კითხვები გვრჩება რეფორმების დანერგვის პროცედურასთან დაკავშირებით და ასევე გვაინტერესებს, თუ როგორ წარიმართება მაღალი პროფილის თანამდებობის პირთა სასამართლო პროცესები, აღნიშნავს პროფესორი უელტი.

სასამართლო პროცესების მაქსიმალური გამჭვირვალობის მისაღწევად, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პროცესებზე დაშვებული არიან ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის „ოდირის“ (ODIHR) დამკვირვებლები. ამასთან ერთად, პარლამენტმა დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა სასამართლოში მედიის დაშვების შესახებ. ამიერიდან ყველა პროცესის ვიდეოჩანაწერი იარსებებს და ამასთან დაკავშირებით გაუგებრობებს ადგილი აღარ ექნება, აცხადებს მინისტრი.

“მე მათ ავუხსენი ყველას და ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამან, თუ როგორ დავაბრუნეთ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ სასამართლო დარბაზიდან გაძევებული მედია სასამართლოში, იმისთვის რომ ქართულმა საზოგადოებამ და გარე სამყარომ თავისი თვალით ნახოს, რა მტკიცებულებები ექნება პროკურატურას, რა მტკიცებულებები ექნება დაცვის მხარეს და რას გადაწყვეტს სასამართლო” - აღნიშნავს თეა წულუკიანი.

შეხვედრა მიჰყავდა კარნეგის მშვიდობის ფონდის რუსეთის და ევრაზიის პროგრამების უფროს მეცნიერ-თანამშრომელს ტომ დე ვაალს. ის საქართველოს საკითხებში ერთ-ერთ კომპეტენტურ ექსპერტად ითვლება. ტომ დე ვაალი აღნიშნავს, რომ ყველა, ვინც თეა წულუკიანს შეხვდა, მისი პროფესიონალიზმით მოხიბლული დარჩა.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩემთვის იყო მისი ფრაზა: აქ უფრო ადრე უნდა ჩამოვსულიყავი. მან იგულისხმა ის ცრუ და არასწორი აზრი, რაც ვაშინგტონს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩამოუყალიბდა. ძალიან კარგი, პროფესიონალი იურისტი გყავთ იუსტიციის მინისტრად, გამორჩეულად ინფორმირებული და სკურპულოზული. ამასთან, მას ადამიანის უფლებების დაცვის დიდი გამოცდილება აქვს. ყველა ის რეფორმა, რომელზეც მან ისაუბრა, უმნიშვნელოვანესია. ძალიან, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ყველაზე და ყველანი მოხიბლული დავრჩით მისი პროფესიონალიზმით“ - ამბობს ტომ დე ვაალი.

შეხვედრისადმი ინტერესი მოსალოდნელზე მაღალი გამოდგა. აუდიტორიაში იყვნენ როგორც შეერთებული შტატების სამთავრობო უწყებების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ექსპერტები რამდენიმე უნივერსიტეტიდან და კვლევითი ინსტიტუტიდან. მინისტრთან დაგეგმილმა კითხვა-პასუხისთვის გამოყოფილმა დრომ ერთ საათს გადააჭარბა.
XS
SM
MD
LG